ბოლო დღეებში აქტიური განხილვის თემა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო ცვლილება გახდა. ამის შესახებ საუბრები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ გენერაციის ცალკეული ობიექტებისთვის განსაზღვრული ტარიფისა და გადაცემა/დისპეტჩერიზაციის ტარიფების გადახედვამ გამოიწვია. ცვლილებების მთავარ მიზეზად დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შემცირება მიიჩნევა.
საქართველოს ელექტროსისტემა ოთხ პირობით მდგენელად შეიძლება დაიყოს, რომელთაგან თითოეული კომპონენტი სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე გავლენას ახდენს:
რაც შეეხება თავისთავად სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებას, ამ მიზნით შესაბამის დადგენილებაში ბოლო ცვლილება 2015 წელს შევიდა, როდესაც ჯერ "ენერგო-პრო ჯორჯიას", შემდეგ კი "თელასის" მომხმარებლისათვის ტარიფი გაიზარდა. აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ლარის კურსი, მოქმედი ტარიფის დამტკიცების თარიღის კურსთან მიმართებაში, "ენერგო-პროს" შემთხვევაში 31%-ით, „თელასის“ შემთხვევაში კი 42%-ით იყო შემცირებული. დღეის მდგომარეობით ლარის გაუფასურების მიმდინარე მაჩვენებელი ბოლო ცვლილების პერიოდთან მიმართებაში 23%-მდეა.
თეორიულად, ტარიფის მატების თავიდან აცილების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორისაა ბაზრის სუბიექტებთან მოლაპარაკება. კერძოდ, მათ წინაშე არსებული მოთხოვნების, მათ შორის საინვესტიციო ვალდებულებების შემცირება (მსგავსი პრეცედენტი ცნობილია). თუმცა, აღნიშნულ გზა დარგის განვითარებაზე უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე ნაკლებად სასურველია.
თეორიულად დასაშვებია ტარიფის შენარჩუნება რესურსის ძვირ ნაწილზე - თბოსადგურების მიერ გამომუშავებულ და იმპორტირებულ ენერგიაზე უარის თქმის ხარჯზე. თუმცა, აღნიშნული ავტომატურად მოხმარებაში შეზღუდვებს (გრაფიკი) ნიშნავს, რაც ასევე ნაკლებად მისაღები ალტერნატივაა. ასევე მიუღებელია ბიუჯეტიდან სუბსიდირების გზა, რაც ერთი მხრივ სოციალური პროექტებით ისედაც გადატვირთული ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთია, მეორე მხრივ კი, თუ მომხმარებლისთვის ტარიფი არ გაიზრდება, შესაბამისად არ შემცირდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და ეს შეუძლებელეს გახდის ენერგიის ძვირი წყაროების წილის შემცირებას მთლიან გამომუშავებაში.
შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის სუბიექტების ხარჯების ზრდის პირობებში, ყველაზე ლოგიკური და ეკონომიკური შინაარსის თვალსაზრისით გამართლებული გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფის ზრდაა, რაც ერთის მხრივ შეამცირებს მოთხოვნას ელექტროენერგიაზე (შემცირდება ძვირი ენერგიის მიღების აუცილებლობა), მეორე მხრივ კი, კომერციულ სუბიექტებს მისცემს გაზრდილი ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას.
საერთო ჯამში, ტარიფის ცალკეული კომპონენტების ზრდა საკმარისად მაღალია, თუმცა აღნიშნული ნაწილობრივ სხვა კომპონენეტების შემცირების ხარჯზე დაბალანსდა. შედეგად, ამ ეტაპზე სემეკმა მიზანშეწონილად სამომხმარებლო/საყოფაცხოვრებო ტარიფის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება მიიჩნია, ხოლო საშუალო და მაღალი ძაბვის ტარიფები გაიზარდა. „თელასის“ შემთხვევაში 0.035 თეთრით მოიმატებს საშუალო ძაბვაზე ელექტროენერგიის ფასი, ხოლო მაღალ ძაბვაზე 0.446 თეთრით. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლისთვის კი, საშუალო და მაღალი ძაბვის ტარიფი შესაბამისად 0.657 და 0.001 თეთრით გაძვირდება.
სემეკის ხელმძღვანელის განცხადებით, ტარიფების გადახედვის გადაწყვეტილება დოლართან მიმართებაში ლარის კურსის 2.5-ის დონეზე გათვალისწინებით იქნა მიღებული. თბოსადგურების შემთხვევაში კი, კურსი ერთ დოლარში 2.78 დონეზე არის გათვალისწინებული, რის მიზეზადაც გაზის შესასყიდ ფასზე კურსის ცვლილების პირდაპირი გავლენა დასახელდა. ამავე მიზეზით შესაძლოა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფიც გაიზარდოს. კურსის ცვლილების მიუხედავად, სამომხმარებლო ტარიფი გაზზე დღემდე ნარჩუნდებოდა, კორექტირება განიცადა მხოლოდ კომერციული სექტორისათვის მისაწოდებელი აირის ფასმა, ვინაიდან ბაზრის აღნიშნული ნაწილი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დერეგულირებულია.
- გენერაციის ობიექტებს წარმოადგენს 5 ერთეული თბოსადგური, ქართლის ქარის სადგური და 71 ჰიდროელექტროსადგური;
- ელექტროენერგიის გადაცემას ახორციელებს სამი ოპერატორი: ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, ბ) სს „საქრუსენერგო“, გ) სს „ენერგოტრანსი“;
- დისპეტჩირებაზე პასუხისმგებელია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
- ელექტროენერგიის განაწილებას, გარდა პირდაპირი მომხმარებლების შემთხვევისა, უზრუნველყოფს სამი სუბიექტი: ა) სს „თელასი“, ბ) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, გ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
![10](http://factcheck.ge/storage/files/wp/2016-12-10.png)
თეგები: