ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი - პროექტი, რომლის განხორციელებაც ბიუჯეტს ათი მილიონი დოლარით მეტი უჯდება
მიმდინარე წლის 8 თებერვალს ბათუმში ახალი ყინულის არენა გაიხსნა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან თქვა, რომ ახალი ობიექტი არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ბათუმისა და მთლიანად ქვეყნისთვის.
ამ მართლაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე „ფაქტ-მეტრმა“ არაერთი კვლევა გამოაქვეყნა. ერთ-ერთ სტატიაში ჩვენ აღვწერეთ, როგორ გადაუხადა 10 მლნ დოლარი აჭარის მთავრობამ კომპანიას, რომელთანაც ობიექტის მშენებლობაზე 19 990 002 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წელს გააფორმა. მანამდე კი მიმწოდებელთან კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან მხარეები ხარჯთაღრიცხვასა და სხვა რამდენიმე საკითხთან მიმართებით, ვერ შეთანხმდნენ. ახლა რთულია, დაზუსტებით იმის თქმა, რა გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური საფუძველი. მივყვეთ თანმიმდევრულად.
რატომ გადაუხადა შემსყიდველმა 10 მლნ დოლარი კომპანიას, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა?
2018 წლის 6 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „სტადიონმა“ (ამჯერად - შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორს მისწერა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჭირო იყო ქალაქ ბათუმში ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა (SMP180000399) და შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების ნებართვა ითხოვა.
2018 წლის 27 თებერვალს, ლადო ასათიანის ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (24 563 კვ.მ; ს/კ: 05.26.12.009) დახურული სპორტული კომპლექსის - ყინულის არენისა და საცურაო აუზის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობის მიზნით, შპს „სტადიონმა“ ხელშეკრულება შპს Westincor Limited-თან (CMR180064915) გააფორმა. სახელშეკრულებო ღირებულებამ 19 990 002 მლნ დოლარი შეადგინა. აღვნიშნავთ, რომ თანხა მოიცავდა დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ).
საკითხზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მხარეები ხარჯთაღრიცხვაზე შეთანხმებული არ იყვნენ. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთულია სამუშაოს ნაწილის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, კომპანიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. თუმცა 2020 წელს შემსრულებლისთვის შპს „სტადიონის“ მიერ გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ Westincor Limited-მა შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ხარჯთაღრიცხვა არათუ ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში, არამედ დამატებით დროშიც ვერ წარადგინა. კერძოდ, კომპანიამ ხარჯთაღრიცხვა 24 892 408 აშშ დოლარზე შეადგინა და „სტადიონს“ ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაუგზავნა. შემსყიდველმა კონტრაქტორს აცნობა, რომ სახელშეკრულებო ღირებულებაზე მეტს ვერ გადაიხდიდა და ფასის დაკორექტირება და ახალი ფასების ადეკვატურობაზე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა კიდევ ერთხელ სთხოვა. Westincor Limited-მა ფასი ამჯერად - 21 048 382 აშშ დოლარამდე დასწია, შპს „სტადიონისთვის“ არც ეს ფასი იყო მისაღები. საბოლოოდ, კონტრაქტორმა ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარამდე დაიყვანა, თუმცა შემსყიდველმა მხარემ ფასთა ადეკვატურობა არ გაიზიარა. 2020 წლის აპრილში, შემსყიდველმა კონტრაქტი გაწყვიტა. იმ დროისთვის კომპანიისთვის გადახდილი იყო 3 998 000 მლნ აშშ დოლარი. მოგვიანებით, შემსყიდველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავანსად გაცემული თანხა ბიუჯეტში დაბრუნდა.
ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მხარეებს შორის დავა წარმოიშვა. შპს „სტადიონმა“ Westincor Limited-ის დირექტორ ოლეგ ზატულოვსკის მისწერა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა ყოფილიყო საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით. ასევე კომპანიას ლოკალურ-რესურსული მეთოდით, მიმდინარე საბაზრო ფასების გათვალისწინებით უნდა წარედგინა შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო ხარჯთაღრიცხვა. ამ გარემოებათა გამო და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის ღირებულება აღემატებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღირებულებას, შპს „სტადიონმა“ აცნობა, რომ ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა მიეღო სახელშეკრულებო ღირებულებაზე მეტი ღირებულებით და ამ ნაწილში „Westincor Limited-ის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ჩაეთვალა შესრულებულად. როგორც წერილიდან ირკვევა, კომპანიამ არც საექსპერტო დასკვნები წარადგინა. შპს „სტადიონმა“ ოლეგ ზატულოვსკის, რომელიც იმ დროს (ეს აღნიშნულია წერილში) საქართველოში არ იმყოფებოდა, სთხოვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია თვითონ მიეწოდებინა კომპანიის ცენტრალური ოფისისთვის.
