[„ქართულ ოცნებას“] 2011 წლის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა არ გაუახლებია

ლევან ცუცქირიძე: [„ქართულ ოცნებას“] 2011 წლის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა არ გაუახლებია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ცუცქირიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

27 ოქტომბერს „ტვ-პირველის“ ეთერში მოძრაობა „თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ „იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეიცვალა ჩვენს გარშემო ვითარება, 2011 წლის შემდეგ [„ქართულ ოცნებას“ ] ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა არ გაუახლებია“.

„ფაქტ-მეტრმა“ ლევან ცუცქირიძის განცხადება გადაამოწმა.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ საქართველოს კანონი ეროვნული დონის შემდეგ კონცეპტუალურ დოკუმენტებს ითვალისწინებს:

ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;

ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი [ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტისგან განსხვავებით, საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენს - რედ.];

გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები.

საკუთარ განცხადებაში ლევან ცუცქირიძე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე საუბრობს.

2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელმაც 2005 წელს მიღებული წინამორბედი დოკუმენტი ჩაანაცვლა. ახალი კონცეფცია ძალაში 2012 წელს შევიდა.

კონცეფცია ასახავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის წინაშე იმ პერიოდში არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთისგან მომდინარე და მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზს ეთმობოდა.

2021 წლის 29 იანვარს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მიზნით, მორიგი უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, პრეზიდენტისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამავე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში აქტიური დისკუსიები გაიმართა კონცეფციის სტრუქტურასთან და კონკრეტულ თავებთან დაკავშირებით, ასევე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

ზემოხსენებული ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ 2021 წელს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა და მასში შესაბამისი სამთავრობო უწყებებიც იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა პროცესის შემდგომი განვითარება უცნობია. ასევე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინაციით მოქმედმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა კონცეფციის განახლების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მეტიც, 2025 წლის 26 ივნისს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელ უწყებად საქართველოს მთავრობა განისაზღვრა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 1 სექტემბრიდან ფუნქციონირება შეწყვიტა.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონში ვკითხულობთ: „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი“.

ამავე კანონის მე-15 პრიმა მუხლის თანახმად, კონცეფცია გადაიხედება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ. გარდა ამისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონცეფცია შესაძლოა გადაიხედოს ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას.

ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2011 წელს მიღებული კონცეფცია „ბევრი თვალსაზრისით მოძველებულ“ დოკუმენტად შეაფასა, როგორც ახალი გამოწვევების, ისე უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯების, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიღების კუთხით. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ყოველივე ეს, ბუნებრივია, უნდა აისახოს კონცეფციაში“.

2016 წლის შემდეგ ვითარება თავად საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო რეგიონში კიდევ უფრო შეიცვალა. ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ამავე კონტექსტშია განსახილველია დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

აშშ-ის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამ და ზანგეზურის დერეფნის გავლით საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტზე (TRIPP) შეთანხმებამ სამხრეთ კავკასიის რეგიონს სრულიად ახალი დინამიკა შესძინა და უსაფრთხოების რეგიონული კონიუნქტურა არსებითად შეცვალა.

უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკის შედეგად ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობები, რასაც შედეგად მათ შორის პოლიტიკური კონტაქტებისა და ფინანსური დახმარების შეწყვეტა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა, რომელიც საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერისთვის იყო განკუთვნილი.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2011 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლება ნამდვილად არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მის გადახედვას და საჭიროებისამებრ განახლებას სულ მცირე ხუთ წელიწადში ერთხელ ითხოვს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ცუცქირიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.