შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

ლევან დავითაშვილი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2024 წელს საქართველოდან შეერთებულ შტატებში ექსპორტზე 141 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა და იმპორტის სახით 2.1 მლრდ-მდე შემოვიდა და სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მლრდ-ს გადააჭარბა.

პანდემიის შემდეგ და იქამდეც 2017-2019 წლებში, ბრუნვა მუდმივად იზრდებოდა, მაგრამ ძირითადად იმპორტის ხარჯზე. 2019-დან 2024 წლამდე ექსპორტი 132 მლნ-დან 141 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი - 679 მლნ-დან 2.1 მლრდ-მდე. ამასთან იმპორტი მუდმივად მზარდია, ექსპორტი კი 2021-2022 წლებთან, ასევე 2014 და 2018 წელთან შედარებით, შემცირებულია.

იმპორტირებული პროდუქციის 90%-ზე მეტს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომელთა დიდი ნაწილი რეექსპორტისთვისაა განკუთვნილი. 2021-2024 წლებში შეერთებული შტატებიდან ავტომობილების იმპორტი 562 მლნ-დან 1.9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო რეექსპორტი ძირითადად შუ აზიასა და მეზობელ ქვეყნებში - 457 მლნ-დან 2.4 მლრდ დოლარამდე.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა ნომინალურად მართლაც გაორმაგდა და 256-დან 528 მლნ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა თუ მას ერთჯერად ფაქტორებს, კერძოდ ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტს გამოვაკლებთ, ზრდის ტემპი 5%-მდე შემცირდება. თუ 2013-2024 წლებში მთელი მსოფლიოდან ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტმა 9 მლნ დოლარი შეადგინა, 2025 წლის იანვარში მხოლოდ შეერთებული შტატებიდან მან 259 მლნ-ს მიაღწია. შესაბამისად, ის ტიპურ ეკონომიკურ საქმიანობად ვერ ჩაითვლება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საგარეო ვაჭრობის სამი თვის მონაცემები 22 აპრილს გამოქვეყნდა, ლევან დავითაშვილმა კი 24 აპრილს ორი თვის მონაცემები გააანალიზა. თუ პირველ კვარტალს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ბრუნვა ნომინალურად 59%-ით იქნება გაზრდილი, ნახატებისა და ქანდაკებების გამოკლებით კი 3%-ით შემცირებული (422-დან 410 მლნ-მდე). ცალკე აღებული ექსპორტი განახევრებულია და 30 მლნ-დან 15 მლნ-მდეა შემცირებული.

ნომინალურად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რაც მცდარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა ლევან დავითაშვილმა 24 აპრილს „ტვ იმედზე“ ჩართვისას განაცხადა (7:40-დან): „საქართველოსა და ამერიკას შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება, დღეს ის 2.2 მლრდ დოლარს შეადგენს, თუმცა პირველი ორი თვის მონაცემებით თითქმის გაორმაგება გვაქვს, დაახლოებით 0.5 მლრდ დოლარს შეადგენდა ბრუნვა. საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რამდენიმე მსხვილი ამერიკული პროდუქტისთვის, საქართველოში ეს პროდუქცია შემოდის და საქართველო არის სავაჭრო ჰაბი საიდანაც ნაწილდება, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე შუა აზიაში და ფართო რეგიონის ქვეყნებში.“

2024 წელს საქართველომ შეერთებულ შტატებში ექსპორტზე 141 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა და თითქმის 2.1 მლრდ დოლარის იმპორტი განახორციელა. შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მლრდ-ს გადააჭარბა.

გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვა შეერთებულ შტატებთან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სავაჭრო ბრუნვაზე საუბრისას ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა პერიოდს გულისხმობდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2015-2016 წლებში ძირითადად ექსპორტის კლების გამო აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა 2014 წელთან შედარებით თითქმის 40%-ით - 495 მლნ-დან 299 მლნ დოლარამდე შემცირდა. ამის შემდეგ კლება მხოლოდ ერთხელ პანდემიის დროს დაფიქსირდა, რაც შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს, 2021 წლიდან კი მუდმივად იზრდება. 2022 წელს მან პირველად მილიარდს, ხოლო 2023 წელს უკვე 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

სავაჭრო ბრუნვის ზრდაში ლომის წვლილი იმპორტს მიუძღვის. 2024 წლის ექსპორტი 2019 წლის მაჩვენებელს აჭარბებს, თუმცა ჩამორჩება როგორც 2021-2022 წლების, ასევე 2014 და 2018 წლების მაჩვენებლებს.

აშშ-ში #1 საექსპორტო პროდუქტს ფეროშენადნობები წარმოადგენს. მისი ჯამური წილი 2013-2024 წლებში 80%-ს შეადგენს და ექსპორტში ცვლილება ძირითადად სწორედ მის დინამიკაზეა დამოკიდებული. 2023-2024 წლებში ფეროშენადნობების წილი მნიშვნელოვნად ჯერ 71%-მდე და შემდეგ 53%-მდე შემცირდა, თუმცა პირველი ადგილი არ დაუთმია. სურათი 2025 წლის დასაწყისში შეიცვალა და იანვარ-მარტის მდგომარეობით, აშშ-ში ფეროშენადნობების ექსპორტი განულდა.

გრაფიკი 2: ექსპორტი აშშ-ში (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წელს აშშ-ში ექსპორტში მეორე ადგილზე 8.4 მლნ-ით მილები და მილაკები გავიდა, 7.2 მლნ-ით მესამეზე - საფრენი აპარატების ნაწილები და 7.1 მლნ-ით - მეოთხეზე ღვინო.

აშშ-ში ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. 2013-2024 წლებში ყოველ მომდევნო წელს წინა წელთან შედარებით, როგორც თანხობრივად, ასევე რაოდენობრივად მეტი ღვინო იყიდებოდა. შეერთებულ შტატებში 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასმა 2024 წელს 5.96 დოლარი შეადგინა, რაც საშუალო საექსპორტო ფასზე (ლიტრზე 2.91 დოლარი) ორჯერ მაღალია, თუმცა აშშ-ის წილი ღვინის ექსპორტში მხოლოდ 2.6%-ს შეადგენს (რაოდენობრივად 1.3%-ს).

ექსპორტისგან განსხვავებით, რომელიც 2024 წლის მდგომარეობით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით პრაქტიკულად არ გაზრდილა (2019 წლის მაჩვენებელს 7%-ით აღემატება, მაგრამ 2018 წლის მაჩვენებელს 12%-ით და 2014 წლის მაჩვენებელს 32%-ით ჩამორჩება), იმპორტი 3-ჯერაა გაზრდილი. თავის მხრივ, იმპორტის ზრდა ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს უკავშირდება. 2023-2024 წლებში მსუბუქი ავტომობილების წილი შეერთებული შტატებიდან კიდევ უფრო გაიზარდა და იმპორტში 90%-ს გადააჭარბა.

გრაფიკი 3: იმპორტი აშშ-დან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წლის მდგომარეობით, იმპორტში პირველ ადგილზე გასული მსუბუქი ავტომობილები, მეორე ადგილზე გასულ თხილსა და კაკალს (23 მლნ დოლარის იმპორტით) 83-ჯერ აჭარბებდა.

მსუბუქი ავტომობილების დიდი ნაწილი რეექსპორტზე გადის. 2022, განსაკუთრებით კი 2023-2024 წლებში იმპორტის ზრდა ძირითადად სწორედ რეექსპორტს უკავშირდება. 2021 წელს რეექსპორტზე 457 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილი გავიდა. 2022 წელს ორჯერ მეტი 906 მლნ-ის. 2023 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 2.1 მლრდ-ს, ხოლო 2024 წელს 2.4 მლრდ-ს გადააჭარბა. მთავარ ბაზრად ბოლო წლებში შუა აზიის ქვეყნები კერძოდ ყირგიზეთი და ყაზახეთი იქცა. ლევან დავითაშვილმა რეექსპორტის არსებობა დაადასტურა, თუმცა მან „რამდენიმე მსხვილი ამერიკული პროდუქცია“ ახსენა, მასშტაბების გათვალისწინებით, ასეთი მხოლოდ ერთია და არა რამდენიმე.

ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ თვეში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვამ 256 მლნ დოლარი შეადგინა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 106%-ით მეტი - 528 მლნ დოლარი. ნომინალურად გაორმაგება სახეზეა, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც გარემოებას ცვლის. ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტის გარეშე, სავაჭრო ბრუნვა 269 მლნ იქნებოდა ანუ მხოლოდ 5%-ით მეტი.

გრაფიკი 4: სავაჭრო ბრუნვა შეერთებულ შტატებთან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რატომ არ უნდა იქნას გათვალისწინებული ნახატები და ქანდაკებები? 2013-2024 წლებში მთელი მსოფლიოდან მათმა იმპორტმა სულ 9.2 მლნ დოლარი შეადგინა, 2025 წლის იანვარში კი მხოლოდ შეერთებული შტატებიდან 28-ჯერ მეტი - 259 მლნ დოლარი. ცალსახაა, რომ ეს ერთჯერადი ფაქტორია და ტიპურ ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება.

გრაფიკი 5: ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტი (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კიდევ ერთი დეტალი. იმ დროს, როდესაც ლევან დავითაშვილმა განცხადება გააკეთა, საგარეო ვაჭრობის სამი თვის მონაცემების უკვე ორი დღის გამოქვეყნებული იყო (მონაცემები საქსტატმა 22 აპრილს გამოაქვეყნა და ლევან დავითაშვილმა განცხადება 24 აპრილს გააკეთა), თუმცა მან მაინც ორ თვეზე ისაუბრა. იანვარ-მარტის მონაცემებით, ნახატებისა და ქანდაკებების ჩათვლითაც კი ზრდის ტემპი უფრო ნაკლებია და 59%-ს შეადგენს, ხოლო მის გარეშე 3%-იანი კლება ფიქსირდება - 422 მლნ-დან 410 მლნ-მდე. ამასთან, ექსპორტი განახევრებულია. 2024 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში ექსპორტზე 29.9 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2025 წლის პირველ კვარტალში - 14.8 მლნ-ის. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ფეროშენადნობებია. გასული წლის პირველ კვარტალში აშშ-ში 19.6 მლნ-ის ფეროშენადნობები გაიყიდა და 66%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კი აშშ-ში ფეროშენადნობები ექსპორტზე საერთოდ არ გასულა.

გრაფიკი 6: სავაჭრო ბრუნვა აშშ-სთან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის წლებია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. აპრილში პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით საქართველოს 10%-იანი ტარიფი დაუწესდა, რაც მართალია აძვირებს ქართულ პროდუქციას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოთა უმრავლესობას უფრო მაღალი ტარიფი შეეხო ერთგვარ კონკურენტულ უპირატესობას ქმნის. ახალი ტარიფების ამოქმედებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული და მისი გავლენის რიცხვებში შეფასება შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტარიფები სწრაფად იცვლება, ასევე წესდება გამონაკლისები ცალკეულ პროდუქციაზე, რაც პროგნოზს კიდევ უფრო რთულს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ლევან დავითაშვილის მიერ დასახელებული რიცხვები ნომინალურად სიმართლეს შეესაბამება. 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მლრდ-ს გადააჭარბა და მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა, თუმცა ბრუნვა ძირითადად რეექსპორტისთვის განკუთვნილ იმპორტის ხარჯზე გაიზარდა, მაშინ, როცა ექსპორტი ჩამორჩება როგორც 2021-2022, ასევე პანდემიამდელ 2014 და 2018 წლების მაჩვენებელს. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში გაორმაგება კი მთლიანად ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება. პირველი კვარტლის მონაცემით, არათუ ზრდა, 3%-იანი კლება ფიქსირდება, ექსპორტი კი საერთოდ განახევრებულია. ნომინალურად სწორად დასახელებული რიცხვების, მაგრამ რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რაც მცდარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ქმნის, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

ყველა სიახლე