2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები  73%-დან 41%-მდე შემცირდა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 73%-დან 41%-მდე შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები ნომინალურ მაჩვენებელში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი. თუმცა, შეფასებისას არსებითად მნიშვნელოვანია მაჩვენებლის მშპ-თან მიმართებით გაანალიზება, თუ 2012 წელს ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი მშპ-ს 1.5% იყო, 2024 წელს ის 2.4%-მდე გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ჯანმოს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს - 5.4%. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის ფონზე 2023-2024 წლებში წინა წლებთან შედარებით (2015-2022) ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით შემცირდა.
საქართველოში ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი 2012 წელს 73.4% იყო და 2022 წლისთვის 40.4%-მდე შემცირდა. მიუხედავად მკვეთრი შემცირებისა, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი ჯერ კიდევ მაღალია როგორც რეგიონის საშუალო მაჩვენებელთან (26.8%) შედარებით, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით - საქართველო ამ კუთხით რეგიონის 53 ქვეყნიდან მეშვიდე ყველაზე ცუდ პოზიციაზეა.
შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება ფაქტობრივად სწორია, თუმცა მხოლოდ დადებით ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას და არ ასახავს იმ გამოწვევებს, რაც ამ მხრივ კვლავ არსებობს. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაზიარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად… შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 41%-მდე“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის თანახმად, 2013-2024 წლებში ჯანდაცვის სფეროზე სახელმწიფო დანახარჯების მოცულობა ნომინალურ მაჩვენებელში დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა. თუმცა აღნიშნული ზრდის მიუხედავად მშპ-ში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი კვლავ დაბალია.

2024 წელს ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილმა მშპ-ს 2.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს - 5.4%.

გარდა ამისა, წინა წლებთან (2015-2022) შედარებით, 2023–2024 წლებში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებით შემცირებულია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა ჩამორჩება ეკონომიკური ზრდის დინამიკას.

გრაფიკი 1: ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, 2012-2024 წლებში


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი

ჯანდაცვის დაფინანსების ზრდა ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს უკავშირდება. 2013 წელს ამ პროგრამის ამოქმედებამ სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია - სახელმწიფომ მიზნობრიობის პრინციპი საყოველთაო მიდგომით ჩაანაცვლა და პროგრამა ყველა მოქალაქეზე გაავრცელა, ვისაც სხვა სადაზღვევო პაკეტი არ გააჩნდა. 2017 წელს პროგრამაში დიფერენცირებული სადაზღვევო პაკეტები შემოიღეს, რაც საყოველთაო მიდგომიდან ნაწილობრივ მიზნობრივ დაფინანსებაზე დაბრუნებას ნიშნავდა.

ამასთან, შეიცვალა დაფინანსების მექანიზმიც - 2013 წელს გაუქმდა კერძო სადაზღვევო კომპანიებზე დაფუძნებული სისტემა და საყოველთაო პროგრამა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პირდაპირი გადახდის წესით ფინანსდება. აღნიშნული ცვლილება ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან თავიდანვე კრიტიკულად შეფასდა. ერთიანი შემსყიდველის პრინციპზე გადასვლამ, შექმნა ფინანსური რისკები, რომლებიც მთლიანად ბიუჯეტზე გადანაწილდა. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, ეს მოდელი ხარჯების მართვის ეფექტიან მექანიზმად არ მიიჩნევა. გასულმა წლებმა აჩვენა კიდეც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ხარჯების მართვაა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვის დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე საკუთარი ჯიბიდან გაწეული დანახარჯების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალი ნიშნულზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2012 წელს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი 73.4%, 2013 წელს კი 69% იყო, 2022 წლისთვის[i] კი ეს მაჩვენებელი 40.4%-მდე შემცირდა. მიუხედავად დადებითი დინამიკისა, ამ მაჩვენებლით საქართველო ჯანმოს ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდ პოზიციაზეა.

ჯანმოს ევროპის რეგიონი მოიცავს 53 ქვეყანას, რომელიც არამხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებს მოიაზრებს, არამედ ტრანსკონტინენტურ ქვეყნებსაც და რიგ აზიურ ქვეყნებსაც, ვინაიდან ჯანმოს კლასიფიკაცია ეფუძნება არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ჯანდაცვის სისტემების მსგავსება და გამოწვევები.

ჯანმოს ბოლო, 2022 წლის მონაცემებით, ევროპის რეგიონში, 53 ქვეყნიდან საქართველო ჯანდაცვაზე მოსახლეობის პირადი დანახარჯების მაღალი წილით მეშვიდე ადგილზეა. საქართველოზე ცუდი მაჩვენებელი მხოლოდ ცენტრალური აზიის ქვეყნებს (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი) და სომხეთს (79%), აზერბაიჯანსა (64.5%) და ალბანეთს (51.3%) აქვს. საქართველოს მსგავსი მაჩვენებელი აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას (40.2%).

ევროპის რეგიონში ჯანდაცვაზე მოსახლეობის დაბალი დანახარჯებით წამყვან პოზიციებს იკავებენ: მონაკო (7.5%), ლუქსემბურგი (8.5%), ანდორა (8.8%), საფრანგეთი (8.9%), ხორვატია (9.2%), ნიდერლანდები (10%), ირლანდია (10.6%) და გერმანია (10.7%).

საქართველოს მაჩვენებელი ჯანმოს ევროპული რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (26.8%) ასევე მნიშვნელოვნად აღემატება.

მოსახლეობის მაღალი დანახარჯები ჯანდაცვაზე განსაკუთრებით მედიკამენტებთან დაკავშირებულ ხარჯებს უკავშირდება. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება ჯანდაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად, რასაც განაპირობებს ფასების მაღალი დონე და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მედიკამენტების დაფინანსების შეზღუდული მოცვა.

ამრიგად, მიუხედავად დადებითი დინამიკისა, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი ჯერ კიდევ მაღალია, როგორც რეგიონის საშუალო მაჩვენებელთან, ასევე სხვა ქვეყნებთან მიმართებით.

[i] 2023-2024 წლების მონაცემები ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული.