გიორგი ვოლსკი: არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მით უმეტეს, საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უტიფარი ბრალდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვოლსკის განცხადება არის ტყუილი.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, საკუთარ დასკვნებში ვრცლად ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე საუბრობს, როგორიცაა, ხმის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მარკირების არგამოყენება, რაც მისივე შეფასებით, უარყოფითად აისახა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე. ამასთან, სადამკვირვებლო მისიამ ეჭვი შეიტანა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობის ხარისხში და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გამჭვირვალობაში. გარდა ამისა, სადამკვირვებლო მისიამ პირდაპირ მიუთითა იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა.რაც შეეხება საგარეო კურსის შეცვლა-არშეცვლას, აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება თავად ევროკავშირმა გააკეთა, რომელმაც საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა იმ მიზეზით, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებების კურსი ევროკავშირის ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის და საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეს უქმნის.ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მმართველ პარტიას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით“. ევროკავშირის მოწოდებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მაგივრად, „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე გადადო და ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონპროექტების მიღება განაგრძო.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი ვოლსკის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
ანალიზი
საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციის შეფასებისას, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“. იგი საქართველოს საგარეო კურსსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა“. მისივე თქმით, „განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების [როდესაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს - რედ.] შემდეგ ევროინტეგრაცია, ესეც არასწორია“.
„ფაქტ-მეტრმა“ გიორგი ვოლსკის განცხადება გადაამოწმა.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში აკვირდებოდა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია - არჩევნებზე დაკვირვების სანდო, კომპეტენტური და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია, რასაც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღიარებენ. საბოლოო ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მისიამ 2024 წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ანგარიშში ვრცლად არის საუბარი როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს და მის შემდგომ არსებულ დარღვევებსა და გამოწვევებზე.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ეუთო/ოდირი ყურადღებას ამახვილებს, არის ამომრჩეველთა ხმის ფარულობის ხშირი დარღვევა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, „ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების არეალში მოქცეული შემთხვევების 24 პროცენტში, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში შეცურების პროცესით, 12 პროცენტში – ბიულეტენების შევსების წესით, ხოლო 7 პროცენტში – საარჩევნო უბნების არასათანადო შიდა განლაგებით“. სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურთან დამატებითი კომუნიკაციიდან გამოვლინდა, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა.
სადამკვირვებლო მისია საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება და რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ეუთო/ოდირის მიერვე მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.
საბოლოო ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან არსებული დაძაბულობისა და ფიზიკური დაპირისპირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის, ასევე ხმის ფარულობის ხშირი დარღვევის შემთხვევებთან ერთად, არათანმიმდევრულად იყო დაცული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურა, როგორიცაა ამომრჩეველთა თითებზე მარკირება. ის რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, დაკვირვების შემთხვევათა 7 და 4 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარკირებაა ერთ-ერთი მთავარი დაზღვევა, რომ ერთმა პირმა რამდენჯერმე არ მისცეს ხმა (ე.წ კარუსელით გაყალბების სქემა).
საკუთარ ანგარიშში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ასევე შეეხო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობის ხარისხს, განსაკუთრებით არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ფართო პარტიათაშორისი კონსენსუსის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გამჭვირვალობის საკითხს.
სადამკვირვებლო მისია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას.
გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია საჩივრების არასათანადო განხილვა, რამაც სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლება შეზღუდა. კერძოდ, სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარეებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შეტანილი საქმეების უმრავლესობა მხოლოდ ზედაპირულად იქნა შესწავლილი და არ დაკმაყოფილდა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, წარმოებაში არ მიეღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. სადამკვირვებლო მისია ასკვნის, რომ ჯამში, საოლქო კომისიებისა და სასამართლოების მიერ საჩივრების განხილვის ფორმამ დააზიანა სამართლიანი პროცესის უფლება, ვერ უზრუნველყო ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და სრულყოფილად არ უპასუხა ფართოდ გავრცელებულ წუხილს არჩევნების შედეგების სამართლიანობასთან დაკავშირებით.
