• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსეთმა ფულად გზავნილებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა

რუსეთმა ფულად გზავნილებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 19%-ით შემცირდა, რაც თანხობრივად 785 მლნ დოლარიანი კლებაა.

27/01/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 19%-ით შემცირდა, რაც თანხობრივად 785 მლნ დოლარიანი კლებაა. მსგავსი სურათის მიღებაში გადამწყვეტი როლი რუსეთის ფაქტორმა ითამაშა, საიდანაც 65%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ათწლეულების განმავლობაში რუსეთი გზავნილებში უცვლელ პირველ ადგილს იკავებდა, 2024 წელს კი შეერთებული შტატებისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

2013 წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 54%-ს შეადგენდა, 2021 წელს - 18%-ს. მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთის წილი ყოველწლიურად კლებულობდა, თუმცა პირველობას მაინც არ კარგავდა. კლება ძირითადად სხვა ქვეყნებიდან გზავნილების მატებით იყო გამოწვეული და არა რუსეთიდან გზავნილების თანხობრივი კლებით. 2022 წელს დინამიკა საპირისპიროდ შეიცვალა, რუსეთიდან გზავნილები თანხობრივად 400%-ით გაიზარდა და მისმა წილმა 47%-ს მიაღწია. 2023 წელს 37%-მდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს 16%-მდე.

გრაფიკი 1: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორ იმოქმედა გზავნილებზე რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ, კიდევ უფრო კარგად კვარტლების მიხედვით ჩანს. ომამდე, 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13%-მდე შემცირდა, მეორე კვარტალში - 55%-მდე და მეოთხეში 60%-მდე გაიზარდა. ომი თებერვალში დაიწყო, ნაწილობრივი მობილიზაცია სექტემბერში გამოცხადდა.

გრაფიკი 2: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში კვარტლების მიხედვით


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2022 წლის აპრილიდან 2023 წლის ივლისამდე ზედიზედ 5 კვარტალი რუსეთის წილი ფულად გზავნილებში საშუალოდ 49%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა წინა 5 კვარტლის საშუალო 17%-ს უდრიდა, შემდეგი 6 კვარტლის კი - 18%-ს.

მიგრაციით გამოწვეულმა ეფექტმა პრაქტიკულად გადაიარა. არსებული დაღმავალი ტრენდის გათვალისწინებით, თუ თავიდან არ გამოცხადდა მობილიზაცია ან რაიმე სხვა მიზეზით ომის ესკალაცია მასშტაბურად არ გაიზარდა, რუსეთიდან გზავნილების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი აღარაა.

მეოთხე კვარტალში რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებას რუბლის კურსი ვარდნამაც შეუწყო ხელი. თუ სექტემბერში 1 დოლარი 90-93 რუბლი ღირდა, ნოემბერ-დეკემბერში 105-110 რუბლს გაუტოლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირობითად, 100 000 რუბლი სექტემბერში 1100 დოლარს უდრიდა, ნოემბერ-დეკემბერში 900-950 დოლარამდე შემცირდა. გზავნილები კი დოლარში იანგარიშება.

თუ წლიდან წლამდე (2022-ის გარდა) რუსეთიდან ფულადი გზავნილები წილობრივად მცირდებოდა, შეერთებული შტატებიდან, პირიქით, იზრდებოდა, გამონაკლისს ამ შემთხვევაშიც 2022 წელი წარმოადგენდა, რა დროსაც თანხობრივად ზრდის მიუხედავად, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, წილობრივად კლება აღინიშნა.

გრაფიკი 3: ფულადი გზავნილების შეერთებული შტატებიდან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2019-2024 წლებში თანხობრივად რუსეთიდან ფულადი გზავნილები 26%-ით (429 მლნ-დან 542 მლნ დოლარამდე) და შეერთებული შტატებიდან 222%-ით (178-დან 573 მლნ დოლარამდე) გაიზარდა. წილობრივად, 2024 წელს შტატებიდან გზავნილებმა 17.7%-ს მიაღწია, მხოლოდ მეოთხე კვარტალში - 18.8%-ს.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო წესებსა და მექსიკის საზღვრის კონტროლს ამკაცრებს, რამაც შესაძლოა, ამ ქვეყნიდან გზავნილების ზრდის ტემპი შეანელოს, თუმცა მისი პრეზიდენტის პირველ ვადაში ეს არ მომხდარა. 2017-2020 წლებში შეერთებული შტატებიდან ფულადი გზავნილები 142-დან 219 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ტრამპს მიგრაციასთან დაკავშირებით 8 წლის წინაც პრაქტიკულად იგივე პოზიცია ეკავა, რაც დღეს. კიდევ უფრო გადაჭარბებულად შეიძლება შეფასდეს იმის შიში, რომ შეერთებული შტატებიდან ყველა მიგრანტის დეპორტაცია მოხდება.

ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილი ჯამურად 43% შეადგენს, საიდანაც გასულ წელს 1.4 მლრდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა. ევროკავშირის ქვეყნებიდან პირველ ადგილს 567 მლნ-ით იტალია იკავებს, რომელიც საერთო ჯამში რუსეთსაც უსწრებს და შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

მთლიანობაში, პირველ ხუთეულში სამი: იტალია, გერმანია და საბერძნეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ 5 ქვეყანაზე გზავნილების 2/3 მოდის. გზავნილების 91% 15 ქვეყანაზე მოდის, საიდანაც 8 ევროკავშირის წევრია.

გრაფიკი 4: TOP 15 ქვეყანა ფულად გზავნილებში (მლნ. აშშ დოლარი). ლურჯად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორიდან - ჩინეთიდან, საქართველოში 2024 წელს სულ 948 ათასი დოლარი გადმოირიცხა, ნაკლები ვიდრე ცალკე აღებული, ბაჰრეინიდან ან ომანიდან. აზიის წილი, დსთ-ს წევრი ქვეყნების გამოკლებით, ზოგადად ძალიან დაბალია. ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან და იაპონიიდან გზავნილების ჯამურმა მოცულობამ 3 მლნ დოლარსაც ვერ მიაღწია, რაც წილობრივად 0.1%-ზე ნაკლებია.

ფულადი გზავნილები მშპ-ის დათვლის ფორმულაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა მის ერთ-ერთ კომპონენტ მოხმარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გზავნილებზე დამოკიდებულება საკმაოდ მაღალია. ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მარტიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ყოველთვიურად გზავნილებს 313-346 ათასი ადამიანი ანაღდებდა, ხოლო იმ უნიკალურ პირთა რაოდენობამ, რომელთაც ფულადი გზავნილები გაანაღდეს, 1.257 მლნ შეადგინა (გვ. 148-149), რაც საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტია.

ფულადი გზავნილების ფარდობითი წილი მშპ-ის 10%-ს აღემატება, ის უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი ექსპორტი და სამი კვარტლის მონაცემებით, 2.5-ჯერ მეტი, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა