სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და, ფაქტობრივად, ბოლო სამი წლის განმავლობაში განახევრებულია

ვახტანგ ცინცაძე: სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და, ფაქტობრივად, ბოლო სამი წლის განმავლობაში განახევრებულია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ ცინცაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

საქსტატის 2023 წლის მონაცემებით[i], მოსახლეობის 11.8% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს, რომ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში.

ვახტანგ ცინცაძე შესადარებლად პანდემიურ პერიოდს იღებს, როდესაც ქვეყანაში აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რითაც აბსოლუტური სიღარიბის შემცირების მხრივ მიღწეულ პროგრესს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

2021-2023 წლებში, ანუ პანდემიის შემდგომ პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბის დონე 21.3%-დან 11.8%-მდე, ანუ 1.8-ჯერ შემცირდა. თუ პანდემიამდე პერიოდს, ანუ 2019 წელს შევადარებთ, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 19.5%-დან 11.8%-მდე,1.6-ჯერ არის შემცირებული. უფრო გრძელვადიან პერიოდს თუ ავიღებთ, 2015-2023 წლებში სიღარიბის დონე 21.6%-დან 11.8%-მდე შემცირდა, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის 8-წლიან პერიოდში სიღარიბის დონე 1.8-ჯერ შემცირდა.

გარდა ამისა, ვახტანგ ცინცაძე განცხადებაში უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. მოსახლეობის 18.7% (690,496 ადამიანი) სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი სოციალური დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

განცხადების ავტორი სიღარიბის შემცირებას მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს. რეალურად, უკიდურესი სიღარიბე შემცირებაზე გავლენა ჰქონდა როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და ემიგრაციიდან ფულად გზავნილებს.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით ვახტანგ ცინცაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით: „მაღალი ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ქვეყანაში მცირდება სიღარიბე. უნდა აღინიშნოს, რომ სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და, ფაქტობრივად, ბოლო სამი წლის განმავლობაში განახევრებულია. ჩვენი მიზანია, რომ სიღარიბე 2028 წლამდე, ფაქტობრივად, სრულად აღმოვფხვრათ ქვეყანაში და 4%-იან ნიშნულამდე მივიყვანოთ”.

„ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 11.8% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში.

2021-2023 წლებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. (იხილეთ გრაფიკი 1). თუმცა მტკიცება, თითქოს სიღარიბის დონე სამი წლის განმავლობაში განახევრებულია, გადაჭარბებულია. ვახტანგ ცინცაძე 2023 წლის მონაცემებს 2020 წლის მაჩვენებელს ადარებს, ანუ პანდემიურ პერიოდს, როდესაც სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. ამგვარი შედარებით, არსებულ პროგრესს კიდევ უფრო გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

2019 წელთან, ანუ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, სიღარიბის დონე 1.6-ჯერ არის შემცირებული. უფრო გრძელვადიან პერიოდს თუ ავიღებთ, 2015[ii]-2023 წლებში სიღარიბის დონე 21.6%-დან 11.8%-მდე შემცირდა, ანუ 1.8-ჯერ.

უკიდურესი სიღარიბე მცირდება მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხარჯზე, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და ფულად გზავნილებს. განცხადების ავტორი აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებას მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებს. რეალურად, აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სოციალურმა დახმარებებმა. მოსახლეობის დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობებით [ბავშვის ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა და ა.შ.] აღწევს თავს, თუმცა ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 18.7% (690,496 ადამიანი) საარსებო შემწეობის მიმღებია. 2019 წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 263,123 ადამიანით (61.5%-ით) არის გაზრდილი (იხილეთ გრაფიკი 2). აქვე განვმარტავთ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა დიდწილად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე, პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის გაფართოებამ იქონია.

სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდას, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარების ზრდას და სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ამოქმედებას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, ის საარსებო შემწეობასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში დამატებით 300 ლარს იღებს. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს საარსებო მინიმუმი გააჩნია და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები არიან მოსახლეობის უკიდურესად მოწყვლადი ნაწილი, რომელიც სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებს.

გრაფიკი 2: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან (დეკემბერი)


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ამრიგად, ეკონომიკის მინისტრის განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაზე, ანუ უკიდურეს სიღარიბეზე. ამასთან, ის 2023 წლის მონაცემებს 2020 წლის მაჩვენებელს ადარებს, ანუ პანდემიურ პერიოდს, როდესაც სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. მართალია, აბსოლუტურ სიღარიბის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ამას ვახტანგ ცინცაძე წარმოაჩენს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებაში იგნორირებულია ის ფაქტი, რომ რეკორდულად გაიზარდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა, რამაც აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა იქონია.

[i] 2024 წლის მონაცემები მაისში გამოქვეყნდება

[ii] სიღარიბის ზღვრის გაანგარიშების საბაზისო წელი