ირაკლი კობახიძე: თავადვე აღიარეს, რომ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2025 წლის 12 აპრილს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა. „ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. რასაც მერე ხელიც მოაწერეს, თავადვე აღიარეს“, - განაცხადა კობახიძემ.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში, სადაც ომის აღიარებასა და მაშინდელი მმართველი პარტიის წევრების მიერ ხელმოწერაზე საუბრობს, ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუცია №1633-ს გულისხმობს.
სინამდვილეში, ევროსაბჭოს რეზოლუცია №1633-ის მე-5 პუნქტი, რომელზეც, ირაკლი კობახიძე მიუთითებს, საუბრობს არა ომის დაწყებაზე, არამედ ესკალაციის ახალ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებზე გადასვლის ეტაპზე. ამ პუნქტის თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყება, ესკალაციის ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადასვლას ნიშნავდა.
რეზოლუცია ომის დაწყებაში არცერთ მხარეს არ ადანაშაულებს. რეზოლუციაში ომის დაწყების შესახებ, ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების თაობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან (მე-8 პუნქტი) და ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ: „ასამბლეას სწამს, რომ სიმართლის დადგენა შერიგების წინაპირობაა. იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ მიუთითა, რომ ის მიესალმებოდა ამგვარი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. ასევე, რუსეთის პარლამენტის წევრებმაც მიუთითეს, რომ ისინი არ წავიდოდნენ ამგვარი წინადადების წინააღმდეგ. აღნიშნული გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ომის დაწყებით, არამედ გაამახვილოს ყურადღება წინარე წლებზეც, რომლებიც წინ უზღვოდა კონფლიქტს“.
გარდა ამისა, რეზოლუცია ომის დაწყების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს სიტყვებს „outbreak of war”, ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადება ომის საქართველოს მიერ დაწყების თაობაზე, მიანიშნებს რეზოლუციის მეხუთე მუხლზე, რომელშიც ესკალაციის ახალ დონეზეა საუბარი და არა - ომის დაწყებაზე.
ასევე, რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 2008 წლის 7 აგვისტომდე ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს და რეგიონში მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა (მე-4 პუნქტი). ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამ ვერ უზრუნველყო მისიის აღსრულება, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას. ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა არ გაიზიარეს მოწოდება სამშვიდობო ფორმატის ცვლილებისა და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის შესახებ.
რეზოლუციაში საუბარია ქართულ სოფლებში ჩადენილ ეთნიკურ წმენდაში რუსეთის პასუხისმგებლობაზე (პუნქტი 13), გამოყენებულია ტერმინი ოკუპაცია (პუნქტი 6), საუბარია ამ ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე (პუნქტი 9).
ამდენად, ევროსაბჭოს რეზოლუცია №1633 არ აკისრებს საქართველოსა და მის იმდროინდელ ხელისუფლებას ომის დაწყების პასუხისმგებლობას, აცხადებს, რომ ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. მეტიც, ის პასუხისმგებლობას აკისრებს სამშვიდობო მისიას (რუსულ ჯარს) იმაში, რომ ვერ შეძლო ადამიანის უფლებების დაცვა (პუნქტი 4). ამასთან ერთად გამოკვეთს რუსეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ როლს კონფლიქტის გადაწყვეტაზე უარის თქმის საკითხში (ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-თან დაკავშირებით დამატებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4). ცნობისთვის, რუსეთის დელეგაციამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან ფაქტია, რომ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს რეზოლუცია 1633-ზე ხელმოწერით ომის დაწყება არ უღიარებიათ, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.