სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ჩარჩო ფორმის თუ ბიულეტენის გამოყენების ნაწილში არანაირ დარღვევას და სამართლებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

გიორგი კალანდარიშვილი: სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ჩარჩო ფორმის თუ ბიულეტენის გამოყენების ნაწილში არანაირ დარღვევას და სამართლებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კალანდარიშვილის განცხადება არის ტყუილი

ანალიზი:

29 აპრილის სხდომაზე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოსცა განკარგულება 2024 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებზე „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ბიულეტენის ფორმისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახის დადგენის შესახებ“.

განკარგულების მიხედვით, საარჩევნო ბიულეტენის, სპეციალური ჩარჩო კონვერტისა და ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მასზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის სახე და ფორმა განკარგულებაზე თანდართული ნიმუშების მიხედვით განისაზღვრება (იხ. დანართი).



წყარო: ცესკოს განკარგულებაზე თანდართული ნიმუში

ცესკოს განკარგულებაზე თანდართული ნიმუშების მიხედვით, ძირითად საარჩევნო ყუთზე მოთავსებულ ხმის მთვლელ აპარატს სპეციალური მუყაოს ჭრილი დაუმაგრდება. გარდა ამისა, ცესკოს იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, „ბიულეტენის ფორმა იქნება სამ სვეტიანი. ხოლო, ჩარჩო კონვერტის ფორმა იქნება 3 სახის, ერთი რომელიც სრულად დაფარავს სამივე სვეტს, მეორე, რომელიც დაფარავს პროპორციულ და მერის სვეტს და მესამე, რომელიც დაფარავს მხოლოდ პროპორციულ სვეტს“.


წყარო: ცესკოს განკარგულებაზე თანდართული ნიმუში

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცვლილებები სპეკულაციების მინიმიზებას ემსახურება და ამ მიმართულებით არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი -„მიუხედავად იმისა, რომ არანაირ დარღვევას ამ მიმართულებით, სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ჩარჩო ფორმის თუ ბიულეტენის გამოყენების ნაწილში არანაირ დარღვევას და სამართლებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. როგორც უკვე აღვნიშნე, სათანადო რისკების და სპეკულაციის სივრცის მინიმიზების მიზნით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, - თქვა ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილმა“.

„ფაქტ-მეტრმა“ გიორგი კალანდარიშვილის განცხადება გადაამოწმა.

ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით.

ამ პრინციპის დარღვევა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს შორის, არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე - სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიისა და ამომრჩევლების მიერ დასახელდა, არამედ ეს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშშიც დადასტურდა.

ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, ხმის ფარულობის კომპრომეტირება სხვადასხვა მიზეზმა/მათმა კომბინაციებმა განაპირობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში მონიშვნის წესის, ხოლო 7%-ში საარჩევნო უბნის განლაგების გამო.

ანგარიშში რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც არის გამოყოფილი - კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტებისა თუ დამკვირვებლების დგომა საარჩევნო ყუთთან ან კაბინასთან ახლოს, ბიულეტენის მეორე მხრიდან მარკერის კვალის დანახვის შესაძლებლობა, ჩარჩო-კონვერტის არასწორი გამოყენება, უბანზე განთავსებული ვიდეოკამერები, რომელთაც ასევე შეეძლოთ ხმის ფარულობის კომპრომეტირება.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ეუთო/ოდირს იმის დასაზუსტებლად მიმართა, დაკვირვების შემთხვევათა რამდენ პროცენტში შესაძლოა დარღვეულიყო ხმის ფარულობა. ეუთოს დასკვნაში მოცემული რიცხვების მექანიკური დაჯამება, მათ შორის შესაძლო გადაფარვის გამო, მათემატიკურად არ შეიძლებოდა. საპასუხო წერილით ეუთო/ოდირის პრეს-სპიკერმა კატია ანდრუშმა დაადასტურა, რომ რიცხვების მექანიკური დაჯამება არსებული გადაფარვების გამო ნამდვილად არ შეიძლება. მისივე თქმით, "ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, მათ შორის [საარჩევნო უბნის] განლაგება, ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენის მონიშვნა, აპარატში ბიულეტენის მოთავსება, ხმის ფარულობის სხვა საკითხები ან მათი კომბინაცია, დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და მიმართა კიდეც ცესკოს, რომ მას პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიეღო. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით (№01-01/1607), საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა.

