გიორგი ქადაგიძე: ადამიანი ღარიბად ითვლება, თუ დღეში 6.85 დოლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი. საქართველოში ამ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ევროკავშირში – 1%-ზე ნაკლები
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ქადაგიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
გიორგი ქადაგიძის მიერ ნახსენები 6.85 PPP დოლარი - ძველი მონაცემია, 2017 წლის სიღარიბის ზღვარი, რომელიც განახლდა. მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით (2023), სიღარიბის ზღვარი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, დღეში 8.30 PPP დოლარია.
მსოფლიო ბანკის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 49.1% ამ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ისინი უმეტესად მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები არიან, შესაბამისად,ბევრ ქვეყანაში 8.30 PPP დოლარზე ნაკლებით მცხოვრები მოსახლეობის წილი პრაქტიკულად 0%-ია ან/და 1%. ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის საშუალო მაჩვენებელი 2%-ია.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი ქადაგიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით, ადამიანი ღარიბად ითვლება, თუკი ის დღეში 6,85 დოლარზე ნაკლებზე ცხოვრობს... საქართველოში ამ ზღვარს ქვევით ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ნახევარზე მეტი! ევროკავშირში ამ ზღვარს ქვევით ცხოვრობს მოსახლეობის 1% ზე ნაკლები“.
მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებით, გლობალური სიღარიბის ზღვარი 2021 წლის მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე (PPP) დაყრდნობითაა დადგენილი. აქვე განვმარტავთ, PPP (ანუ მსყიდველუნარიანობის პარიტეტი) გამოიყენება იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ვალუტები შედარებადი გახდეს რეალური ფასების გათვალისწინებით. ერთი და იმავე თანხას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველუნარიანობა აქვს და მისი მეშვეობით სხვადასხვა რაოდენობის საქონლისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. PPP სწორედ ამ განსხვავებებს აბალანსებს და საშუალებას გვაძლევს ქვეყნებს შორის შემოსავლები და სიღარიბის დონე უფრო ობიექტურად შედარებადი იყოს.
დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის სიღარიბის ზღვარი ერთ ადამიანზე დღეში 3 PPP დოლარით, საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის - 4.20 PPP დოლარით განისაზღვრება, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, ეს ზღვარი თითო ადამიანზე დღეში 8.30 PPP დოლარს შეადგენს. ამ ცვლილებამდე, 2017 წლის PPP-ის მიხედვით, სიღარიბის ზღვარი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის დღეში 6.85 დოლარი იყო, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის - 2.15 დოლარი, ხოლო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის - 3.65 დოლარი.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა საქართველოშიც და გლობალურ დონეზეც მწვავე პრობლემად რჩება. დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში 8.30 დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს.
საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა (upper-middle-income), თუმცა, მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე კვლავ უკიდურესად მაღალია. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 49.1% დღეში 8.30 PPP დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერ იღებენ სრულფასოვან კვებას, ჯანდაცვას და განათლებას, ანუ ვერ უზრუნველყოფენ მინიმალურ ადამიანურ საჭიროებებს. გარდა ამისა, უკიდურეს სიღარიბეში (დღეში 3 PPP დოლარზე ნაკლები) იმყოფება მოსახლეობის 5.8%, ხოლო მოსახლეობის 14% დღეში 4.20 PPP დოლარზე ნაკლებს მოიხმარს. აქვე განვმარტავთ, რომ საქსტატის ცნობით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი დღეში 8.30 PPP დოლარი თვეში 310.8 ლარს შეესაბამება, 4.20 PPP დოლარი თვეში 157.3 ლარია, ხოლო 3 PPP დოლარი 112.3 ლარია.
გრძელვადიან პერიოდში სიღარიბის საერთაშორისო ზღვრებს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი შემცირებულია (იხილეთ გრაფიკი 1), თუმცა მოსახლეობის თითქმის ნახევარი მაინც სიღარიბეში ცხოვრობს.
გრაფიკი 1: სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)
წყარო: მსოფლიო ბანკი
სიღარიბის აღნიშნული ინდიკატორი - 8.30 PPP დოლარი დღეში, ძირითადად გამოიყენება საშუალოზე მაღალი შემოსავლის (upper-middle income) ქვეყნებისათვის. ევროკავშირის EU ქვეყნები უმეტესწილად მაღალი შემოსავლის კატეგორიაში შედიან და ამ ქვეყნებში თითო ადამიანზე დღიური შემოსავლის დონე 8.30 PPP დოლარზე გაცილებით მაღალია. ამიტომ მსოფლიო ბანკის EU-ს ჯამურ მაჩვენებელს არც აქვეყნებს. თუმცა მონაცემები ცალკეული ქვეყნების მიხედვით აღრიცხულია.
ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ბელგია, შვეიცარია, კვიპროსი, ფინეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვენია) ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად 0%-ს უტოლდება. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ია ჩეხეთში, გერმანიაში, დანიაში, ავსტრიაში, მალტაში. თუ ევროკავშირის ყველა ქვეყნის მაჩვენებლებს გავასაშუალოებთ, ევროკავშირის 27 ქვეყანაში სიღარიბის საშუალო მაჩვენებელი (დღიურად 8.30 PPP დოლარი) დაახლოებით 2% გამოდის.
საერთაშორისო სიღარიბის სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი ღირსეული ცხოვრებისთვის არასაკმარისია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონედ ითვლება. ოფიციალური ეკონომიკური ზრდის პარალელურად, სიღარიბის მასშტაბები მიგვანიშნებს სოციალურ უთანასწორობაზე. ამ რეალობის ცვლილება მოითხოვს მიზნობრივ, სტრუქტურულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ადამიანის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.