ვაჟა დარჩია: ოლქს, რომელშიც ნუგზარ ფუტკარაზე გარდაიცვალა და ფაქტობრივად, არჩევნების შემდეგ, რვა თვე მაჟორიტარი არ ჰყავდა, ახლაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად-ნახევარი, ოთხი წლიდან, მაჟორიტარის გარეშე დარჩა კონკრეტული ოლქი.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვაჟა დარჩიას განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ განაცხადა: „ოლქს, რომელშიც ნუგზარ ფუტკარაზე გარდაიცვალა და ფაქტობრივად, არჩევნების შემდეგ, რვა თვე მაჟორიტარი არ ჰყავდა, ახლაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად-ნახევარი, ოთხი წლიდან, მაჟორიტარის გარეშე დარჩა კონკრეტული ოლქი.“
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 28 წევრი არჩეულია პროპორციული წესით, ხოლო 7 - მაჟორიტარულით. ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, მაჟორიტარ კანდიდატთა შორის გამარჯვება ოთხმა ოპოზიციონერმა, მათ შორის, ნუგზარ ფუტკარაძემ, მოიპოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი ნუგზარ ფუტკარაძე კენჭს იყრიდა ბათუმის №4 საარჩევნო ოლქში. მან „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა და ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი გახდა. 35-წევრიან საკრებულოში მანდატები ისე გადანაწილდა, რომ უმრავლესობაში (19 მანდატით) ოპოზიციური წევრები იყვნენ. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. არჩევნებიდან მოკლე დროში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, რომელიც ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეც იყო, პარტია დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებდა მუშაობას. ამის შემდეგ, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ თანაბარი რაოდენობის მანდატები ჰქონდათ. 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა ნუგზარ ფუტკარაძე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებდნენ, რომ „ოცნება“ მის მოსყიდვას ცდილობდა, სანაცვლოდ დიდ თანხას სთავაზობდა, თუმცა ვერ გადაიბირა. ენმ-ის წევრების მტკიცებით, დეპუტატის გარდაცვალება სწორედ ამ ზეწოლამ გამოიწვია. ენმ-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ფუტკარაძეს პირი 100 000 დოლარს სთავაზობს. ენმ ამ საქმის ფიგურანტებად თორნიკე რიჟვაძის მამას, დავით რიჟვაძეს (პოლიციელი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თანამდებობა დატოვა) და კიდევ რამდენიმე პირს ასახელებდა.
შუალედური არჩევნები 2022 წლის 4 აპრილს ჩატარდა. „ოცნებამ“ კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე წარადგინა, რომელიც მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მრავალი წლის განმავლობაში, ის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების საჭიროებებზე მუშაობდა, მათთან პოზიტიური ურთიერთობა ჰქონდა, რაც აისახა კიდეც შედეგზე. ამასთან, საინტერესოა, რომ შუალედურ არჩევნებამდე (ასევე ტარდებოდა მერის არჩევნების მეორე ტური), ბათუმის ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა. ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, კონკრეტულად გონიო-კვარიათის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობა 497 ადამიანით იყო გაზრდილი. „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა ამომრჩევლები, რომლებიც 2021 წლის არჩევნებზე ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, წალკაში იყვნენ რეგისტრირებულები, 2022 წლის 4 აპრილის არჩევნების წინ კი ბათუმის №4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ. ამდენად, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, ბათუმის №4 საარჩევნო ოლქის (გონიო-კვარიათი, რომელშიც მდებარეობს ე. წ. ოცნების ქალაქი) ამომრჩეველს, თითქმის ექვსი თვის განმავლობაში, საკრებულოში წარმომადგენელი არ ჰყავდა. რამაზ ჯინჭარაძემ კი, რომელიც 2022 წლის მაისში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, თანამდებობიდან 2024 წლის 25 სექტემბერს გადადგა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიაში შეიყვანა. იმავე წლის ოქტომბერში ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოთა არჩევნები ჩანიშნულია მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს. გამოდის, რომ გონიო-კვარიათის ამომრჩეველს ბათუმის საკრებულოში წარმომადგენელი მთელი წლის განმავლობაში არ ეყოლება. ამდენად, ვაჟა დარჩიას განცხადება, რომ ბათუმის №4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, ოთხწლიანი პერიოდიდან (საკრებულოს არჩევნები ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ), წელიწად-ნახევარი მაჟორიტარი არ ჰყავს, არის სიმართლე.
ინფორმაციისთვის: მას შემდეგ, რაც რამაზ ჯინჭარაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი თავდგირიძე, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში „გახარია საქართველოსთვის“ სიით შევიდა და პარტია მალევე დატოვა, რაც „ქართული ოცნებისთვის“ უმრავლესობის შექმნის საფუძველი გახდა.