ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა, ექსპორტმა და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდი მოხსნა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ ცინცაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
წინასწარი ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა, რაც თუ არ ჩავთვლით 2021-2022 წლებს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე მაღალია და ამავე დროს სახელმწიფოთა უმრავლესობის ზრდის ტემპსაც აჭარბებს.
საქონლის ექსპორტი 7.8%-ით - თანხობრივად რეკორდულ მაჩვენებლამდე - 6.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 2021 წლის მაჩვენებელს 160 მლნ-ითა და 2022 წლის მაჩვენებელს 700 მლნ დოლარზე მეტით ჩამორჩება. გარდა ამისა, იმპორტის უფრო სწრაფი ზრდის ხარჯზე, პროცენტულ გამოხატულებაში გაზრდილია სავაჭრო დეფიციტიც.
საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს არ დაბრუნებია და თუნდაც 2017 წელთან შედარებით დანაკლისი 0.5 მლნ-ზე მეტია, თუმცა თუ მათში კონკრეტულად ტურისტული ტიპის ვიზიტებს გამოვყოფთ, 2019 წელთან შედარებით უმნიშვნელო - 0.2%-იანი, ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს ის ნომინალურად 35%-ითაა გაზრდილი, დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით - 10%-ით.
ვახტანგ ცინცაძის განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეს შეესაბამება. ფორმალურად სიმართლეა ექსპორტისა და ტურიზმის შესახებ მოყვანილი ინფორმაციაც, მაგრამ ერთიც და მეორეც დამატებით დაზუსტებას საჭიროებს. რიცხობრივად სწორი მონაცემებისა და კონკრეტიკის სიმცირის გათვალისწინებით, რასაც შესაძლოა არაზუსტი აღქმები გამოეწვია, „ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ვახტანგ ცინცაძემ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა: „2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, დაფიქსირდა ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი“.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი 11%-იანი ზრდა მესამე კვარტალში დაფიქსირდა, ყველაზე მცირე 8.4%-იანი მეოთხეში.
წლის განმავლობაში დაგეგმილზე მაღალი ზრდის გათვალისწინებით, მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჯერ 5.2%-დან 6%-მდე, შემდეგ 8.2%-მდე, ბოლოს კი 9%-მდე დააკორექტირა.
გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სექტორების მიხედვით, 2025 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, მხოლოდ 3 კვარტლის მონაცემებია ცნობილი. 2019 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, განათლების სექტორი 26%-ითაა გაზრდილი, ინფორმაციისა და კომუნიკაციების - 22%-ით, საფინანსო სადაზღვევო საქმიანობა - 17%-ით, მშენებლობაც აგრეთვე - 17%-ით, სოფლის მეურნეობა - 3%-ით, ჯანდაცვა - 2%-ით, ენერგეტიკა კი - 11%-ითაა შემცირებული.
მეოთხე კვარტლის შესახებ წინასწარი მონაცემები მარტში გასაჯაროვდება, მთლიანი წლის დაზუსტებული მონაცემები კი ნოემბერში. დაზუსტებული მაჩვენებელი შესაძლოა წინასწარისგან მცირედით განსხვავდებოდეს, თუმცა, როგორც წესი, ეს ზრდა დიდი არაა ხოლმე. 2023 წელს ეს ზრდა 7.5%-დან 7.8%-მდე დაკორექტირდა. მაღალი ალბათობით, 2021-2022 წლების გამოკლებით, 2024 წელი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის წელი იქნება.
ამ დროისთვის საქსტატს მშპ-ის თანხობრივი და ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მონაცემების არ გამოუქვეყნებია, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, ნომინალურმა მშპ-მ 2024 წელს 91 მლრდ ლარს (33.5 მლრდ დოლარს) მიაღწია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ შესაბამისად 24 965 ლარი და 9030 დოლარი.
ვახტანგ ცინცაძემ ექსპორტსა და ტურიზმზეც ისაუბრა. 2024 წელს საქონლის ექსპორტი 7.8%-ით - 6.6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. 8.1%-ით - 16.9 მლრდ-მდე გაიზარდა იმპორტიც. შედეგად, 0.6 პროცენტული პუნქტით - 44%-მდე, გაიზარდა სავაჭრო დეფიციტიც.
გრაფიკი 2: სავაჭრო ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2024 წელს მთავარი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი გახდა, სადაც საქართველომ 1.3 მლრდ-ს პროდუქცია გაყიდა, რაც 1995-2021 წლების ჯამურ მაჩვენებელზე 470%-ით მეტია. ყირგიზეთის წილმა მთლიან ექსპორტში 19.6%-ს მიაღწია. 1.3 მლრდ-დან 1.2 მლრდ მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. მეორე ადგილს 860 მლნ დოლარით ყაზახეთი იკავებს, საიდანაც 87% ანუ 751 მლნ ასევე მსუბუქი ავტომობილების წილია. 725 მლნ-ით სამეულს აზერბაიჯანი ასრულებს. ათეულში დანარჩენ პოზიციებს რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, ჩინეთი, უზბეკეთი, აშშ და ბულგარეთი ინაწილებენ.
რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, 2.4 მლრდ-ითა და 37%-იანი წილით უპირობო პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. ავტოექსპორტის 96%-ზე მეტი 4 სახელმწიფოზე: ყირგიზეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და სომხეთზე ნაწილდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ოთხი ქვეყნიდან ყირგიზეთი მთლიანი ეკონომიკითაც და ერთ სულ მოსახლეზე დათვლითაც ყველაზე ღარიბია, ჯამური ავტოექსპორტითაც და ერთი ავტომობილის საექსპორტო ღირებულებითაც მაინც პირველ ადგილზეა. ყირგიზეთში ერთი ავტომობილის საშუალო საექსპორტო ღირებულება 34 500 დოლარს აჭარბებს, მაშინ, როცა ყირგიზეთის გამოკლებით ყველა სხვა ქვეყანაში საშუალო საექსპორტო ღირებულება 17 250 დოლარია.
გრაფიკი 3: ავტოექსპორტი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ექსპორტი შეიძლება ადგილობრივ ექსპორტად და რეექსპორტად დავყოთ. საქსტატი ჩაშლილი მონაცემებს 2014 წლიდან აქვეყნებს. 2014-2022 წლებში ადგილობრივი ექსპორტის წილი საშუალოდ 70%-ს შეადგენდა, 2023 წელს მკვეთრად - 47%-მდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს - 45.8%-მდე. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი მცირედით გაიზარდა, ის მაინც ჩამორჩება 2021 წლის მაჩვენებელს, სხვაობა ბევრად უფრო დიდია 2022 წელთან შედარებით.
გრაფიკი 4: ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რეექსპორტი ნახტომისებურად ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტის შემცირებაში კი გადამწყვეტი როლი სპილენძის მადნებსა და ფეროშენადნობებზე მოთხოვნისა და ფასების ვარდნამ გამოიწვია. 2022 წელს სპილენძის მადნების ექსპორტმა 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, 2024 წელს კი მხოლოდ 94 მლნ შეადგინა. იმავე პერიოდში 453-დან 322 მლნ-მდე შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი, ხოლო აზოტოვანი სასუქების 281-დან 118 მლნ-მდე. მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და ძვირფასი ლითონების ექსპორტი გაიზარდა, ამ ზრდამ სხვა პროდუქციით გამოწვეული ვარდნა ვერ გადაფარა.
გრაფიკი 5: ადგილობრივი ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ეკონომიკური თვალსაზრისით, რეექსპორტიც მომგებიანია, თუმცა ადგილობრივ ექსპორტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, ერთ რომელიმე სექტორზე, ან ერთ სახელმწიფოზე დამოკიდებულების ზრდა, საქართველოს შემთხვევაში - ავტოექსპორტზე და ყირგიზეთზე, გარკვეული რისკების შემცველია.
ვახტანგ ცინცაძემ ტურიზმიც ახსენა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, საერთაშორისო მოგზაურთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 4%-ით - 7.4 მლ-მდე გაიზარდა. პანდემიის შემდეგ უწყვეტი ზრდის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი 2017-2019 წლების მაჩვენებელს მაინც ჩამორჩება. ჩამორჩენის მიზეზი ერთდღიანი და სხვა არატურისტული ტიპის ვიზიტების კლებაა. რაც შეეხება ტურისტული ტიპის ვიზიტებს, მან პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა, თუმცა მხოლოდ 0.2%-ით.
ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები (1000 ვიზიტი)
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტურისტების რაოდენობისგან განსხვავებით, ტურიზმიდან მიღებულმა ნომინალურმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე 2022 წელს გადააჭარბა, თუმცა დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით, რეალური ზრდა მხოლოდ 2023 წელს აღინიშნა. 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2023 წელთან შედარებით 7%-ით და 2019 წელთან შედარებით 35%-ით მეტია. თუ დოლარის ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, 2019 წელთან შედარებით ზრდა 10% იქნება.
ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე ისევ რუსეთია, მაგრამ მისი წილი 2023 წელთან შედარებით 22.7%-დან 19.2%-მდე შემცირდა. მეორე ადგილს 13.8%-ით თურქეთი იკავებს და სამეულს 9.9%-ით ისრაელი ასრულებს.
2023 წელთან შედარებით მკვეთრად - 21%-ით (4.3 მლრდ ლარამდე) გაიზარდა უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.
პოლიტიკური კრიზისის ფონზე არსებობდა რისკი, რომ მეოთხე კვარტალში სექტორს პრობლემები შეექმნებოდა. თუ არ ჩავთვლით ცალკეული სასტუმროების მენეჯმენტის განცხადებებს, სტატისტიკური მონაცემებით, იქნება ეს ტურისტთა რაოდენობა თუ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, პრობლემები არ დასტურდება.
ვახტანგ ცინცაძის განცხადების პირველი ნაწილი სიმართლეს შეესაბამება. ეკონომიკა მართლაც 9.5%-ით გაიზარდა, რაც ნებისმიერი პარამეტრით შეიძლება მაღალ ზრდად შეფასდეს. რაც შეეხება ექსპორტსა და ტურიზმს, ფორმალური სიმართლის მიუხედავად, საჭიროებს დაზუსტებას, კერძოდ: ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა და ადგილობრივი ექსპორტი ჯერ ისევ ჩამორჩება 2021-2022 წლების მაჩვენებლებს, პროცენტულ გამოხატულებაში გაიზარდა სავაჭრო დეფიციტიც. ტურიზმის ნაწილში კი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მხოლოდ უშუალოდ ტურისტული ტიპის ვიზიტებია გაზრდილი, ისიც უმნიშვნელოდ. ერთდღიანი ვიზიტები და არატურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირებულია. ფინანსური კუთხით, უკეთესი მდგომარეობაა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ნამდვილად აღემატება როგორც 2023, ასევე 2019 წლის მაჩვენებელს. სწორი მონაცემების, მაგრამ დაზუსტებების უქონლობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.