2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 110.8 მლნ ლარით აღემატება

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 110.8 მლნ ლარით აღემატება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის ზრდამ (ანუ სოფლის მეურნეობაში შექმნილმა დამატებითმა ღირებულებამ) მიმდინარე ფასებში 4,976.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (4,865.7 მლნ ლარი) 110.9 მლნ ლარით აღემატება. შესაბამისად, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

თუმცა აღნიშნული სიდიდე სოფლის მეურნეობაში პროგრესის შესაფასებლად რელევანტური მონაცემი არ არის, რადგან დროით ჭრილში ანალიზისთვის ნომინალური მაჩვენებლის გამოყენება მანიპულაციას წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობაში წინსვლის შესაფასებლად, მართებულია, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის და მეორე მხრივ, იმის გაანალიზება, თუ რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში (ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში). სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებით) გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე.

2024 წლის წინასწარი მონაცემით, სოფლის მეურნეობა 4.4%-ით გაიზარდა, წინა 2023, 2022 წლებში სოფლის მეურნეობა მცირდებოდა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის წილს მთლიან შიდა პროდუქტში, 2023 წელს 6.9% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 2021 წლიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მცირდებოდა, რაც იმის დასტურია, რომ ეკონომიკის სხვა დარგები უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

სწორად დასახელებული მონაცემების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ პროგრესის საჩვენებლად არარელევანტური მონაცემია გამოყენებული, თანაც მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობა რეალურად კი გაიზარდა, მაგრამ მშპ-ში მისი წილი შემცირებულია, „ფაქტ-მეტრი“ სამინისტროს განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ქარდი შემდეგი ინფორმაციით გამოაქვეყნა: „2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 110.8 მლნ ლარით აღემატება“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მონაცემები გადაამოწმა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის მიმდინარე ფასებში ზრდამ (ანუ სოფლის მეურნეობაში შექმნილმა დამატებითმა ღირებულებამ) 4,976.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (4,865.7 მლნ ლარი) 110.9 მლნ ლარით აღემატება. შესაბამისად, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

დასახელებული მონაცემი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგში მიღწეული წარმატების საილუსტრაციოდ მოჰყავს. თუმცა აღნიშნული სიდიდე სოფლის მეურნეობაში პროგრესის შესაფასებლად რელევანტური მონაცემი არ არის, რადგან დროით ჭრილში ანალიზისთვის ნომინალური მაჩვენებლის გამოყენება მანიპულაციას წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობაში წინსვლის შესაფასებლად, მართებულია, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის და მეორე მხრივ, იმის გაანალიზება, თუ რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში (ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში).

სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებით) გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე. შესაბამისად, აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, მართებულია, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს.

საქსტატის მონაცემის მიხედვით, 2024 წელს სოფლის მეურნეობის (სატყეო და თევზის მეურნეობის) რეალურმა ზრდამ 4.4% შეადგინა. 2023 წელს 3.4%-იანი კლება იყო, 2022 წელსაც დარგი შემცირდა და კლებამ 1.8% შეადგინა.2021 წელს სოფლის მეურნეობა 2.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2011 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 10.7% იყო, 2012 წელს სოფლის მეურნეობა 3.5%-ით შემცირდა. ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 და 2018 წლებში დაფიქსირდა, როდესაც რეალურმა ზრდამ შესაბამისად, 15.7% და 13.8% შეადგინა. 2014, 2016, 2017 წლებში სოფლის მეურნეობა მცირდებოდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2018 წელს ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ზრდის ტენდენცია 2019, 2020, 2021 წლებშიც შენარჩუნდა, 2022, 2023 წლებში ისევ კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება მეორე ინდიკატორს - მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილს, 2023 წელს (2024 წლის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი) 6.9% შეადგინა. 2022 წელს იგივე მონაცემი 7.6% იყო, 2021 წელს - 8.3%. 2013-2014 წელს დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, 2015-2017 წლებში კლების ტენდენცია იყო, შემდგომ წლებში გამოკვეთილი ტენდენცია არ იკვეთება, მონაცემი ხან იკლებს, ხან იზრდება. 2021 წლიდან მოყოლებული კლება ფიქსირდება, რაც იმის დასტურია, რომ ეკონომიკის სხვა დარგები უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

გრაფიკი 1: სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა და მშპ-ში წილი


წყარო: საქსტატი

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, თუმცა დარგში მიღწეული პროგრესის დასადასტურებლად რელევანტური მონაცემი არ არის. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.