2025 წლის 19 მარტს პირველ არხზე, გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას, ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის ძირითადი განცხადებები გადაამოწმა.
განცხადება N1: ერთი ადამიანი თუ გამოვიდა ან ენჯეოებიდან ან ოპოზიციიდან ან დიპლომატებიდან, რომელიმემ დაგმო ან უარყოფითად შეაფასა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შევხიდებოდით უკრაინას მსხვერპლის თვალსაზრისით ?!
ვერდიქტი: ტყუილი
2022 წლის 27 მარტს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა: „თუ დნესტრისპირეთი და საქართველო და ყველა, დღეს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებოდნენ, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურ დონეზე არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარებოდა, რადგან მათ საქმე გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ ჩვენი ქალაქები და სოფლები გაენადგურებინათ, დაეხოცათ ჩვენი ბავშვები და ქალები“. მოგვიანებით, 2022 წლის ნოემბერში ფორმულას გადაცემაში „ამბები უკრაინიდან“, დანილოვმა განმარტა, რომ ის საქართველოს არაფერს მოუწოდებდა: „მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი თქვენ თვლით, რომ ეს არის თქვენი მიწა, მაშინ ის უნდა დაიცვათ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“.
ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში სწორედ მარტში გაკეთებულ განცხადებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ერთ ადამიანსაც ვერ გავიხსენებთ „ენჯეოებიდან“, ოპოზიციიდან ან დიპლომატებიდან, ვინც ეს განცხადება დაგმო ან უარყოფითად შეაფასა.
რეალურად, განცხადება იმჟამად არაერთმა ოპოზიციურად განწყობილმა პირმა თუ ოპოზიციის წარმომადგენელმა გააკრიტიკა.
განცხადებას იმჟამად „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია Facebook-პოსტით გამოეხმაურა. გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანილოვის განცხადება არც სწორია და არც სამართლიანი: „დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა „დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი“ მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი“.
დანილოვის განცხადებას „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „დღეს საქართველოს მხრიდან რაიმე ნაბიჯების გადადგმა, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რაიმე ფორმით ძალის გამოყენებით თუ ძალის გამოყენების მუქარით, საქართველოს ინტერესებში არ არის“.
დანილოვის კიდევ ერთ, 2022 წლის 3 აგვისტოს განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „თუ საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს თავის ტერიტორიებად მიიჩნევს, უნდა ამდგარიყო და დაეცვა თავისი ქვეყანა“, გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ [დანილოვმა] „სჯობს, თავის საქმეს მიხედოს. მისი მხრიდან ზედმეტი რჩევები ჩვენ არ გვჭირდება. რაც მეტ ასეთ განცხადებებს აკეთებს დანილოვი, თუ ნებისმიერი სხვა, ხომ ვიცით ვისთვისაა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელზე დასახვევი გზავნილები, რომ რაღაც სისულელეებს დაიწყებენ. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ ადამიანის ამ შინაარსის განცხადებას“.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციაში დანილოვის განცხადებას განსხვავებულად ინტერპრეტირებდნენ. მაგალითად, რომან გოცირიძეს აღნიშნავდა, რომ [დანილოვი] „არსად ამბობს, ომი დავიწყოთო. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმომიდგენია მშვიდობიანი გზით. ნათქვამი იყო, რომ დეოკუპაციის გზა არის მშვიდობიანი გზა, მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებში. დანილოვი ამ განცხადებაში გულისხმობდა ამას და არა იმას, რომ საქართველო ტანკებით შევიდეს და დაიბრუნოს ტერიტორიები“. გარდა ამისა, დანილოვის განცხადებაზე გამოხმაურების საკითხს სხვადასხვაგვარად აფასებდნენ თავად მმართველ პარტიაშიც. მაგალითად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო აღნიშნავდა, რომ „ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან, მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს. ხანდახან, უკრაინის პრეზიდენტიც ხისტ განცხადებებს აკეთებს დასავლური ინსტიტუციების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვაკრიტიკოთ. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინაა, ძალიან რთულია, პრაგმატული იყო. ყოველ დღე საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. პრაგმატულობა კარგია, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელი არ არის“.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები ადასტურებს, რომ დანილოვის განცხადებას კრიტიკა ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად მოჰყვა და ეს კრიტიკა არაერთ ოპოზიციურად განწყობილ პირს საჯაროდაც აქვს დაფიქსირებული. ამასთან, უკრაინის მდგომარეობა ომის დაწყების პირველ კვირებში თავად მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილისთვისაც გასაგები იყო და გია ვოლსკი თავად ამტკიცებდა, რომ ამგვარი განცხადებები „განსჯის საგანი“ არ უნდა გახდეს და რომ ისინი არ უნდა ვაკრიტიკოთ. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
განცხადება N2: ვინმემ ახსნა რატომ არ მიენიჭა 2022 წლის ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ? არავითარი ახსნა
ვერდიქტი: ტყუილი
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს შანსი მიეცა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაეკეთებინა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. განაცხადის პასუხად, 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა (ხოლო „ასოცირებული ტრიოს“ დანარჩენ ორ წევრს - მოლდოვასა და უკრაინას - კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ) და ასევე კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად 12 პრიორიტეტი განესაზღვრა.
სინამდვილეში, სწორედ მოცემული 12 საკითხი იყო ის, რაც საქართველოს უნდა შეესრულებინა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საკითხები მოიცავდა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმჯობესებას, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, მართლმსაჯულების რეფორმას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, დეოლიგარქიზაციას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და ა.შ. 12 პრიორიტეტის განსაზღვრასთან ერთად ევროკომისიამ აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე შეამოწმებდა პროგრესს ამ მიმართულებებზე და შესაბამის შეფასებას გამოაქვეყნებდა.
ამ საკითხების ნაწილი ევროკავშირისთვის პრიორიტეტს მანამდეც წარმოადგენდა და მათ სხვა პროგრამებშიც მოიხსენიებდა წინაპირობებად. მაგალითად, პოლარიზაციის დასრულების საკითხი და 19 აპრილის შეთანხმება კომისიამ 12 პრიორიტეტებში პირდაპირ განსაზღვრა. ასევე, სასამართლოს რეფორმის აუცილებლობის შესახებ ევროკავშირს მანამდეც არაერთხელ განუცხადებია. მეტიც - 2021 წლის აგვისტოში ევროკავშირმა საქართველოსთვის განსაზღვრული მაკროფინანსური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაში არასაკმარისი პროგრესის გამო მიიღო. „პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - აცხადებდა ევროკავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჯულიენ კრამპი.
შესაბამისად, ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესების ტრენდით ხასიათდებოდა სწორედ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ორმხრივი შეთანხმებებისა თუ შარლ-მიშელის შეთანხმების ფარგლებში იღებდა. არცერთი საკითხი, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინაპირობად განსაზღვრულ 12 საკითხში შედიოდა, „ქართული ოცნებისთვის“ სიახლეს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, მოცემულ განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
განცხადება N3: ინციდენტი დაფიქსირდა რამდენიმე მთელი ამ დღეების განმავლობაში
ვერდიქტი: ტყუილი
28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეების და ჟურნალისტების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობა მოვლენების მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.
„პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამოიყენეს სასტიკი ძალადობა ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიციის ქმედებებს სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა, დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ. „პოლიცია ასევე აწამებდა მათ და სხვა არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის ფურგონებში და პოლიციის განყოფილებებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში. სპეცრაზმმა, ისევე როგორც, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები სცემეს და მედიის მუშაობას ხელი შეუშალეს.
30 ნოემბერს აქციების დარბევას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას სერიოზულად არღვევს. ამავე განცხადების თანახმად, ძალის არაპროპორციულმა გამოყენებამ მომიტინგეები და ჟურნალისტები დააზიანა, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო.
28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 362 პირი, აქედან 227 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ხოლო 158 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს“.
საქართველოში აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ანგარიში Amnesty International-მაც მოამზადა, სადაც პოლიციის მხრიდან ძალადობა „სისტემურ და სასტიკ რეპრესიად“ შეაფასეს.
„ფაქტ-მეტრმა“ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სახელმწიფოს მხრიდან გამოკვეთილ მასშტაბურ დარღვევებთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები შეისწავლა.
შეფასებები - საპოლიციო ძალების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე დაკავებისას და დაკავების შემდეგ იხ. ბმულზე; დაკავებულთა დამცირების, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის თაობაზე იხ. ბმულზე; დემონსტრანტების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების გამოყენების თაობაზე იხ. ბმულზე; სამართალდამრღვევ პირთა პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუსაჯაროებლობის თაობაზე იხ. ბმულზე; სასამართლო პროცესების დარღვევებისა და გაყალბებული ბრალდებების თაობაზე იხ. ბმულზე.
