ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა კენჭისყრის დღის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ხმის ფარულობის დარღვევა დაასახელეს (იხ. ბმული 1, ბმული 2). ორგანიზაციებმა ხმის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო უბნების არასწორ განლაგებას, უბნებზე მმართველი პარტიის მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერების არსებობას, კენჭისყრის კაბინების სიახლოვეს გარეშე პირთა დგომას, უბნებზე მოქალაქეთა სიჭარბეს და საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული მონიშვნის უკანა მხრიდან დანახვის შესაძლებლობას მიაწერეს.
ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული მონიშვნის უკანა მხრიდან დანახვის შესაძლებლობის გამო, მისი მასშტაბისა და სისტემურობის გათვალისწინებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამ საფუძვლით, 4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ, ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და წალკის და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები (კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები) ბათილად ცნო (გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე).
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სხდომის დარბაზში მხარეების და სასამართლოს მონაწილეობით ჩატარებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში დაადგინა, როდესაც რამდენიმე ფარულად მონიშნული საარჩევნო ბიულეტენის სხვადასხვა პირთა მიერ ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში მოთავსებისას, აპარატთან მდგომი მხარეებისთვის ცნობილი გახდა, თუ რა ნაწილი იყო გაფერადებული.