განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია.
„ხარისხიანი განათლების მიღება თითოეული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და წარმოადგენს პიროვნული და პროფესიული ზრდის, სოციალური კეთილდღეობისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარების წინაპირობას“, - აღნიშნული ფრაზა საქართველოს განათლების და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030-დან არის ამოღებული.
ამავე სტრატეგიის მიხედვით, დასახული მიზნის მისაღწევად ხორციელდება რეფორმების უწყვეტი მხარდაჭერა და განათლების სახელმწიფო დაფინანსების ზრდა (მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე).
მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, განათლების სამინისტროს დაფინანსება 3.1 მლრდ ლარია. გასულ წელს 2.5 მლრდ ლარი იყო. დასახელებული წლების მშპ ჯერ ცნობილი არ არის, შესაბამისად, ვერ განვსაზღვრავთ, მშპ-ს რამდენ პროცენტს შეადგენდა ამ წლების განათლების ბიუჯეტი.
რაც შეეხება წინა წლებს, 2020 წელს განათლების დაფინანსება 1.5 მლრდ ლარი იყო, რაც მშპ-ს (46.6 მლრდ მუდმივ ფასებში) 3,2% იყო, 2021 წელს იმავე მონაცემმა 1.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს (51.6 მლრდ მუდმივ ფასებში) 3.5% იყო, 2022 წელს - 1.7 მლრდ, მშპ-ს (57.2 მლრდ) 3%, 2023 წელს - 2.1 მლრდ, შესაბამისად, მშპ-ს (61.7 მლრდ) 3.4% შეადგინა.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, განათლების დაფინანსების ზრდა სწავლის ხარისხზე თუ აისახება. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, საერთაშორისო კვლევებში ქართველ მოსწავლეთა ბოლოდროინდელ მიღწევებს გავეცანით.
ჩვენ ქვემოთ რამდენიმე კვლევის: TIMSS-ის ( Trends in International Mathematics and Science Study), წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS –Progress in International Reading Literacy Study) და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევის (PISA – Program for International Student Assessment) ბოლო წლების შედეგებს განვიხილავთ.
TIMSS-ის 2023 წლის შედეგები
საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) ინიციატივით, TIMSS-ის ( Trends in International Mathematics and Science Study) კვლევა უკვე 20 წელია ტარდება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კვლევად ითვლება. კვლევაში სხვადასხვა ქვეყნის 600 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. კვლევის ფარგლებში 9-10 და 13-14 წლის მოზარდების ცოდნა ფასდება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
საქართველომ კვლევაში მონაწილეობა 2007 წლიდან დაიწყო და დღემდე კვლევის ხუთ ციკლში აქვს მონაწილეობა მიღებული (კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება)
2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს სკოლების მეოთხეკლასელებმა, კვლევის წინა ციკლთან შედარებით, 16 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში, რაც სტატისტიკურად არსებითი გაუმჯობესებაა. საქართველოს მე-4 კლასელების საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში 498-ია, რაც, სტატისტიკური ცდომილების გათვალისწინებით, TIMSS-ის საერთაშორისო სკალის საშუალო მაჩვენებელს (500) უტოლდება.
აღნიშნული მონაცემის მიხედვით, 58 ქვეყანას შორის, საქართველო 37-ე ადგილზეა. პრაქტიკულად ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ესპანეთს, საშუალო მაჩვენებელი კი აღემატება ბელგიის, საფრანგეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და სხვათა მაჩვენებლებს.
კვლევის პირველი ციკლიდან მოყოლებული, მათემატიკის კუთხით, შედეგების გაუმჯობესების პოზიტიური დინამიკა იკვეთება მე-8 კლასშიც. აქ, 2023 წელს საქართველოს წარმომადგენელმა მერვეკლასელებმა, კვლევის წინა ციკლთან შედარებით, 6 ქულით გააუმჯობესეს საშუალო მაჩვენებელი (467 ქულა), საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელი 478 ქულაა.
რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, მეოთხეკლასელების საშუალო შედეგები, წინა ციკლთან შედარებით, 11 ქულით გაუმჯობესდა (465 ქულა), რაც ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. მიღწეული შედეგით საქართველო 58 ქვეყანას შორის 43-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია. აღსანიშნავია, რომ 2011 წელთან შედარებით, მინიმალური კომპეტენცია 7%-ით მეტმა მოსწავლემ დაადასტურა.
მერვეკლასელების შედეგები სტატისტიკურად უცვლელი დარჩა (448 ქულა). აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო ქულამ TIMSS 2019-თან შედარებით დაიკლო. საქართველო 44 ქვეყნიდან 31-ე ადგილს იკავებს. 2011 წელთან შედარებით, მინიმალური კომპეტენცია დაადასტურა 10%-ით მეტმა მოსწავლემ.
PISA-ს 2022 წლის შედეგები
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევა (PISA – Program for International Student Assessment) მსოფლიოში განათლების ხარისხის შესაფასებლად ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენება.
PISA 2000 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OESD) ეგიდით სამ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით ტარდება. აღნიშნული კვლევა განსაზღვრავს, 15 წლის მოზარდები სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რამდენად არიან მზად, ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. კვლევის მიხედვით, მოზარდების კომპეტენცია წიგნიერებაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და მათემატიკაში ფასდება.
