დავით სონღულაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით სონღულაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2013 წელს ევროკავშირში ექსპორტმა 607 მლნ დოლარი შეადგინა. 2024 წელს 5%-ით ნაკლები - 574 მლნ (ბრიტანეთის ჩათვლით 590 მლნ). მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 862 მლნ-ს (ბრიტანეთის ჩათვლით 878 მლნ-ს) 2022 წელს მიაღწია, რაც 2013 წელთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა. ძირითადი სავაჭრო პარტნიორების უმრავლესობაში უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა.2014 წელთან შედარებით, (2014 წლამდე სტატისტიკა ხელმიუწვდომელია) 2024 წლისთვის ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირში 17%-ით გაზრდილია, თუმცა ყველა სხვა შემდგომ ცალკე აღებულ წელს ჩამორჩება.კლების მიზეზი ძირითადად სპილენძის მადნებზე მოთხოვნის შემცირება გახდა. საანგარიშო პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის მსგავსად, ღვინისთვისაც გასაღების მთავარ ბაზარს 2024 წლის მდგომარეობითაც კვლავ რუსეთი წარმოადგენდა და არა ევროკავშირი.სხვა სავაჭრო პარტნიორებში ექსპორტის ზრდის ფონზე (ამ პერიოდში 2013 წლიდან გაიხსნა რუსული ბაზარი), ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 2021 წლისთვის, 2013 წელთან შედარებით, 20.9%-დან 16.9%-მდე შემცირდა. შემდგომ პერიოდში ვარდნა დაჩქარდა, რასაც უკვე სპეციფიკური მიზეზები გააჩნდა, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები და შუა აზიის ქვეყნებში არაბუნებრივად სწრაფად გაზრდილი რეექსპორტი.ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 2014 წელს 65%-ს შეადგენდა, 2015 წელს - 83%-ს და მას შემდეგ 80%-ს აღარ ჩამოსცდენია, 2024 წელსაც 83% შეადგინა.2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტი 39%-ით გაიზარდა, რაც პოზიტიურ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ტენდენციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.ფაქტობრივი უზუსტობის (ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ექსპორტი არც თანხობრივად გაზრდილა და მნიშვნელოვნად არც სტრუქტურულად გაუმჯობესებულა, ცალკეული ზრდები საბაზო პერიოდს უკავშირდება) და ბოლო პერიოდში პოზიტიური ძვრების ნიშნების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ დავით სონღულაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.
ანალიზი:
დავით სონღულაშვილმა ევროკავშირთან ვაჭრობაზე საუბრისას განაცხადა: „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ზრდის მიმართულებით. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ინვესტიციების წახალისება, რაც უზრუნველყოფს ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელს“
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, ქართული პროდუქტის ექსპორტი ევროკავშირში ცალკეული გამონაკლისების გარდა, ტარიფებისა და კვოტებისგან გათავისუფლდა. პარალელურად, ბრიუსელის მხრიდან ხარისხზე და სტანდარტების დაკმაყოფილებაზე მოთხოვნა კვლავ ძალაში დარჩა.
ასოცირების ხელშეკრულების გავლენის დასადგენად საჭიროა, რამდენიმე კითხვას გაეცეს პასუხი:
- როგორ შეიცვალა ექსპორტი ევროკავშირში ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ თანხობრივად?
- გაიზარდა, თუ - არა ევროკავშირის პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში?
- რა ხდებოდა 2014 წლამდე და შეიცვალა, თუ - არა დინამიკა?
- ექსპორტის ზრდაზე/კლებაზე მოახდინეს, თუ - არა გავლენა სხვა გარე ფაქტორებმა?
ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროკავშირში სამი სახელმწიფო გაწევრიანდა - 2007 წელს ბულგარეთი და რუმინეთი, 2013 წლიდან - ხორვატია. ამავე დროს 2020 წლიდან ბრიტანეთმა გაერთიანების რიგები ოფიციალურად დატოვა, თუმცა მასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ცალკე გაფორმდა. არც გაწევრიანებამდე და არც მის შემდეგ, ხორვატიის წილი ექსპორტში დიდი არასდროს ყოფილა. ხორვატიისგან განსხვავებით, ბულგარეთი მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენდა. 2007 წელს, 2006 წელთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტი 110 მლნ-ით გაიზარდა, საიდანაც ნახევარზე მეტი - 59 მლნ, ბულგარეთის დამსახურებას წარმოადგენდა, ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ ათვლას 2007 წლიდან დავიწყებთ.