დასკვნის მიხედვით, დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა.
დეტალური ინფორმაცია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თაობაზე ხელმისაწვდომია ბმულზე.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნები არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არჩევნების გაყალბების არავითარი ნიშანი არ არსებობს, როგორც ამას გიორგი ვოლსკი ამტკიცებს. მეტიც, ანგარიშთან ერთად ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.
რაც შეეხება გიორგი ვოლსკის განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსს ეხება, აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი შეფასება თავად ევროკავშირმა, მისმა წევრ-სახელმწიფოებმა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა გააკეთეს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს წარმოადგენს. 2016 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულებად იქცა, რომელიც 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენითა და შემდგომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით კიდევ უფრო გამყარდა. ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.
თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ რიგმა საკანონმდებლო ინიციატივებმა, რასაც თან სდევდა გაძლიერებული ანტი-დასავლური რიტორიკა და ბრალდებები ევროკავშირის ინსტიტუტების მისამართით, გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. 2024 წლის 30 ოქტომბრის ევროკომისიის ევროპული საბჭოსადმი კომუნიკაციაში პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ „2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას“ და „გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს“ (დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე). ამასთან, ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მმართველ პარტიას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით“.
2024 წლის 28 ნოემბრის ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების, მათ შორის 9 ნაბიჯის შესრულებას და ამგვარად ევროინტეგრაციის პროცესის განახლებას მმართველი პარტია სულ მცირე 2028 წლამდე არ აპირებს. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, „საქართველომ შეწყვიტა ინტერესი ევროინტეგრაციის გაგრძელების მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში... ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას და საქართველოს ყველა წინა მთავრობის განცხადებებს“. ევროკავშირის საბჭომ 2014 წლის 17 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სინანული გამოთქვა „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილების გამო და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას“.
ევროკავშირის მოწოდებებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძო ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონპროექტების მიღება, რომელთა შორის არის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „ასეთი ქმედებები არსებითად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით“.
აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის პროცესისადმი ერთგულების ნიშნად, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხშირად მოჰყავთ არგუმენტი, რომ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელებით, 2030 წლისთვის საქართველოს გასაწევრიანებლად მზად იქნება. ამ კონტექსტში ხაზი უნდა გაესვას, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტს არ წარმოადგენს და მისი 100%-ით შესრულებაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ უზრუნველყოფს. ასოცირების შეთანხმება არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი ევროკავშირსა და ხელმომწერ სახელმწიფოს შორის, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ყოველგვარი ევროპული პერსპექტივის მინიჭების გარეშე. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გარდა, ევროკავშირს ასოცირების შეთანხმება გაფორმებული აქვს რიგ არაევროპულ სახელმწიფოებთან, როგორის მათ შორის არის იორდანია, ეგვიპტე, ჩილე და სხვა.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკის შედეგად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეწყვეტილია ასოცირების შეთანხმებითვე გათვალისწინებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატები - ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი და მის ფარგლებში არსებული თემატური ქვეკომიტეტები. ასევე, აღარ იმართება ისეთი მნიშვნელოვანი ფორმატების შეხვედრები, როგორიც არის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგი და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი.
ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან ერთად, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პანევროპული ორგანიზაციის - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის 29 იანვარს, საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ ერთ, ზამთრის პლენარულ სესიაზე, ისიც გარკვეული შეზღუდვებით ცნო, ხოლო სრულად რატიფიცირებისთვის კონკრეტული პირობები წააყენა. პასუხად, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე, რომელიც 2020-2021 წლებში საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად იყო არჩეული, ევროსაბჭოში გაწევრიანებას „საქართველოს პროგრესის გზაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად“ აფასებდა და აცხადებდა, რომ ამან „ძლიერი სტიმული მისცა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და პროცესის დაჩქარებას“.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი ვოლსკის განცხადებას, მის ორივე ნაწილთან მიმართებით, აფასებს ვერდიქტით ტყუილი.