შესაბამისად, კობახიძის განცხადება, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად მოახერხა ინციდენტების თავიდან არიდება, ტყუილია.
განცხადება N4: ომი რომ გააჩაღეს 2008 წელს და ხელი რომ მოაწერეს ჩვენ დავიწყეთ ომიო
ვერდიქტი: ტყუილი
ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში რეზოლუცია 1633-ს გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული რეზოლუციით ხშირად მანიპულირებს, თითქოს ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა ქართველმა პოლიტიკოსებმა, ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, ოპონენტების ბრალდებისას გულისხმობენ რეზოლუციის მეხუთე მუხლს, რომელშიც ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლაზეა საუბარი. მეხუთე პუნქტში ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლა საქართველოს მხრიდან ცხინვალზე იერიშს უკავშირდება. სინამდვილეში, რეზოლუციაში არსად წერია, რომ ომი დაიწყო საქართველომ. რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ მხარეები ომის დაწყებას არ აღიარებენ და ეს საკითხი - დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა საერთაშორისო დამკვირვებელმა უნდა გამოიძიოს.
რეზოლუციის მერვე პუნქტი: „ასამბლეას სწამს, რომ შერიგების წინაპირობა არის სიმართლე. ვინაიდან ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ომი, ვერ თანხმდება ვერცერთი მხარის მხრიდან, ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ამგვარი საერთაშორისო გამოძიების წარმოებას და პარლამენტის რუსი წევრებიც აცხადებენ, რომ არ იქნებიან ამგვარი შეთავაზების წინააღმდეგნი. გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს ომის დაწყების მომენტით და უნდა ფოკუსირდეს ასევე იმ წლებზე, რომლებმაც კონფლიქტამდე მიგვიყვანა“.
ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია.
განცხადება N5: იანვარში 11.1%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, გერმანიაში 2 წელია ვარდნაა
ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე
საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც 2023-2024 წლებში დაფიქსირებულ ზრდებს (2023 წელს 7.8% და 2024 წელს 9.5%), ასევე 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს. 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021-2024 წლებშიც რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ პროგნოზირებულს გადააჭარბა.
ბოლო 4 წელიწადში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდის ტემპმა 9.7%-ს მიაღწია, თუმცა ზრდაზე მოქმედი რამდენიმე ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია, პირველ რიგში საბაზო პერიოდი. 2020 წელს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, უფრო მეტად ვიდრე 2009 წელს. ამასთან, ვარდნა ფუნდამენტური მიზეზების გაუარესებით არ ყოფილა გამოწვეული და ის ბიზნესების დახურვამ გამოიწვია, მათი ხელახლა გახსნით კი ზრდა დაფიქსირდა. 2021 წელს მართალია, 2020-თან შედარებით ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2019-თან შედარებით, ზრდა მხოლოდ 3.6% იყო. მომდევნო 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 400%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა 2023-2024 წლებშიც შენარჩუნდა. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ყირგიზეთში ექსპორტმა 1995-2021 წლების ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბა.
საქართველოს მსგავსად საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა რეგიონის რამდენიმე ქვეყანაშიც. მაგალითად, სომხეთში 2022 წელს ეკონომიკა 12.6%-ით გაიზარდა, 2023 წელს 8.3%-ით და ორივეჯერ გადააჭარბა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს. 2024 წელს სომხეთში ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა 11 თვეში 7.4%-იანი ზრდა მაინც შენარჩუნდა. 9%-ით გაიზარდა 2022 წელს ეკონომიკა ყირგიზეთშიც, 2023 წელს ტაჯიკეთში - 8.3%-ით, თუმცა აკუმულირებული ზრდა საქართველოს შემთხვევაში უფრო მაღალი იყო.
რაც შეეხება გერმანიას, 2023 წელს გერმანიაში მშპ ნამდვილად შემცირდა 0.3%-ით და წინასწარი მონაცემებით 2024 წელსაც 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა. მცირე კლების მიუხედავად, გერმანია კვლავ რჩება მსოფლიოს მესამე და ევროპის პირველ ეკონომიკად და მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით (PPP) მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 72 ათას დოლარს აჭარბებს.