ჯაბა ფუტკარაძე: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასო შესრულება 86 მილიონ ლარზე მეტია. აქ აუცილებლად მინდა განმარტება გავაკეთო - შედარებით დაბალია შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და სხვა უწყებებთან შედარებითაც. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად, ჩვენ გასულ წელს დაგეგმილი გვქონდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გვქონდა გათვალისწინებული. სატენდერო პირობების გათვალისწინებით, შესყიდვის პირობების გათვალისწინებით, გასულ წელს ვერ მოხერხდა კონტრაქტის გაფორმება და თანხების ანაზღაურება. მოგეხსენებათ, 30 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში... პრინციპში, ეს თანხა უკვე ათვისებულია, ვინაიდან „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ვერდიქტი: ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
აჭარის ა/რ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. განსაკუთრებით დაბალია „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა“ და „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამების ფარგლებში ათვისებული თანხების მაჩვენებელი. აქედან პირველმა, დაზუსტებული გეგმიდან, 12 მლნ ლარზე მეტი ვერ გახარჯა, ხოლო მეორემ - 20 მლნ ლარი.
ანალიზი:
ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ა/რ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა, რა დროსაც მან განაცხადა: „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასო შესრულება 86 მილიონ ლარზე მეტია. აქ აუცილებლად მინდა განმარტება გავაკეთო - შედარებით დაბალია შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და სხვა უწყებებთან შედარებითაც. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად, ჩვენ გასულ წელს დაგეგმილი გვქონდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გვქონდა გათვალისწინებული. სატენდერო პირობების გათვალისწინებით, შესყიდვის პირობების გათვალისწინებით, გასულ წელს ვერ მოხერხდა კონტრაქტის გაფორმება და თანხების ანაზღაურება. მოგეხსენებათ, 30 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში... პრინციპში, ეს თანხა უკვე ათვისებულია, ვინაიდან „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.“
„ფაქტ-მეტრმა“ სხვადასხვა წლის რესპუბლიკური ბიუჯეტების შესრულების შესახებ გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ არაერთი პროგრამის/ქვეპროგრამის ათვისების მაჩვენებელი დაბალი იყო. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. როგორც ირკვევა, ნაკლოვანებები 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაშიც გამოიკვეთა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშიც. კერძოდ, უწყება მიუთითებს, რომ ნაკლოვანებები შეინიშნება არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები შემოსულობების გეგმური მაჩვენებლის განსაზღვრის პროცესში; გამოწვევები არსებობს გადასახდელების ათვისების თანაბარზომიერების კუთხით; რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ოდენობის შესახებ და სხვა.
საერთო ჯამში, რესპუბლიკური ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით, შემოსულობების მოცულობა განისაზღვრა 649 100 000 ლარით, ხოლო გადასახდელები - 726 553 700 ლარით. განხორციელებული ცვლილებებით, შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი 59 650 000 ლარით (9.2%-ით) გაიზარდა და 708 750 000 ლარს გაუტოლდა. გადასახდელები კი გაიზარდა 38 146 500 ლარით (5.3%-ით) და 764 700 200 ლარი შეადგინა. წლის ბოლოს შემოსულობებისა და გადასახდელების ფაქტობრივი მაჩვენებლები, შესაბამისად, 650 587 100 ლარი (გეგმის 91.8%) და 663 340 000 ლარი (გეგმის 86.7%) იყო.
რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებას, ცალკეული პროგრამები/ქვეპროგრამები კვლავ დაბალი ათვისებით ხასიათდება. მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ტრადიციულად, დაზუსტებული გეგმის თითქმის 100%-იანი შესრულება აქვს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.
ცხრილი 1. გადასახდელების შესრულება, აჭარის ა/რ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, ათასი ლარი
წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
როგორც ვხედავთ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაზუსტებული გეგმის მხოლოდ 67.8% აითვისა. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზი გახდა ის, რომ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვაზე 2024 წელს ხელშეკრულება არ გაფორმდა.
სინამდვილეში, სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმით, გათვალისწინებული იყო 17 000 000 ლარი. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ხარვეზები გამოვლინდა, რის გამოც, 2024 წლის დეკემბრამდე, ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ტენდერი შარშან ოქტომბერში გამოცხადდა, ხოლო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა“ და შპს „ანაგს“ შორის ხელშეკრულება დეკემბერში გაფორმდა. პროექტი მრავალწლიანია და სამუშაოების ღირებულება 50 762 990 ლარია. აქედან, 2025 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, პროგრამისთვის გამოყოფილია 30 მლნ ლარი. 2024 წლის ფაქტმა კი მხოლოდ 4 140 300 ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ აუთვისებელი 40 989 300 ლარიდან, სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამაზე მართლაც აუთვისებელი თანხის მნიშვნელოვანი რაოდენობა - 12 მლნ 800 ათას ლარზე მეტი მოდის.
თუმცა ჯაბა ფუტკარაძემ თავის განცხადებაში არ დაასახელა კიდევ 19 მლნ ლარზე მეტი, რომელიც აუთვისებელი დარჩა „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამიდან. კერძოდ, აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თანხის დაბალი ათვისება, ძირითადად, გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით: კონტრაქტორი კომპანიების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაუსრულებლობა, ასევე, რამდენიმე შემთხვევაში, გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები არ შედგა. 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამისთვის შარშან გათვალისწინებული თანხიდან, ათვისებულია 39 421 400 ლარი, 2024 წლის ბიუჯეტის კონსოლიდირებული ვერსიით კი, გეგმა კი 59 966 000 ლარს შეადგენდა.
ამდენად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ თანხების ათვისების დაბალი მაჩვენებელი არ უკავშირდება მხოლოდ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების გვიან დაწყებას. გაცილებით მეტი ვერ აითვისა ამავე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რაც ჯაბა ფუტკარაძემ, ანგარიშის წარდგენისას, არ ახსენა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას აფასებს ვერდიქტით: ნახევრად სიმართლე.