ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე

შალვა პაპუაშვილი: ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი:

8 აპრილს შალვა პაპუაშვილმა გრანტების შესახებ კანონში ინიციირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა: „სისტემა იქნება, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ". ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე. თუ დონორს სურს, რომ გრანტი გასცეს, მან მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს უნდა მიმართოს და თანხმობა მიიღოს გრანტის გაცემაზე“.

„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცვლილება უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს ეხება. გრანტის გამცემი ორგანიზაციების მიერ გრანტის გაცემისთვის - საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა სავალდებულო, ხოლო აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული ხდება.

კანონის მიხედვით, გრანტის გამცემი შეიძლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი, კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა და სხვ. (ვრცლად იხ. კანონის მე-3 მუხლში) ხოლო, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს, სახელმწიფო ორგანოები, ასევე, საქართველოს მოქალაქეები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვ. (ჩამონათვალი ვრცლად იხ. კანონის მე-4 მუხლში).

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ თანხმობის გაცემა მიემართება დონორს და არა გრანტის მიმღებს. კანონპროექტი თანხმობის მისაღებად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, კერძოდ, გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების მთავრობისთვის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის ვალდებულებას დონორს აკისრებს: „შესაბამისი თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.

მიუხედავად იმისა, რომ თანხმობის გაცემა დონორს მიემართება, კანონპროექტი ყველა სხვა პასუხისმგებლობას გრანტის მიმღებს უკავშირებს.

კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო. თუ ბიურო, მონიტორინგის მიზნებისთვის, ჩათვლის, რომ არსებობს „დასაბუთებული ვარაუდი“ პირის მიერ გრანტის აღების თაობაზე, ის უფლებამოსილია, პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში; გამოჰკითხოს ფიზიკური პირები; დაკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე; გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი და სხვ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი პასუხისმგებლობას არა აკრძალული გრანტის გაცემას, არამედ აკრძალული გრანტის მიღებას უკავშირებს. პროექტის მიხედვით, აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირი გამოკითხვისას ან დაკითხვისას ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის 2000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, ბოლო დროს საქართველოს პარლამენტში [1] ინიციირებული ან უკვე მიღებული იქნა კიდევ რამდენიმე კანონი/კანონპროექტი, რომელთა მიზანიც სწორედ გრანტის გაცემა-მიღების პროცესში ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების საქმიანობის გამართულად მუშაობაში ჩარევა/ხელის შეშლაა. მაგალითად, გასული წლის გაზაფხულზე (2024 წლის) მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. რუსული კანონის გარდა, მიმდინარე წელს პარლამენტმა უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის დამიზნებული ახალი კანონი მიიღო, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ ამერიკული FARA-ს ანალოგად წარმოაჩენენ. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ კანონის სამიზნე სწორედ ის სამოქალაქო ორგანიზაციები არიან, რომელთაც პირველი „რუსული კანონის“ მოთხოვნები არ შეასრულეს. საგრანტო შეზღუდვები ცალკე დაწესდა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებებითაც, რომელმაც მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება საერთოდ აუკრძალა. დასახელებულ კანონებთან ერთად, გრანტების კანონში ცვლილების განხორციელება, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ბერკეტის გამოყენებით, სისტემურად ცდილობს, ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ფუნდამენტური საფრთხის შექმნას.

ამრიგად, თანხმობის მოთხოვნა ტექნიკურად დონორს ეხება, თუმცა ურთიერთობიდან წარმოშობილი ყველა პასუხისმგებლობა გრანტის მიმღებს უკავშირდება. კანონპროექტით განსაზღვრული მექანიზმებს პირდაპირი გავლენა აქვს გრანტის მიმღებებზე, მათ შორის, ფინანსური მონიტორინგისა თუ პერსონალური/ორგანიზაციული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილის განცხადება მანიპულაციურია, მისი განცხადება ზუსტია კანონის ტექსტის სიტყვა-სიტყვით წაკითხვის შემთხვევაში, მაგრამ რეალური გავლენა, რომელიც მას სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობაზე ექნება, კონტექსტს მიღმაა დატოვებული.

შენიშვნა: 16 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებების პროექტი 3 მოსმენით დაამტკიცა. მხარდაჭერილ ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. განისაზღვრა, რომ მთავრობის თანხმობა გრანტის ხელშეკრულებისგან განსხვავებული მიზნებით გამოყენებაზეც ვრცელდება. ასევე, დაზუსტდა, რომ კანონი, მათ შორის, იმ ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზეც გავრცელდება, რომლებიც თავისი ბუნებით წარმოადგენს გრანტს, მაგრამ გაცემულია განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების, საფუძვლით. ინიციირებული ვერსიის მიხედვით, განსაზღვრული იყო, რომ კანონით დადგენილი წესები საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე არ ვრცელდებოდა, მხარდაჭერილ ვერსიაში კი ეს გამონაკლისი გამქრალია.

[1] 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული გადაცდომების გამო, რომელთაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდათ არჩევნების შედეგებზე, საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი პარლამენტის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს / არ აღიარებს.


პერსონები
შალვა პაპუაშვილი

ყველა სიახლე