ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე [2024] წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე: „დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე [2024] წლის ბოლომდე. ეს არის მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება.“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის დაპირება არ შესრულდა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის კმ 85 - კმ 110 ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა არაერთი ხელშეკრულება გააფორმა. სახელშეკრულებო ვადები რამდენჯერმე გახანგრძლივდა. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ყოველ წელს ჰპირდებოდა, რომ სამუშაოები მალე დასრულდებოდა. თუმცა არსებული მდგომარეობით, 2025 წლის 3 თებერვალს, მიმწოდებელს ობიექტი ჯერაც არ ჩაუბარებია. დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. 35 კმ-იან მონაკვეთზე უკვე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი და გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე, ასევე, კურორტ ბეშუმის გადასახვევამდე მისვლა შესაძლებელია რეაბილიტირებული გზით, ხოლო გზის დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება.
ამდენად, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის „მკაფიო“ განაცხადი და დაპირება, რომ 2024 წლის ბოლომდე სამუშაოები დასრულდებოდა, არ შესრულდა.

ანალიზი:

2024 წლის აგვისტოში აჭარაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე განაცხადა: „დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე [2024] წლის ბოლომდე. ეს არის მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება.“

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, შესრულდა, თუ - არა აღნიშნული განცხადება. ჩვენ ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი „ფაქტ-მეტრის“ ყურადღების არეალში ჯერ კიდევ 2016 წელს მოხვდა. იმ დროიდან, საკითხს პერმანენტულად ვაშუქებთ და არაერთი კვლევა გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, სამუშაოების დასრულების შესახებ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების დაპირებებზეც, რომლებიც არ შესრულდა. ამიტომ უკვე არაერთხელ განხილულ დეტალებზე ამ კონკრეტულ სტატიაში აღარ ვისაუბრებთ. დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ ჩვენი სტატია.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, ამის შესახებ საუბარია პასუხში, რომელიც უწყებამ 2025 წლის 30 იანვარს გამოგვიგზავნა. წერილით ირკვევა, რომ სამუშაოები არ დასრულებულა. კერძოდ: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „Sinohydro Corporation Limited”-ს შორის 2020 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული Lot I ხელშეკრულება, კომპანიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის 1 თებერვალს შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდში, კომპანიას შესრულებული ჰქონდა სამუშაოების 35%, ხოლო შესრულებული სამუშაოებისთვის ანაზღაურებულმა ჯამურმა თანხამ 17 020 315 ლარი შეადგინა (დღგ-ის ჩათვლით). ამის შემდეგ, დარჩენილი სამუშაოების შესრულების მიზნით, ხელშეკრულებები სამ კომპანიასთან გაფორმდა. ესენია: შპს „New Road“ (NAT220020472); შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი” (NAT240005975); შპს „არალი“ (NAT230013384).

შპს „New Road“-თან ხელშეკრულება გაფორმებულია 2022 წლის 9 დეკემბერს. კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში საავტომობილო გზებზე საგზაო სამუშაოების განხორციელების ვალდებულება აქვს. 80 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. თუმცა ბოლო ცვლილებით (სახელშეკრულებო პირობები სულ 72-ჯერ შეიცვალა), სამუშაოების ვადა 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე კომპანიისთვის ანაზღაურებულია 69 მლნ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ღირებულების 86%-ს შეადგენს.

2024 წლის მაისში ასევე 80 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „კავკასუს როუდ პროჯექტთან”. ამჯერად ხელშეკრულება ითვალისწინებს სამუშაოების ჩატარებას საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში. ეს შესყიდვაც მრავალწლიანია, 2027 წლის ჩათვლით. განვმარტავთ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, გზის სავალი ნაწილის მოწყობა, ფერდობების გამაგრება, დაზიანებული კაბელებისა და მოწყობილობების აღდგენა და სხვა.

რაც შეეხება შპს „არალთან“ გაფორმებულ 15 205 000-ლარიან კონტრაქტს, ის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმისა და ხულო-გოდერძის უღელტეხილის სხვადასხვა ლოკაციებზე მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოშლილი ფერდობის აღდგენის სამუშაოებს მოიცავს. ხელშეკრულება 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა. კომპანიას სამუშაოები უნდა დაესრულებინა წერილობითი დავალების მიღებიდან ცხრა თვეში. თუმცა მხარეებმა ვადის გახანგრძლივების პრაქტიკა ამ შემთხვევაშიც გამოიყენეს და ბოლო ცვლილებით, პროექტის ჩაბარების პერიოდი გადავადდა. ამ ეტაპზე გადახდილია მთლიანი ღირებულების 52% ანუ 7 966 790 ლარი.

2024 წლის ივნისში შპს „არალთან“ კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა (NAT240008113). კომპანიას ვალდებულება ეკისრება, რომ ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზაზე სხვადასხვა სამუშაო განახორციელოს. ამისთვის დეპარტამენტი მას 50 მლნ ლარს გადაუხდის. კონტრაქტი 2026 წელსაც მოიცავს. შემსყიდველს 30 მლნ ლარი 2024 წელს უნდა აენაზღაურებინა. თუმცა მიმდინარე წლის 30 იანვარს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2024 წელს ასანაზღაურებელი თანხა ნულ ლარს შეადგენს, 2025 წელს - 40 მლნ ლარს და 2026 წელს - 10 მლნ ლარს. ავანსის სახით გადახდილია 3 მლნ ლარი.

დეპარტამენტის მიერ „ფაქტ-მეტრისთვის“ გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ, არსებული მდგომარეობით, გზაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო და გაწმენდითი სამუშაოები. ამავე წერილის თანახმად, ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად გრძელდება და საერთო ჯამში, ასფალტ-ბეტონის საფარი დაგებულია 35 კმ-იან მონაკვეთზე. გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმამდე მისვლა რეაბილიტირებული გზითაა შესაძლებელი. რეაბილიტირებული მონაკვეთი ასევე მიდის კურორტ ბეშუმის გადასახვევამდე, ხოლო გზის დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება.

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მკაფიო განაცხადი და დაპირება იმის შესახებ, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია 2024 წლის ბოლომდე დასრულდებოდა, არ შესრულდა.

შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის შემადგენელი მონაკვეთია. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას უტარდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.


Անհատներ
Իրակլի Կոբախիձե

All Articles