გრაფიკი 1: ექსპორტი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკი 2: ექსპორტი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2007-2013 წლებში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ევროკავშირში ექსპორტი თანხობრივად 126%-ით - 269-დან 607 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2013-დან 2024-მდე კი 5%-ით - 607-დან 574 მლნ-მდე შემცირდა (ბრექსიტის გარეშეც ექსპორტი 3%-ით - 590 მლნ-მდე იქნებოდა შემცირებული). მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ევროკავშირში ექსპორტმა მაქსიმუმს - 863 მლნ-ს, 2022 წელს მიაღწია. იქამდე 800 მლნ-ს მხოლოდ ერთხელ 2019 წელს გადააჭარბა.
2007 წელს ევროკავშირში ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 21.8%-ს შეადგენდა, 2013 წელს - 20.9%-ს, ხოლო 2024 წელს - 8.7%-ს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1997 წლის შემდეგ. პროცენტულად ასეთი დიდი ვარდნა ძირითადად სხვა ქვეყნებში ექსპორტის უფრო სწრაფმა ზრდამ გამოიწვია. 2020 წლიდან ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, მაგრამ ბოლო წლების კლება ამ ფაქტს არ უკავშირდება. 2020-2025 წლებში ბრიტანეთში ჯამურმა ექსპორტმა 89 მლნ დოლარი შეადგინა და რომ არა ბრექსიტი, 2024 წლის ექსპორტი მაინც 2013 წლის მონაცემზე ნაკლები იქნებოდა.
2013 წელს რუსეთმა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ემბარგო მოუხსნა, რამაც ამ ქვეყანაში ექსპორტი და შესაბამისად, ამ ქვეყნის წილი ექსპორტში გაზარდა.
2013 წელს რუსულ ბაზარზე ღვინო დაბრუნდა, რასაც ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობაც გააჩნდა, თუმცა თანხობრივად ყირგიზეთისა და ყაზახეთის ხარჯზე დსთ-ს სივრცეში ექსპორტი ბევრად უფრო სწრაფად 2022-2024 წლებში გაიზარდა. შედარებისთვის, 2012 წელს რუსეთში ექსპორტი 47 მლნ-ს შეადგენდა, 2013 წელს - 191 მლნ-სა და 2014 წელს 275 მლნ-ს, მაშინ, როცა 2021-2024 წლებში ყირგიზეთში ექსპორტი 31 მლნ-დან 1.3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ექსპორტის ზრდა გერმანიაშიც მომგებიანია და ყირგიზეთშიც (მნიშვნელოვანია საიმედოობაც და პოლიტიკური რისკების მინიმუმამდე დაყვანაც, მაგრამ ეს ცალკე განხილვის საგანია). პრობლემას დსთ-ს სივრცეში ექსპორტის ზრდა კი არა, ევროკავშირში ექსპორტის ვერ ზრდა და რიგ შემთხვევაში ექსპორტის კლება წარმოადგენს.
2014 წლის შემდეგ ევროკავშირში ექსპორტი ოთხჯერ: 2016, 2020, 2023 და 2024 წლებში შემცირდა. რას ვყიდით ევროკავშირში და რატომ შემცირდა ექსპორტი?
ასოცირების ხელშეკრულებამდე, 2013 წელს 607 მლნ-იანი ექსპორტიდან 27% - 162 მლნ სპილენძის მადნებზე მოდიოდა. 113 მლნ-ით მეორე ადგილს თხილი და კაკალი იკავებდა. 50-52 მლნ-ით მესამე-მეოთხე ადგილებს მსუბუქი ავტომობილები და სასუქები ინაწილებდნენ. ნედლი ნავთობის ექსპორტი 41 მლნ-ს შეადგენდა. 10 მლნ-ით ღვინო მერვე ადგილს იკავებდა.
2022 წელს ექსპორტმა ევროკავშირში თანხობრივად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 438 მლ-ით პირველი ადგილი კვლავ სპილენძის მადნებმა დაიკავა, 74 მლნ-ით მეორეზე თხილი გავიდა, ხოლო მესამეზე - 31 მლნ-ით ღვინო.
2024 წელს ევროკავშირში სპილენძის მადნების ექსპორტი 55 მლნ-მდე შემცირდა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველი ადგილი 64 მლნ-ით თხილმა დაიკავა. მეორეზე 56 მლნ-ით ძვირფასი ლითონების მადნები გავიდა. ღვინომ 34 მლნ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.
