• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქობულეთის სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის მგფ ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში  2 მლნ ლარზე მეტს გადაიხდის

ქობულეთის სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის მგფ ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში 2 მლნ ლარზე მეტს გადაიხდის

არაერთი დაპირებისა და მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ ქობულეთში სპორტკომპლექსი დღემდე ვერ ააშენა.

26/01/2026
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

არაერთი დაპირებისა და მცდელობის მიუხედავად, აჭარის მთავრობამ ქობულეთში სპორტკომპლექსი დღემდე ვერ ააშენა. ახლა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გადახდილია 469 569 ლარი, სამინისტრომ ახალი ტენდერი გამოაცხადა და დოკუმენტაციის მომზადებაში 2 მილიონზე მეტს გადაიხდის.

ქობულეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხი, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, დღის წესრიგში დგას, თუმცა დღემდე რჩება განუხორციელებელი პროექტების ჩამონათვალში. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 25 000 ლარად ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ შეისყიდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში, საწყისი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის, 4 000 ლარი გამოიყო, ხოლო 2013 წლის ბიუჯეტში 3 მლნ ლარზე მეტი გაითვალისწინა. იმავე წელს, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, გამოცხადდა ტენდერი და ხელშეკრულება გაფორმდა ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „გზა XXI-ს“ შორის. მოგვიანებით, მიმწოდებელმა შემსყიდველს წერილით მიმართა და აცნობა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა. მხარეებმა ხელშეკრულება გაწყვიტეს.

მას შემდეგ საკითხი პერიოდულად აქტიურდებოდა. მაგალითად, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა. კერძოდ, მან თქვა, რომ პროექტი უკვე მზად იყო, წლის ბოლოს შესაბამისი პროცედურები დასრულდებოდა და მშენებლობაც მალე დაიწყებოდა. ინფორმაცია აჭარის ა/რ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. იმავე წლის დეკემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აჭარის მთავრობას, ობიექტის ასაშენებლად, მიწის ნაკვეთიც გადასცა. ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროექტების მართვის კომპანიამ“, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საზოგადოებაა, კონკურსის წესით შეიძინა, 2022 წლის ზაფხულში ჩაიბარა და 469 569 ლარი გადაიხადა.

სპორტკომპლექსი აღნიშნული პროექტის მიხედვით უნდა აშენებულიყო. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 37 451 710 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2023 წლის აგვისტოში გამოცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაოთხ თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა შესყიდვით არავინ დაინტერესდა და შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. ამის შემდეგ, პროექტების მართვის კომპანიას ახალი შესყიდვა აღარ გამოუცხადებია. აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრმა“ სტატია მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა. მაშინ სტატიის ავტორი კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა და დაიტერესდა, იყო, თუ - არა გათვალისწინებული ობიექტის მშენებლობისთვის თანხა 2024 წლის ბიუჯეტში. ბაქარ ჩიტაიამ თქვა, რომ თანხა გათვალისწინებულია და ტენდერი ამ წელს აუცილებლად გამოცხადდება, თუმცა კონკრეტული დრო ვერ დაასახელა. გარკვეული დროის შემდეგ, „ფაქტ-მეტრმა“ „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორს კვლავ მიმართა. სატელეფონო კომუნიკაციის დროს, ბაქარ ჩიტაიამ გაიმეორა, რომ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება და შემსყიდველი კვლავ შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ იქნება. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

2025 წლის დეკემბერში, როცა აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაინტერესდა, რატომ არ იყო სპორტკომპლექსის მშენებლობის თანხა გათვალისწინებული მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტში. პროექტის წარმდგენმა ედნარ ნატარიძემ უპასუხა: „ამ მიმართულებით, მიწის გადაცემა და იქ არსებული ტერიტორიის გადაცემა მოითხოვა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ვინაიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. ბოლოს ორი თვის წინ მოგვთხოვეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მომზადებული მანამდე და ჩვენ უნად განგვეხორციელებინა ეს პროექტი. შესაბამისად, ცენტრალურ ხელისუფლებაში ეს პროექტი გადაგზავნილ იქნა და ამიტომ ვფიქრობთ, ეს უწყება გამოაცხადებს ამ სამუშაოებს.“

