ირაკლი კობახიძე: 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%. 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
2024 წელს ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონემ 9.4% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2012 წელს დაახლოებით 1.1 მლნ ადამიანი (30%) ცხოვრობდა აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 346 ათასია. აქვე განვმარტავთ, რომ აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს, რომ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე სტატისტიკურ მონაცემებს სწორად ასახელებს, მის განცხადებაში იგნორირებულია ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. სოციალურად დაუცველები არიან ის კატეგორია, რომელიც ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა და სახელმწიფოსგან იღებენ საარსებო შემწეობას. 2025 წლის აპრილის მონაცემებით, 701,816 ადამიანი (182,207 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.9%-ს შეადგენს. 2019 წლის შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 64%-ით არის გაზრდილი. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში არ ხვდება.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „2023 წელს 11.8% იყო სიღარიბის მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, 9.4%. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. რა თქმა უნდა, წინსვლა არის აშკარა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში“.
ირაკლი კობახიძე აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს. აქვე განვმარტავთ, აბსოლუტური სიღარიბის დონე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ანუ უკიდურეს გაჭირვებაში.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონემ 9.4% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2024 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. აბსოლუტური სიღარიბის დონე კვლავ ყველაზე მაღალია ბავშვებსა და მოზარდებში, 18 წლამდე პირების 12.1% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
რაც უფრო გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ და დავაჯამებთ, მით უფრო შთამბეჭდავი იქნება მიღებული შედეგი. 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში, 30%-დან 9.4%-მდე, შემცირდა. ამ მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 2012 წელს დაახლოებით 1.1 მლნ ადამიანი ცხოვრობდა აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 346 ათასია.
რაც შეეხება ტენდენციას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო, 2011-2012 წლებში, ორწლიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დადებითი ტენდენცია გაგრძელდა 2013-2015 წლებშიც, შემდგომ პერიოდში ტენდენცია არაერთგვაროვანია. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა, 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018 და 2019 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით. 2020 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, მკვეთრად იზრდება აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი. 2021-2024 წლებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).
უკიდურესი სიღარიბის შემცირებას მოსახლეობის შემოსავლების ზრდა განაპირობებს, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და ემიგრაციიდან მიღებულ ფულად გზავნილებს. პანდემიის შემდგომ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა სოციალურმა დახმარებებმა [ბავშვთა ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა და ა.შ.] იქონია. თუმცა მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც აბსოლუტურ სიღარიბეს სოციალური შემწეობებით აღწევს თავს, კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში.
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა საქართველოში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 18.7% (690,496 ადამიანი) საარსებო შემწეობის მიმღები იყო, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6.6%-ით (42,961 ადამიანით) მეტია. 2020-2024 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ჯამში 61.5%-ით (263,123 ადამიანით) არის გაზრდილი. ზრდის დინამიკა გაგრძელდა მიმდინარე წელსაც, აპრილის მონაცემებით, 701,816 ადამიანი (182,207 ოჯახი) არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.9%-ს შეადგენს. 2025 წლის იანვარ-მარტში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 11,320 ადამიანით (1.6%-ით) გაიზარდა.
გრაფიკი 2: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე, პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის გაფართოებამ იქონია.
კერძოდ, 2021 წელს ბავშვთა დახმარების მიმღებთა კატეგორია გაფართოვდა. წლების განმავლობაში ფულადი დახმარების ოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წლის 1 ივლისიდან, 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირები ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2022 წლის გაზაფხულზე კი სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ამოქმედდა, პროგრამაში ჩართული პირები საარსებო შემწეობასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში დამატებით 300 ლარს იღებენ. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს საარსებო მინიმუმი გაუჩნდა და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები არიან უკიდურესად მოწყვლადები, რომლებიც სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებენ.
„ფაქტ-მეტრი“ არ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე გავლენა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებსაც ექნებოდა. თუმცა არსებული მონაცემები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ბოლო წლებში ფულადი სოციალური დახმარებების მიმღებთა რეკორდულად ზრდამ და სხვა სოციალურმა ტრანსფერებმა, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთან, სიღარიბე შემცირებაზე ასევე გავლენა ექნებოდა ბოლო წლებში მკვეთრად გაზრდილ ემიგრაციას და ემიგრაციიდან მიღებულ გზავნილებს.
ირაკლი კობახიძე აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ რეალობას მხოლოდ ამ მაჩვენებლით აფასებს და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ 2020-2025 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.