მიმწოდებელმა ჩათვალა, რომ შემსყიდველი მას უსამართლოდ მოექცა. თუმცა საქმე არბიტრაჟამდე არ მისულა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ და კანადურ კომპანია „WESTINCOR LIMITED-ს“ (მოქმედი საქართველოში მისი ფილიალის „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ სახით) შორის მორიგების ხელშეკრულება გაფორმდა. გადაწყდა, რომ ქართულ მხარეს კანადური კომპანიისთვის 10 016 007 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ვინაიდან აჭარის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აღნიშნული თანხა გათვალისწინებული არ იყო, საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უფლებას მისცა, 20 მლნ ლარის ოდენობის 0%-იანი სესხი მისგან აეღო. პირობის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს მთავრობის ვალის გასტუმრებას 2024 წლიდან დაიწყებდა, ყოველწლიურად თანაბარი მოცულობით.
ამდენად, უცხოურმა კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ საწარმოს 10 მლნ აშშ დოლარი იქით გადაახდევინა. შემსყიდველ მხარეს დარჩა საქართველოს მთავრობის ვალი და თითქმის ცარიელი ტერიტორია. რატომ მოუწია მას ამ მოცულობის თანხის გადახდა, რატომ თქვა უარი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე, ამის გარკვევა ჩვენ 2022 წელს ვცადეთ, თუმცა სამინისტროსგან მაშინ განმარტება ვერ მივიღეთ. ამიტომ აღნიშნული კითხვები კვლავ არსებობს. საკითხი საფუძვლიან გამოძიებას საჭიროებს და ეს შესაბამისმა უწყებამ უნდა გააკეთოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ ხელშეკრულების პირობა მხარეებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების საერთაშორისო სავაჭრო პალატის წესებით განხილვასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, კომპანია Westincor Limited-ის მოთხოვნის საფუძველზე, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებისას, შემსყიდველ მხარეს არ გაუანალიზებია, რამდენად შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობები საერთაშორისო სავაჭრო პალატის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აუდიტის დასკვნით, პროექტების მართვის კომპანიაში არსებულმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო დადასტურება. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა-განხორციელების შედეგად ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი შესაბამის ვადაში ვერ დასრულდა.
ახალი ტენდერები და გაზრდილი ღირებულება
2022 წელს, „Westincor Limited-თან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და საცურაო აუზის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა და შპს „BWC-სთან“ 719 800-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. გამოდის, რომ შემსყიდველმა დოკუმენტაცია ორჯერ შეისყიდა. აქედან თითქმის ორი წლის შემდეგ კი, 2024 წლის მარტში, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, იმავე მისამართზე, ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობის შესყიდვის მიზნით, ახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო შპს „ანაგი“. საინტერესოა, რომ წინა ჯერზე „ანაგი იყო „ვესტინკორ ლიმითედ საქართველოს“ ქვეკონტრაქტორი. ამჯერად სახელშეკრულებო ღირებულება 53 943 281 ლარით განისაზღვრა, ოღონდ დამატებითი ღირებულების გარეშე. შეგახსენებთ, რომ კანადური კომპანიის ქართულ ფილიალთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება იყო 19 990 002 $, დღგ-ის ჩათვლით. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს 1 აშშ დოლარის კურსი 2.416 ლარი იყო, გამოვა, რომ სახელშეკრულებო ღირებულება იმ დროს დაახლოებით 48 295 800 ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, ახალი ხელშეკრულების გაფორმების დროს 1 $ გაცვლითი კურსი იყო 2.6797 ლარი. ეს ნიშნავს, რომ „ანაგთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 20 მლნ $-ს აღემატება და ეს - დღგ-ის გარეშე. გადახდის სერტიფიკატის თანახმად, კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 63 875 188 ლარს შეადგენს. იმავე კურსით რომ გადავთვალოთ, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ (ყოფილი შპს „სტადიონი“) ხელშეკრულება 23 800 000 დოლარად გააფორმა. თუ ამ თანხას იმ ათ მილიონ დოლარს დავუმატებთ, გამოდის, რომ ბიუჯეტის გადამხდელ მოსახლეობას ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი, ჯამში, 34 მლნ დოლარამდე დაუჯდება. ამ ეტაპზე შპს „ანაგისთვის“ უკვე ანაზღაურებულია 20 667 824 ლარი. აქედან 19 მლნ ლარზე მეტი - ავანსის სახით. აუდიტის დასკვნისა და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ არასწორი დაგეგმვის გამო, სახელმწიფომ 10 მილიონი დოლარი იზარალა, საქმეზე ჯეროვანი გამოძიება არ ყოფილა და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც არავისთვის დაუკისრებიათ.
ფოტო: on.ge