2012-დან 2024 წლამდე ბანკების მოგება 23-ჯერ 134 მლნ-დან 3.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მოგება კაპიტალზე 30%-40%-ია

ლევან ხაბეიშვილი: 2012-დან 2024 წლამდე ბანკების მოგება 23-ჯერ 134 მლნ-დან 3.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა. მოგება კაპიტალზე 30%-40%-ია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

2012 წელს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 134 მლნ ლარი შეადგინა, 2024 წელს 3.1 მლრდ. შესაბამისად, ამ პერიოდში მოგება თანხობრივად 23-ჯერ გაიზარდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2012 წელი გაზრდილი რისკების გამო, რომელიც ძირითადად საარჩევნო პერიოდს უკავშირდება, შესადარებლად არარელევანტურია, მით უფრო მაშინ, როცა წინა პერიოდში 2004-2011 წლებში ( 2008-2009 წლების გამოკლებით), საბანკო სექტორი მოგების სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა. 2011 წელს ბანკების მოგება 323 მლნ-ს უდრიდა. 2011-დან 2024 წლამდე სექტორის მოგება უკვე არა 23-ჯერ, არამედ 9.5-ჯერაა გაზრდილი.

2011-2024 წლებში ნომინალური ეკონომიკა 3.5-ჯერ - 26.5-დან 91.9 მლრდ ლარამდე, გაიზარდა. საბანკო სექტორის ზრდის ტემპმა ეკონომიკის ზრდის ტემპს გაუსწრო, თუმცა სურათი 2004-2011 წლებშიც ანალოგიური იყო.

2011 წლის დეკემბერში ჯამური სასესხო პორტფელი 7.4 მლრდ ლარს შეადგენდა, 2012 წლის დეკემბერში - 8.4 მლრდ-ს და 2024 წლის მიწურულს - 60 მლრდ-ს. საანგარიშო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სესხზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 18.6%-დან 13.1%-მდე შემცირდა, გაზრდილმა დაკრედიტებამ ბანკებს შემოსავალი მაინც გაუზარდა. მართალია, იმავე პერიოდში საპროცენტო განაკვეთმა დეპოზიტებზეც დაიწია, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემცირდა სპრედი (სხვაობა სესხსა და დეპოზიტზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთებს შორის).

პანდემიის შემდეგ 2021 წელს კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი (ROE) მკვეთრად გაიზარდა და 30%-ს გადააჭარბა, თუმცა შემდეგ შემცირდა და მომდევნო წლებში 25%-ის ფარგლებში შენარჩუნდა, რაც თავის მხრივ პანდემიამდელ მაჩვენებელს მაინც აღემატება.

„ფაქტ-მეტრი“ არ შევა იმის განხილვაში, რამდენი უნდა იყოს ბანკების მოგება და არსებული მონაცემები მაღალია, თუ - დაბალი. რიცხობრივად ძირითადად სწორი მონაცემების, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რაც კონტექსტის არასწორად აღქმის საშუალებას იძლევა, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან ხაბეიშვილის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.

ანალიზი:

„ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა 17 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ხალხთან ერთად“, ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა (13:50-დან): „ნაციონალური მოძრაობის დროს, 2012 წელს ბანკების მოგება იყო 134 მლნ ლარი, 2024 წელს იყო 3.1 მლრდ ლარი...“ „23-ჯერ გაიზარდა ბანკების მოგება. ამიხსნას ვინმემ 23-ჯერ რა გაიზარდა ამ ქვეყანაში, რომ ბანკების მოგებაც გაჰყოლოდა. ახლა ქვეყნის ეკონომიკა რომ ვითარდება, მესმის, რომ ასე ვთქვათ ბანკების მოგებაც [იზრდება]...“ „საკუთარი კაპიტალის 30%-40%-ზე რომელი ბიზნესი გადის მოგებაზე“.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2012 წელს საქართველოში კომერციული ბანკების მოგებამ თანხობრივად 134 მლნ ლარი შეადგინა, 2024 წელს - 3.1 მლრდ ლარი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თითოეულ ცალკე აღებულ წელს, საბანკო სექტორი მოგებით ასრულებდა. 2009 წლისგან განსხვავებით, სექტორმა 2020 წელიც მოგებით დაასრულა, უბრალოდ მოგების ჯამური მოცულობა 853-დან 99 მლნ-მდე შემცირდა.

