ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი:
რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავზე კომენტარის გაკეთებისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც „გარკვევით“ წერია, რომ ცხინვალის დაბომბვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას 1633 აკრიტიკებენ და ამტკიცებენ, თითქოს მან ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა, ხოლო წინა ხელისუფლება ამ ბრალდებას რეზოლუციის მხარდაჭერით დათანხმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრს“ არაერთი სტატია აქვს მომზადებული. საკუთარი განცხადებების არგუმენტად „ქართული ოცნება“ რეზოლუციის ერთ კონკრეტულ, მე-5 მუხლს იყენებს, რაც არა მხოლოდ შინაარსიდან ამოგლეჯილი ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, არამედ მთლიანობაში დოკუმენტის სულისკვეთებასა და მნიშვნელობას აკნინებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების თაობაზე რეზოლუცია (1633) 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო. ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია აღიარა და იქ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას დააკისრა. გარდა ამისა, რეზოლუციამ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტს დაავალა, უზრუნველყოს მასში მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე დაკვირვება და მოხსენების მომზადება, რაც ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საკითხის აქტუალიზაციას უზრუნველყოფდა და ძალზე მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში სადამკვირვებლო მექანიზმების არარსებობის გათვალისწინებით.
რეზოლუციაში არსად წერია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. დოკუმენტის მე-4 მუხლი აღნიშნავს, რომ „თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანმდევი პროვოკაციებითა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, გაცილებით უფრო ადრე დაიწყო“. საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ სამშვიდობო ძალებმა ვერ უზრუნველყვეს საკუთარი მისიის აღსრულება და წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინარე მოწოდებები სამშვიდობო ფორმატის ცვლილების განხილვასთან დაკავშირებით არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენება კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისთვის ერთ-ერთ შესაძლებლობად იქცა.
რაც შეეხება მე-5 მუხლს, მასში ნათქვამია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. როგორც ვხედავთ, რეზოლუცია არ ამბობს, რომ „სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, ხოლო ქართული მხარის ქმედებებს მხოლოდ არსებული ესკალაციის ახალ საფეხურზე გადასვლის კონტექსტში აფასებს. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის რეზოლუციის მთლიანი კონტექსტისგან განყენებულად წაკითხვის შემთხვევაშიც კი, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ, შეუძლებელია მისი იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს ის ქართულ მხარეს ომის დაწყებაში ადანაშაულებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ PACE-ს მომხსენებელთა ანგარიშში, რომელიც რეზოლუციას საფუძვლად დაედო, პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ „ომი რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის 7 აგვისტოს არ დაწყებულა“. ამავე ანგარიშის თანახმად, 3-დან 5 აგვისტომდე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალისა და მიმდებარე ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.
მეტიც, მე-8 მუხლში საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ „იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველო, ისე რუსეთი, ისინი უნდა იქნას დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ“. ეს ჩანაწერი ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ასამბლეა სრულად იხსნის ომის დაწყების გარემოებების შესწავლისა და დადგენის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ვერც რეზოლუცია და ვერც მისი მე-5 მუხლი საქართველოს ბრალს ვერ დასდებდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ PACE-ში რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც არალოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, თუკი ის ომის დაწყებაში მართლა საქართველოს ადანაშაულებდა. რუსეთის ნარატივი ყოველთვის იყო და არის ის, რომ სწორედ საქართველო თავს დაესხა „მძინარე ცხინვალს“ .
ამგვარად, რეზოლუცია 1633 2008 წლის აგვისტოს ომისა თუ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ინიციატორად საქართველოს არ წარმოაჩენს და მეტიც, კონფლიქტის თავიდან არიდების მცდელობებზე უარის თქმის პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ PACE-ს რეზოლუციის თანახმად, „ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო“, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.