საქართველო PISA-ში, როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2015, 2018, 2022 წლების ციკლში მიიღო მონაწილეობა.
PISA 2022-ში 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690 000 მოსწავლე მონაწილეობდა. საქართველოში PISA 2022 ციკლის ძირითადი საველე სამუშაოები 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. ტესტირებაში მონაწილეობა 267 სკოლის 6 583-მა მოსწავლემ მიიღო.
PISA 2022-ის ანგარიშის თანახმად, 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევამ მათემატიკაში 390 ქულა შეადგინა, კითხვაში - 374, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 384 ქულა იყო. შესაბამისად, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით მათემატიკაში მიღწევა შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით. სამივე დისციპლინაში საბაზისო ცოდნის მიღწევა კვლევაში მონაწილე ქართველი მოსწავლეების მხოლოდ მესამედზე ოდნავ მეტმა (33%-35%) შეძლო, რაც კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს (69%-76%) საგრძნობლად ჩამორჩება.
PIRLS-ის 2021 წლის შედეგები
PIRLS აღიარებულია, როგორც მოსწავლეთა წიგნიერების ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელიც 9-10 წლის მოსწავლეებში ამოწმებს კითხვის უნარებსა და წიგნიერების დონეს.
2021 წლის ციკლის კვლევაში მონაწილე 38 ქვეყანას საერთაშორისო საშუალოზე მაღალი შედეგი აქვს, ხოლო 19 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს - საერთაშორისო საშუალოზე დაბალი 494 (სტანდარტული შეცდომა - 2.6) ქულა. მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით, 2021 წლის კვლევის შედგენილ რეიტინგულ სიაში 57 ქვეყნიდან საქართველოს 41-ე ადგილი უჭირავს. ამ 57 ქვეყნიდან საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, რომელთაც კვლევის წინა ციკლთან შედარებით საკუთარი მიღწევები არ გააუარესეს, თუმცა არც სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან გვაქვს საქმე (6 ქულა).
PIRLS-ის კვლევაში მოსწავლეებს უწევთ იმუშაონ როგორც მხატვრულ, ასევე საინფორმაციო ხასიათის ტექსტებზე.
ტრადიციულად, ქართველ მოსწავლეებს უფრო უადვილდებათ მხატვრული ტექსტების კითხვა და გააზრება. ზოგადად, ქვეყნების უმრავლესობაში მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში დიდი სხვაობა არ გვხვდება, მაგრამ საქართველო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხორვატიასთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთად სწორედ ისეთი ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება, რომელთაც მხატვრული ტექსტების გააზრება უფრო უადვილდებათ. ამ ქვეყნებში საშუალო მიღწევა 14-18 ქულით უფრო მაღალია მხატვრული ტექსტების გააზრებაში, ვიდრე საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში.
საქართველოში, საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, უმაღლესი საფეხურის შესაბამისი ტექსტური დავალებების შესრულება მოსწავლეთა მცირე ნაწილს, მხოლოდ 4%-ს შეუძლია, დაბალ ზღვარს მიღმა კი მოსწავლეების 13% იმყოფება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება და გაუმჯობესებას საჭიროებს.
ადგილობრივი შეფასების კრიტერიუმები
საერთაშორისო კვლევების გარდა, ერთ-ერთი ინდიკატორი, რაც მოსწავლეთა განვითარებაზე მიუთითებს, საატესტატო გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელია. 2012 წლიდან, საატესტატო გამოცდებში საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა მზარდია. თუ 2012-2015 წლებში ეს რიცხვი 14%-ის ფარგლებში მერყეობდა, შემდგომ წლებში მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც საატესტატო გამოცდებში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, 24-27%-ს შორის იყო. 2019 წლიდან კი საატესტატო გამოცდები სკოლებში გაუქმდა.
სახელმწიფო განათლების ხარისხის არასახარბიელო მდგომარეობას თვითონვე აღიარებს და განათლების 2022-2030 წლის სტრატეგიაში აღნიშნავს, რომ საქართველოში მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადი განათლების საფეხურს ასრულებს მინიმალური საბაზო კომპეტენციებით, რაც მათ ხელს უშლით 21-ე საუკუნის პროფესიებისა და ადგილობრივი თუ გლობალური შრომის ბაზრისთვის მომზადებაში. საერთაშორისო შედარებითი კვლევები: მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS), წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), აგრეთვე სახელმწიფო შეფასებები მათემატიკაში (2016; 2018) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (2018) აჩვენებენ, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების თანატოლებთან შედარებით უფრო დაბალ ქულებს იღებენ და სამივე მიმართულებით მიღწევების უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ.
შეჯამება
განათლების დაფინანსების ნომინალური ზრდის მიუხედავად (პროცენტული მაჩვენებელი საშუალოდ მშპ-ს 3.2%-ია) ზოგადი განათლების ხარისხი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება, მეტიც, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსწავლეები კითხვის და წაკითხულის გააზრების უნარებს ვერ აუმჯობესებენ, ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც ქართველი მოსწავლეების საშუალო მაჩვენებელი საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება.
ადგილობრივი შეფასების კრიტერიუმებიც ცხადყოფს, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლას მინიმალური საბაზო კომპეტენციით ასრულებს.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისა და ზრდადი დაფინანსებისა, ზოგადი განათლების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია და გაუმჯობესებას საჭიროებს.