2021 წელს ბანკების მოგებამ 2.1 მლრდ-ს მიაღწია - პანდემიამდელ რეკორდულ მაჩვენებელზე 2.3-ჯერ მეტს. 2.1 მლრდ იყო მოგება 2022 წელსაც, 2023 წელს ის 2.7 მლრდ-მდე და 2024 წელს 3.1 მლრდ-მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2012-2024 წლებში ბანკების მოგება მართლაც 23-ჯერ - 134 მლნ-დან 3.1 მლრდ ლარამდე, გაიზარდა, 2012 მაინც შესადარებლად ნაკლებად რელევანტური წელია. 2010 წელს ბანკების მოგება 156 და 2011 წელს 323 მლნ-ს აღწევდა, ანუ 2011 წელთან შედარებით, მოგება 2.4-ჯერ შემცირდა, რაზეც სავარაუდოდ გავლენა საარჩევნო წელმა და პოლიტიკურმა რისკებმა იქონია. თუ შედარებას 2011 წელთან გავაკეთებთ, ჯამური მოგება 9.5-ჯერ იქნება გაზრდილი და არა 23-ჯერ.

2011-2024 წლებში ეროვნულ ვალუტაში დათვლით ნომინალური ეკონომიკა 3.5-ჯერ - 26.1-დან 91.9 მლრდ ლარამდე, გაიზარდა. ბანკების წმინდა მოგების ზრდის ტემპმა ეკონომიკის ზრდის ტემპს 2.7-ჯერ გადააჭარბა.

გრაფიკი 1: ნომინალური მშპ ეროვნულ ვალუტაში და კომერციული ბანკების წმინდა მოგება


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი და სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უნდა აღინიშნოს, რომ ბანკებს მოგების ზრდის ტემპით ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ გაუსწრიათ. 2004-2007 წლებში ნომინალური ეკონომიკა 1.7-ჯერ - 9.8-დან 17 მლრდ ლარამდე, გაიზარდა, ბანკების მოგება კი 4-ჯერ - 27-დან 109 მლნ ლარამდე. 2004-2011 წლებში ნომინალური ეკონომიკა 2.5-ჯერ, საბანკო სექტორის მოგება კი 12-ჯერ გაიზარდა. ზოგადად, ეკონომიკის ზრდაზე საუბრისას არ იგულისხმება, რომ მისი თითოეული სექტორი თანაბარი ტემპით გაიზარდოს და ეს მხოლოდ საფინანსო სფეროს არ ეხება. თითოეულ შემთხვევაში, ზრდის ტემპს საერთოსთან ერთად ნაწილობრივ თავისი დამოუკიდებელი მიზეზიც გააჩნია.

რის ხარჯზე იზრდება საბანკო სექტორის მოგება ეკონომიკაზე სწრაფად? ბანკი მოგებას რამდენიმე გზით იღებს, მათ შორის, საკომისიოებიდან და ვალუტის გაცვლიდან, თუმცა მთავარი წყარო მაინც გაცემულ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელია (მსესხებლისთვის საპროცენტო ხარჯი). რაც უფრო მეტ სესხს გასცემს და რაც უფრო ძვირად, მით მეტ შემოსავალს მიიღებს ბანკი. ამავე დროს მოგების გამოსათვლელად ხარჯების გათვალისწინებაც აუცილებელია. ხარჯი შეიძლება იყოს, გადასახადები, იჯარა, თანამშრომელთა ხელფასები, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო ხარჯია. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმამდე შეამციროს ვადაგადაცილებული სესხების პორტფელიც.

2011-2012 წლებში სესხზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 18.6%-ს შეადგენდა, მათ შორის, ლარში გაცემულ სესხებზე - 21.8%-სა და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე - 15.5%-ს. 2024 წელს საპროცენტო განაკვეთი 13.1%-მდე იყო შემცირებული, მათ შორის, ლარში - 15%-მდე და უცხოურ ვალუტაში - 9%-მდე.

იმავე პერიოდში, საპროცენტო ხარჯი (ბანკებისთვის) დეპოზიტებზე საშუალოდ 8.7%-დან 7.1%-მდე შემცირდა, მათ შორის, ეროვნულ ვალუტაში - 11.3%-დან 9.4%-მდე და უცხოურ ვალუტაში - 8.3%-დან 2.2%-მდე.

გრაფიკი 2: საპროცენტო განაკვეთები სესხებსა და დეპოზიტებზე


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

თუ ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს/მიღებულ დეპოზიტებს გავაერთიანებთ, სპრედი (სხვაობა სესხისა და დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთებს შორის) 2011-2012 წლებში 10.9%-ს შეადგენდა, 2024 წელს - 6%-ს. მიუხედავად ამისა, ჯამური მოგება 2011 წელთან შედარებითაც კი 9.5-ჯერაა გაზრდილი, 2012 წელთან შედარებით - 23-ჯერ.