როგორც ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მთავრობის 2025 წლის 20 ივნისის განკარგულებით, განისაზღვრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის განმახორციელებლად და დაევალა ამ მიმართულებით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვა. ასევე, პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა პროექტების შერჩევა. ვინაიდან ქობულეთში სპორტკომპლექსის მშენებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია, დავინტერესდით, რატომ გახდა აუცილებელი, რომ პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს წაეღო?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მგფ-ს წერილობით მივმართეთ. ადრესატის წერილიდან ირკვევა, (დანართი 1), რომ კონკურსისთვის დოკუმენტაციის მომზადება დაიწყო ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებლის წერილის საფუძველზე, ანუ ინიციატორად ქობულეთის მერია წარმოჩინდება.

რა ბედი ეწევა სპორტკომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რომლისთვისაც ბიუჯეტმა სოლიდური თანხა გადაიხადა, უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი დოკუმენტაცია კონკურსით შეისყიდა. 500 მაყურებელზე გათვლილ, ტიპური მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შპს „ბილდინგ ჰაუსი“ ექვს თვეში მოამზადებს. ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 2 063 230 ლარს შეადგენს, 2025 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, სპორტკომპლექსის ტერიტორიის თითქმის ნახევარი ეთმობა სარეკრეციო სივრცეს, სადაც უნდა განთავსდეს ორი საბავშვო მოედანი ატრაქციონებით; სპორტული მოედანი ტრენაჟორებით და მცირე ზომის სკეიტპარკი. [1]

რა იქნება განსხვავებული ახალ პროექტში, ჯერ უცნობია. ამდენად, გაუგებარია, რატომ გაიზარდა ასე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება მაშინ, როცა ის კვლავ 500 მაყურებელზეა გათვლილი. ბუნებრივია, ჩვენ ამ შესყიდვას თვალს მივადევნებთ. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოგვწერა, რომ მომზადდება ისეთი ტიპის პროექტი, რომელსაც მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ხუთ ლოკაციაზე, გამოიყენებენ, როგორც განმეორებად მოდელს. „აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე, დააკორექტიროს პროექტი კონკრეტული ლოკაციისთვის“, - განმარტებულია უწყების პასუხში.


[1] პროექტით გათვალისწინებულია საჩრდილობლები; დასვენების ზონაში - საფეხმავლო ბილიკები, საპიკნიკე ადგილები, სასმელი წყლის შადრევნები, სანაყინე და სხვა. ტერიტორიაზე დაგეგმილია სამი ღია ავტოსადგომის მოწყობა, სულ 57 ავტომობილის და 3 ავტობუსისთვის. სპორტკომპლექსის პროექტი, მთავარი შენობის გარდა, მოიცავს ერთმანეთთან გადასასვლელი ხიდით დაკავშირებულ ორ ცალკე მდგომ ნაგებობას. სამაყურებლო ტრიბუნა გათვლილია 542 მაყურებელზე. ერთ-ერთ სამსართულიან ბლოკში გათვალისწინებულია ცენტრალული ფოიე, კაფე-ბარი, სატრენაჟორო და საკონფერენციო დარბაზები, მასაჟის ოთახები, საუნა, სასტუმრო ნომრები სპორტსმენებისთვის, ინვენტარის საწყობები, ტექნიკური სათავსოები, ოთახები პერსონალისთვის, ასევე, გასახდელები საშხაპეებით, საპირფარეშოები, ტრენერების ოთახები, საწყობები ინვენტარისთვის, მოსასვენებელი სარეკრიაციო სივრცეები, სამსართულიანი მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობა, ქვიშისსაფარიანი მოედანი, ერთი ღია ხელონურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი ერთსართულიანი გასახდელი შენობა, სასტუმროს ტიპის რვა ორსართულიანი კოტეჯი და სხვა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ქობულეთის სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის მგფ ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში  2 მლნ ლარზე მეტს გადაიხდის

    ქობულეთის სპორტკომპლექსის მშენებლობისთვი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ავტოექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა

    ავტოექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • გაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება

    გაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოში...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2026 | პერსონალური მონაცემების დაცვა