გამოდის, რომ თანხობრივად ევროკავშირში ექსპორტის ზრდაზეც და კლებაზეც ძირითად გავლენას ერთი პროდუქცია სპილენძის მადნები ახდენდა. ერთ პროდუქტზე დამოკიდებულება ყოველთვის რისკის შემცვლელია.
გრაფიკი 3: ექსპორტი ევროკავშირში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2013 წელთან შედარებით, თხილის ექსპორტი თითქმის განახევრდა. ღვინის ექსპორტი მართალია სამჯერ გაიზარდა, მაგრამ იმავე 2024 წელს რუსეთში 5-ჯერ მეტი ღვინო გაიყიდა, ვიდრე ევროკავშირში. რუსეთის სასარგებლოდ დისბალანსია სპირტიან სასმელებსა და მინერალურ წყლებშიც. ასევე ხილშიც და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაშიც, გარდა თხილისა.
ცხრილი 1: ექსპორტი ევროკავშირში მლნ. აშშ დოლარი (დალაგებულია 2013 წლის TOP 10 პროდუქციის მიხედვით)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო წლებში მთლიან ექსპორტში რეექსპორტის წილი მკვეთრად გაიზარდა და მან ადგილობრივ ექსპორტს გადააჭარბა, რაც ძირითადად შუა აზიის ქვეყნებში მკვეთრად გაზრდილ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. განსხვავებული ვითარებაა ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ადგილობრივი ექსპორტის წილი სტაბილურად 80%-ს აჭარბებს.
თანხობრივად ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირში 2014 წელს 408 მლნ დოლარს შეადგენდა (ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკა 2014 წლამდე ხელმიუწვდომელია). 2024 წელს 17%-ით მეტს 477 მლნ-ს, თუმცა ეს რეკორდულ მაჩვენებელთან შორსაა და მხოლოდ 2014 წლის მონაცემს აღემატება. კლება 2023 წელთან შედარებით 22%-ს და 2019 წელთან შედარებით 35%-ს შეადგენს.
გრაფიკი 4: ექსპორტის სტრუქტურა ევროკავშირში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირში 39%-ით - 133 მლნ-დან 185 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ზრდის მთავარი მამოტივირებელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები და ძვირფასი ლითონის მადნები გახდა. ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მიმდინარე წელს ევროკავშირში ექსპორტი 800 მლნ-ს მიაღწევს[1].
მთლიანობაში, ვიღებთ სურათს, რა დროსაც ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან 12 წლის შემდეგ, ექსპორტი ევროკავშირში არათუ გაიზარდა, შემცირდა კიდეც. ხელშეკრულებამდე არსებულ პერიოდთან კერძოდ 2013 წელთან შედარებით. 2022 წელს დაფიქსირებული რეკორდული მონაცემიც კი 2013 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 42%-ით აჭარბებდა, რაც სხვა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. ექსპორტი ევროკავშირში ბევრად უფრო სწრაფად ასოცირებამდელ პერიოდში - 2007-2013 წლებში იზრდებოდა.
ბოლო წლებში გარკვეული ზრდის მიუხედავად, ღვინის, მინერალური წყლების, ხილის, სპირტიანი სასმელები, ხილისა თუ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში კვლავ დაბალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთის მაჩვენებელს.
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და რუსული ბაზრის გახსნა დროში თითქმის ერთმანეთს დაემთხვა. რუსული ბაზარი პოლიტიკური რისკის მატარებელია, თუმცა სხვა მხრივ მოსკოვის მხრიდან ხარისხზე დაწესებული მოთხოვნის სტანდარტები ბრიუსელთან შედარებით ბევრად ნაკლებია, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ფაქტორი ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების მცდელობის ერთგვარ შემაფერხებელ გარემოებადაც იქცა.
ადგილობრივ ექსპორტშიც 2014 წელთან შედარებით ზრდა ფიქსირდება, მაგრამ ყველა სხვა წელთან შედარებით, კლება.
მტკიცება, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ზრდის მიმართულებით, სიმართლეს არ შეესაბამება. გარკვეულ ეტაპზე მცირე ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ისიც მცირე ხნით. ფაქტობრივი უზუსტობის, თუმცა მიმდინარე წელს პოზიტიური მიმართულებით შეცვლილი დინამიკის გათვალისწინებით, რაც ჯერ მკაფიოდ გამოხატულ ტენდენციად ვერ ჩაითვლება, „ფაქტ-მეტრმა“ დავით სონღულაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.