[ხალხმა] არჩევანი გააკეთა თავისუფალ გარემოში და არავის შეუძლია თქვას, რომ არჩევანი ან შესაძლებლობა არ ჰქონდა

მაკა ბოჭორიშვილი: [ხალხმა] არჩევანი გააკეთა თავისუფალ გარემოში და არავის შეუძლია თქვას, რომ არჩევანი ან შესაძლებლობა არ ჰქონდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მაკა ბოჭორიშვილის განცხადება არის მცდარი.

2025 წლის 27 მარტს ვენაში ვიზიტისას მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიელი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ „როგორ ურთიერთობენ ევროპულ ინსტიტუტებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა და წევრი ქვეყნების პარლამენტებმა არ აღიარეს ბოლო არჩევნები და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ“, - განაცხადა: „ჩვენ 1200-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი გვყავდა, მათ შორის ეუთო/ოდირის მისია და მტკიცებულებების გარეშე ვიხილეთ უამრავი პროტესტი არჩევნების შედეგების წინააღმდეგ … [ხალხმა] არჩევანი გააკეთა თავისუფალ გარემოში და არავის შეუძლია თქვას, რომ არჩევანი ან შესაძლებლობა არ ჰქონდა“.

„ფაქტ-მეტრმა“ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებები გადაამოწმა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირმა) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, არჩევნებს თან ახლდა დაძაბული გარემო, ხმის ფარულობის ხშირი კომპრომეტირება, რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობა/არათანმიმდევრულობა, ისევე როგორც ამომრჩევლის დაშინება და ზეწოლა, რამაც პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე ნეგატიური გავლენა იქონია.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების შემთხვევათა 24%-ში - საარჩევნო ყუთში ბიულეტენის მოთავსების წესის, 12%-ში - მონიშვნის წესის, ხოლო 7%-ში - საარჩევნო უბნის განლაგების გამო.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ეუთო/ოდირს იმის დასაზუსტებლად მიმართა, დაკვირვების შემთხვევათა საშუალოდ რამდენ პროცენტში იყო შესაძლო დარღვეულიყო ხმის ფარულობა, ვინაიდან ეუთოს დასკვნაში მოცემული რიცხვების მექანიკური დაჯამება, მათ შორის შესაძლო გადაფარვის გამო, მათემატიკურად არ შეიძლებოდა. საპასუხო წერილით ეუთო/ოდირის პრეს-სპიკერმა კატია ანდრუშმა დაადასტურა, რომ რიცხვების მექანიკური დაჯამება არსებული გადაფარვების გამო ნამდვილად არ შეიძლება. მისივე თქმით, „ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, მათ შორის [საარჩევნო უბნის] განლაგება, ამომრჩეველთა მიერ ბიულეტენის მონიშვნა, აპარატში ბიულეტენის მოთავსება, ხმის ფარულობის სხვა საკითხები ან მათი კომბინაცია, დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა".

ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს და დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სტანდარტებით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 2007 წელს მიღებული რეზოლუციით, ადგენს, რომ ხმის ფარულობის უზრუნველყოფა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკვანძო ასპექტი“ და „დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმაციისთვის განუყოფელი ნაწილია“. „ის უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების თავისუფალ გამოხატვას და ადასტურებს... საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ლეგიტიმურობას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო ასამბლეა წევრ-სახელმწიფოებს მოუწოდებს, ამომრჩეველთა ანონიმურობა, ასევე ელექტრონული კენჭისყრის დროს მაქსიმალური უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ეუთო/ოდირის ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება და რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ხმის ფარულობის დარღვევასთან, ამომრჩეველთა დაშინება/მოსყიდვასა და სამართლებრივი პროცედურების შეზღუდვასთან ერთად, სადამკვირვებლო მისია საუბრობს მთელ რიგ სხვა დარღვევებზე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს, ისე არჩევნების შემდეგ, რაც, ანგარიშის თანახმად, ეუთო/ოდირის მიერ ადრე გაცემულ რეკომენდაციებსა და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფაზე მეტყველებს და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად აისახება. საუბარია ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც არის არათანაბარი საარჩევნო გარემო სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, კამპანიის ფარგლებში მომხდარი ძალადობის შემთხვევები, გამოყენებული ვიზუალური მასალა და რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების გაუქმების თაობაზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან. ასევე ხაზგასმულია საჩივრების არასათანადო განხილვა, რამაც სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლება შეზღუდა.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პროტესტი მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობდა და ხალხმა არჩევანი თავისუფალ გარემოში გააკეთა „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მცდარი.

უფრო ვრცლად ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია