ანა დოლიძე: მარტიდან გაძვირდა პური, 15-16%-ით არის გაძვირებული სურსათი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
პურის მწარმოებლები პურის მოსალოდნელ გაძვირებას თებერვალშივე აანონსებდნენ და ამის მიზეზად პურის ფქვილზე ფასის ზრდას და სხვა გაზრდილ ხარჯებს ასახელებდნენ. პირველი მარტიდან მარკეტებში პირველადი მოხმარების პურის ფასი მართლაც 10 თეთრით ( 0.1 ლარით) გაძვირდა და ერთი ლარი გახდა. ანა დოლიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.
რაც შეეხება სურსათის 15%-ით გაძვირებას, საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, სურსათზე ფასები 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, წინა წლის თებერვალთან შედარებით კი 3.3 პროცენტული პუნქტით.
2023 წლის თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში სურსათზე ფასები 0.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, 2022 წლის თებერვალთან შედარებით - 13.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი. თუ საბაზო წლად პანდემიამდე 2019 წლის თებერვალს ავიღებთ, აქ ზრდა შთამბეჭდავია და 59.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
წლიურ ჭრილში, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტად, მაკარონი, ბრინჯი და ზეთი გაძვირდა და ზრდა 7, 11, 19 პროცენტულ პუნქტს აღემატება. თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენ მიერ განხილულ ყველა პროდუქტზე ფასები გაზრდილია, გამონაკლისია რძე, რომლის ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია.
შესაბამისად, თვიურ ჭრილში, ანა დოლიძის მიერ დასახელებული ოდენობით არც ერთი პირველადი მოხმარების პროდუქტი არ გაძვირებულა, წლიურ ჭრილში კი მიახლოებული ზრდა სამ პროდუქტზე ფიქსირდება.
შესაბამისად, რადგან პურის ფასი გაზრდილია, სურსათზეც ზოგადად და კონკრეტულ პროდუქტებზეც ფასის ზრდა ფიქსირდება, თუმცა არ იმ ოდენობით, რასაც ანა დოლიძე ასახელებს, იმის გათვალისწინებითაც, რომ ანა დოლიძე დროის კონკრეტულ მონაკვეთს არ ასახელებს და საბაზო 2019 წელთან შედარებით მიმდინარე წლის თებერვალში სურსათზე ფასები 59.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
„ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა დოლიძემ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ’სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „მარტიდან გაძვირდა პური, 15-16%-ით არის გაძვირებული სურსათი“.
პურის შესაძლო გაძვირების შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. მიმდინარე წლის თებერვალში პურის მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ თუ ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი არ დაკორექტირდებოდა ან არ გაუქმდებოდა, პურზე ფასების მომატება (ფქვილის გაძვირების და სხვა ხარჯების გაზრდის გამო), 10-15 თეთრით, მოსალოდნელი იქნებოდა.
როგორც ვიცით, საქართველოში მარკეტებში გაყიდვაში სხვადასხვა კატეგორიის და ღირებულების პური იყიდება. როდესაც საუბარი არის პურის გაძვირებაზე, აქ ყოველდღიური მოხმარების (სოციალური) პური იგულისხმება.
ჩვენ მარკეტებში პურის ფასი გადავამოწმეთ და, როგორც აღმოჩნდა, პირველი მარტიდან ყოველდღიური მოხმარების პური, რომლის ფასი მანამდე 0.9 ლარი იყო, პირველი მარტიდან მართლაც 0.1 ლარით გაძვირდა და ერთი ლარი გახდა.
