მამუკა მდინარაძე: ყველა წინა არჩევნებზე გაცილებით უკეთესი არჩევნები იყო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები „ყველა წინა არჩევნებზე გაცილებით უკეთესი“ იყო, „იდეალურად“ და „ისეთი სიზუსტით ჩატარდა, რაც ამ ქვეყანას და მათ შორის ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ღირსებია“.
„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე დაყრდნობით გადაამოწმა, რომელიც საქართველოში ყველა არჩევნებს აკვირდებოდა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი აცხადებს, რომ „[სადამკვირვებლო მისიის] ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.
თავად ანგარიშში საუბარია მრავალრიცხოვან გამოწვევებსა და დარღვევებზე, რომლებიც, საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, წინააღმდეგობაში მოდის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ეუთო/ოდირი ყურადღებას ამახვილებს, არის ამომრჩეველთა ხმის ფარულობის ხშირი დარღვევა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, „ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების არეალში მოქცეული შემთხვევების 24 პროცენტში, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში შეცურების პროცესით, 12 პროცენტში – ბიულეტენების შევსების წესით, ხოლო 7 პროცენტში – საარჩევნო უბნების არასათანადო შიდა განლაგებით“. სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურთან დამატებითი კომუნიკაციიდან გამოვლინდა, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სწორედ ხმის ფარულობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის.
სადამკვირვებლო მისია საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება და რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ეუთო/ოდირის მიერვე მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო. გარდა ამისა, მისიის შეფასებით, არათანმიმდევრულად იყო დაცული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურა, როგორიცაა ამომრჩეველთა თითებზე მარკირება, რომელიც რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, დაკვირვების შემთხვევათა 7 და 4 პროცენტში. დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც მისიის განცხადებითვე არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო.
სადამკვირვებლო მისია მიუთითებს იმაზეც, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას. მისია ასევე შეეხო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობის ხარისხს, განსაკუთრებით არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ფართო პარტიათაშორისი კონსენსუსის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გამჭვირვალობის საკითხს.
დეტალური ინფორმაცია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის თაობაზე ხელმისაწვდომია ბმულზე.
ანგარიშში დაფიქსირებული ზემოხსენებული ფუნდამენტური და მასშტაბური დარღვევები არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებისა და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ანუ მამუკა მდინარაძის სიტყვებით, „იდეალურად“ ჩატარდა. საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების უგულებელყოფას თავად ეუთო/ოდირის მისია არაერთხელ უსვამს ხაზს. ხოლო იმის შესაფასებლად, იყო თუ არა 2024 წლის არჩევნები „წინა არჩევნებზე გაცილებით უკეთესი“, როგორც ამას მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, შეგვიძლია საილუსტრაციოდ ეუთო/ოდირის 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების დასკვნები გავიხსენოთ.
წინა წლებში გამოქვეყნებული ანგარიშები, კრიტიკულ შეფასებებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა არჩევნების დღეს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ფაქტის დადგენისთვის ერთ-ერთ მყარ საფუძველს წარმოადგენდა. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშში ვკითხულობთ: „[31 ოქტომბრის] საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“. მსგავსი ჩანაწერი გვხვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშშიც: „8 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული იყო, ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო“. ამის საპირისპიროდ, 2024 წლის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ამომრჩეველთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. მეტიც, წინასწარი ანგარიშისგან განსხვავებით, სადაც აღნიშნულია, რომ „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა“, საბოლოო ანგარიშში მისია ტერმინ „კონკურენტულს“ საერთოდ აღარ იყენებს და აღნიშნავს, რომ „18 საარჩევნო სია ერთმანეთს კონკურენციას უწევდა ნაკლებად ინტენსიურ კამპანიაში“.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებები იმაზე მიუთითებს, რომ 2024 წელს არჩევნები არათუ წინა წლებზე უკეთესად არ ჩატარებულა, არამედ მათთან შედარებით მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა, ხოლო დაფიქსირებულმა დარღვევებმა არჩევნების საბოლოო შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა. ეს ცალსახად აღნიშნულია ეუთო/ოდირის 2024 წლის ანგარიშშიც.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.