ამავე საკითხზე კომუნიკაცია ცესკოს წარმომადგენლებთან „ფაქტ-მეტრსაც“ ჰქონდა. არჩევნებამდე პერიოდში, ცესკოს მიერ საილუსტრაციოდ გამოყენებულ ბიულეტენებზე მკაფიოდ ჩანდა, რომ გაფერადებისას მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს გადადიოდა. 18 ივლისს, ცესკომ „ფაქტ-მეტრს“ საარჩევნო ტექნოლოგიები გააცნო, სადაც ცესკოს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ეს მხოლოდ საცდელი ბიულეტენი იყო და არჩევნებისთვის დაიბეჭდებოდა უფრო მაღალი ხარისხის ბიულეტენები, რომლებზეც მარკერის კვალი მეორე მხარეს აღარ გამოჩნდებოდა [1].

ხმის ფარულობის საკითხს 30 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, „ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენზე“.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შარაბიძე თავის განმარტებაში ყურადღებას ბიულეტენის სისქეზე ამახვილებს. სინამდვილეში, ცესკოს პირობა არა ბიულეტენის ქაღალდის სისქეს, არამედ მის ხარისხს უკავშირდებოდა და გულისხმობდა, რომ მეორე მხარეს მარკერის კვალი არ უნდა გადასულიყო. საკითხს საკუთრივ ქაღალდის სისქე კი არ წარმოადგენდა, არამედ ის ფაქტი, რომ მეორე მხარეს მარკერის კვალი ჩანდა და ცესკოს პირობაც სწორედ ის იყო, რომ საარჩევნო დღეს განსხვავებული ხარისხის ბიულეტენები იქნებოდა, რაც ამ გზით ხმის ფარულობის დარღვევისგან დაგვიცავდა (იხილეთ ვიდეო, სადაც ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადების კვალი ნათლად ჩანს).

კენჭისყრის დღეს, ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების განლაგების გათვალისწინებით, ადვილად მისახვედრი იყო, თუ როგორი არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. კერძოდ, თუ ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადების კვალი ბიულეტენის ზედა ნახევარში იქნებოდა, დადასტურებით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციური პარტია აირჩია. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყუთთან მდგომი კომისიის წევრი ბიულეტენს, ამომრჩევლის ნაცვლად, ხშირად თავად ათავსებდა აპარატში. ასევე, უბნების დიდ ნაწილში „ქართული ოცნების“ კამერები იყო დამონტაჟებული და, უმეტეს შემთხვევაში, პირდაპირ უყურებდა ხმის მთვლელ აპარატს (იხილეთ ვიდეომტკიცებულება). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კენჭისყრის დღის განმავლობაში, მოქალაქეები თავად ავრცელებდნენ იმ ფაქტს, რომ მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო, ხმის ფარულობის დარღვევა 2024 წლის 4 ნოემბერს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა სასამართლომ სხდომის დარბაზში მხარეების და სასამართლოს მონაწილეობით ჩატარებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის საფუძველზე დაადასტურა და წალკის და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები (კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები) ბათილად ცნო.

გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ „გონივრულობის ფარგლებში, უმეტეს შემთხვევებში, შეუძლებელია ამომრჩეველმა წარმოდგენილი ბიულეტენის, მარკერის და ჩარჩო კონვერტის მეშვეობით გამოხატული ნება (გაფერადებული/გაუფერადებელი. მონიშნული/მოუნიშნავი ბიულეტენი) ისე მოათავსოს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში, რომ სრულად გამორიცხული იქნეს მისი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა“. (გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე.) თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება საქართველოს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე ნორმისა და მათ საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმების როლი და ადგილი ვერც საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა და წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და დეპუტატების შესაბამისი სარჩელები.

ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებას, თითქოს საარჩევნო დოკუმენტაციასთან - მათ შორის ბიულეტენისა და ჩარჩო-კონვერტების ფორმებთან - დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი დარღვევა ან გადაცდომა არ ყოფილა, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა ერთ-ერთ სისტემურ პრობლემად დასახელდა, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისე საერთაშორისო მისიის (ეუთო/ოდირი) მიერ.

დარღვევებს შორის სწორედ ბიულეტენის დიზაინთან და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული პრობლემები (მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხარეს, ბიულეტენის აპარატში მოთავსების წესი, ჩარჩო-კონვერტის ფორმა და უბნის განლაგება ან მათი კომბინაცია) გამოიკვეთა, რომლებიც ცესკოს მიერ წინასწარ გაცემული დაპირებების მიუხედავად არ აღმოიფხვრა და შედეგად ამომრჩევლის ნების ფარულობა დაირღვა.