ჩვენ პურის ფასის ბოლო თვეების დეტალურ ინდექსებსაც გავეცანით. მარტის თვის მონაცემი, როდესაც პური რეალურად გაძვირდა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბოლო თვეების სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 1: პურის ფასის დეტალური ინდექსი თვიურ (წინა თვე=100) და წლიურ (წინა წელი_ =100) ჭრილში
წყარო: საქსტატი
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, პურის ფასი შემცირებულია, წლიურ ჭრილში კი გაზრდილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პურის ფასის ზრდა სტატისტიკურად უკვე მარტის თვის მონაცემში აისახება.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, ანა დოლიძე სურსათის გაძვირებაზე საუბრობს. აღნიშნულის გადასამოწმებლად, ჩვენ ზოგადად სურსათის და კონკრეტულად, პირველადი მოხმარების რამდენიმე პროდუქტის ფასის ინდექსსაც გავეცანით.
მიმდინარე წლის იანვარში სურსათის ფასები, წინა თვესთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თებერვალში ზრდამ 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა, წლიურ ჭრილში, იანვარში ზრდა 2.6 პროცენტული პუნქტი, თებერვალში კი 3.3 პროცენტული პუნქტი იყო. შესაბამისად, თებერვალში, მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, სურსათზე ფასი 0.5 პროცენტული პუნქტით, წინა წლის თებერვალთან შედარებით კი 3.3 პროცენტული პუნქტით გაძვირდა და არა 15%-ით, როგორც ანა დოლიძე აცხადებს.
ანა დილიძე განცხადებაში კონკრეტულ დროის მონაკვეთს არ ასახელებს. ამიტომ ჩვენ წინა წლების და პანდემიამდელი წლის მონაცემებსაც გავეცანით.
2023 წლის თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის თებერვალში სურსათზე ფასები 0.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, 2022 წლის თებერვალთან შედარებით - 13.1 პროცენტული პუნქტით. თუ საბაზო წლად პანდემიამდე 2019 წლის თებერვალს ავიღებთ, აქ ზრდა შთამბეჭდავია და 59.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.
აქვე პირველადი მოხმარების რამდენიმე პროდუქტის ფასსაც განვიხილავთ.
ცხრილი 2: პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი თვიურ ჭრილში
წყარო: საქსტატი
მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად წიწიბურასა და კვერცხზეა გაზრდილი და 2 პროცენტულ პუნქტს აღემატება. ბრინჯზე, რძესა და ყველზე კი ფასები შემცირებულია.
ბოლო ექვსი თვის შედეგების მიხედვით კი, თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა გასული წლის ნოემბერში წიწიბურას და ზეთის შემთხვევაში ფიქსირდება და 6 და 9 პროცენტულ პუნქტს აღემატება, სხვა პროდუქტების შემთხვევაში ან კლებაა, ან 2-3 პროცენტულ პუნქტიანი ზრდა.
იმავე პროდუქტების ფასები წლიურ ჭრილშიც განვიხილოთ:
ცხრილი 3: პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასი წლიურ ჭრილში
წყარო: საქსტატი
როგორც ვხედავთ, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტად, მაკარონი, ბრინჯი და ზეთი გაძვირდა (გასული წლის თებერვალთან შედარებით) და ზრდა 7,11, 19 პროცენტულ პუნქტს აღემატება. თებერვალში ჩვენ მიერ განხილულ ყველა პროდუქტზე ფასები გაზრდილია, გამონაკლისია რძე, რომლის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაკლებულია.
შესაბამისად, თვიურ ჭრილში ანა დოლიძის მიერ დასახელებული ოდენობით არც ერთი პირველადი მოხმარების პროდუქტი არ გაძვირებულა, წლიურ ჭრილში კი მიახლოებული ზრდა სამ პროდუქტზე ფიქსირდება.
მიუხედავად სურსათზე ფასის ზრდის გადაჭარბებულად წარმოჩენისა, რადგან პური გაძვირდა, სურსათზე ფასები ზოგადად და კონკრეტული პროდუქტების ფასებიც გაზრდილია, იმის გათვალისწინებითაც, რომ ანა დოლიძე დროის კონკრეტულ მონაკვეთს არ ასახელებს და საბაზო 2019 წელთან შედარებით მიმდინარე წლის თებერვალში სურსათზე ფასები 59.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, 2022 წელთან შედარებით კი - 13.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.