2011 წლის დეკემბერში ჯამური სასესხო პორტფელი 7.4 მლრდ ლარს შეადგენდა, 2012 წლის დეკემბერში - 8.4 მლრდ-ს და 2024 წლის დეკემბერში - 60 მლრდ-ს. დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება სადეპოზიტო პორტფელზეც, რომლის მოცულობაც 2011 წლის დეკემბერში 7-დან 60 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

მთლიანი საბანკო აქტივებიც 2011 წლის დეკემბერში 12.7 მლრდ ლარს შეადგენდა, 2012 წლის დეკემბერში - 14.4 მლრდ-ს და 2024 წლის დეკემბერში - 96 მლრდ-ს. სააქციო კაპიტალი შესაბამისად, 2.1 მლრდ-ს, 2.4 მლრდ-სა და 14.2 მლრდ-ს.

თითოეულ კომპონენტის ზრდაში გარკვეული როლის ჯამურმა 66%-იანმა ინფლაციამაც, შეასრულა, მაგრამ სახეზეა მასშტაბური რეალური ზრდაც.

ანაბრების ზრდა ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, მოქალაქეებს მეტი დანაზოგი უჩნდებათ და მეორე მხრივ, მეტად ენდობიან ბანკებს. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, საბანკო სესხების ზრდა უმეტეს შემთხვევაში ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს. რაც უფრო მეტი აქვს შემოსავალი ადამიანს, მით მეტი სესხის აღება შეუძლია. როგორც წესი, დიდი სესხი უფრო დიდ გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს და არა უფრო დიდ სიღარიბეზე. ნებისმიერი ბანკი 3000 ლარის ხელფასის მქონე ადამიანს უფრო დიდ სესხს შესთავაზებს, ვიდრე 900 ლარის ხელფასის მქონეს და 15 000 ლარის ხელფასის მქონეს უფრო მეტს, ვიდრე 3000 ლარის მქონეს. ანალოგიური მიდგომა ვრცელდება კომპანიებზეც.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, სადეპოზიტო და სასესხო პორტფელის ზრდის შედეგად რომ ბანკების ჯამური მოგება გაიზარდა, გასაგებია, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანია ისიც, როგორ შეიცვალა მომგებიანობის მაჩვენებელი, რაც

კომერციული ბანკების შემთხვევაში კაპიტალთან უკუგების კოეფიციენტით - ROE და აქტივებთან უკუგების კოეფიციენტით - ROA-თი განისაზღვრება.

გრაფიკი 3: კაპიტალზე უკუგებისა და აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი კომერციული ბანკებისთვის


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

პანდემიის შემდეგ, 2021 წელს კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი (ROE) მკვეთრად გაიზარდა და 30%-ს გადააჭარბა. შემდეგ ცოტა შემცირდა, თუმცა 2022-2024 წლებში 25%-ის ფარგლებში შენარჩუნდა, რაც აღემატება როგორც პანდემიამდელ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ მაჩვენებელს. გაზრდილია აქტივებზე უკუგების მაჩვენებელიც (ROA).

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ 2012-2024 წლებში ბანკების წმინდა მოგება მართლაც 23-ჯერაა გაზრდილი, მაგრამ რადგან 2012 შესადარებლად არც თუ ისე კარგი წელია, 2011-2024 წლებში მოგება 9.5-ჯერაა გაზრდილი. სიმართლეა, რომ ბანკების მოგების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპს აღემატება, თუმცა დინამიკა მსგავსი იყო 2004-2012 წლებშიც. სიმართლეა ისიც, რომ ბანკების მომგებიანობის მაჩვენებელია გაზრდილი, მაგრამ 30%-ზე 2021 წლის შემდეგ აღარ ასულა. გარდა ამისა, ასევე სიმართლეა ისიც, რომ მომხმარებლისთვის, 2011-2012 წლებთან შედარებით, სესხები ეროვნულ ვალუტაშიც და უცხოურ ვალუტაშიც გაიაფებულია, დეპოზიტსა და სესხზე დარიცხულ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა კი შემცირებული.

„ფაქტ-მეტრი“ არ შევა იმის განხილვაში, რამდენი უნდა იყოს ბანკების მოგება და არსებული მონაცემები მაღალია, თუ - დაბალი. რიცხობრივად ძირითადად სწორი სტატისტიკურ მაჩვენებლების, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რაც კონტექსტის არასწორად აღქმის საშუალებას იძლევა, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან ხაბეიშვილის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.