• ჩვენ შესახებ
    1. მეთოდოლოგია
    2. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 100.9%-ით შესრულდა. მთლიანი გეგმის შესრულების მიუხედავად, ცალკეულ პუნქტებში ჩამორჩენა მაინც შეინიშნება.

11/08/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 100.9%-ით შესრულდა. მთლიანი გეგმის შესრულების მიუხედავად, ცალკეულ პუნქტებში ჩამორჩენა მაინც შეინიშნება. მდგომარეობა ყველაზე მძიმეა საგარეო ვალის ნაწილში, კერძოდ, ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებში, საიდანაც, 270 მლნ-ის ნაცვლად, ათვისებულია 0 ლარი. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი: თუ 2024 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსულობები 16%-ით გაიზარდა, 2025 წლის იანვარ-ივნისში, გაზრდილი ინფლაციის პირობებში, ზრდის ტემპი შემცირდა და შემოსულობების ნაწილში, 7%-ზე ჩამოვიდა, გადასახადებისგან მობილიზებულ ნაწილში კი - 23%-დან 6%-ზე.

შემოსულობების ¾-ზე მეტი გადასახადებით ივსება. გადასახადების ნაწილში, ექვსთვიანი გეგმა 100.5%-ით შესრულდა და მობილიზებული თანხის მოცულობამ 10.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. ძირითადი გადასახადებიდან, 101.6%-ით მხოლოდ საშემოსავლოს გეგმა შესრულდა. მოგების გადასახადის, დღგ-ის, აქციზისა და იმპორტის გადასახადების შესრულების მაჩვენებლები კი 93.7%-98.7%-ებს შორის მერყეობს. 241%-ით შესრულდა სხვა გადასახადების გეგმაც და 150 მლნ-ის ნაცვლად, გადახდილია 361 მლნ. ეს მუხლი ნაწილობრივ მოიცავს გაუნაწილებელ გადასახადებს. 5 თვეში მისი შესრულების 5 თვის მაჩვენებელი შესრულების 6-თვიან მაჩვენებელს.

ცხრილი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი


წყარო: სახელმწიფო ხაზინა

სხვა შემოსავლების გეგმა 145%-ით შესრულდა. თანხობრივად, ბიუჯეტში დაგეგმილზე 350 მლნ ლარით მეტი - 1.1 მლრდ შევიდა. ასეთი მაღალი შესრულება, ძირითადად, დივიდენდებიდან მიღებული შემოსავლის ზრდამ განაპირობა. სახელმწიფო საწარმოებიდან ბიუჯეტში, 300 მლნ-ის ნაცვლად, 670 მლნ ლარი გადაირიცხა.

6 თვეში ფინანსური აქტივების კლების გეგმა - 33%-იანი, ხოლო პრივატიზაციის გეგმა 41%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.

ვალდებულებების ზრდის ნაწილში, 27.7%-იანი ჩამორჩენაა, რაც, თანხობრივად, 433 მილიონლარიან დანაკლისს ნიშნავს.

ვალდებულებები ორ ნაწილად იყოფა - საშინაოდ და საგარეოდ. საშინაო ვალდებულებების ზრდაში ჩამორჩენა უმნიშვნელოა - 770 მლნ-ის ნაცვლად, სახელმწიფომ 755 მლნ ისესხა და გეგმა 98.1%-ით შეასრულა. საგარეო ვალდებულებების გეგმა კი მხოლოდ 47.4%-ით შესრულდა. თავის მხრივ, საგარეო ვალდებულებებიც ორ ნაწილად იყოფა: საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებად და ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებად. საინვესტიციო კრედიტების ნაწილში, შესრულების მაჩვენებელი 71.7%-ს შეადგენს - 377 მლნ-ს 526 მლნ-დან, ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებში კი - 0%-ს, ანუ 270 მლნ-ს ნაცვლად, 0 ლარს.

ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების წლიური გეგმა 600 მლნ ლარს შეადგენს, რაც შეუძლებელია რომ უმნიშვნელო თანხად ჩაითვალოს. თანხობრივი დანაკლისი პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მეორე და შეიძლება ითქვას, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა ამ დანაკლისის მიზეზი - დასავლეთთან გართულებული ურთიერთობები.

ბიუჯეტის შესრულების პროცენტული მაჩვენებლის გარდა, საინტერესოა ასევე, რა ხდებოდა წინა წლების შესაბამის პერიოდებში, როგორ სრულდებოდა მაშინ ბიუჯეტი და რამდენით გაიზარდა ან შემცირდა შესრულების მაჩვენებელი.

2024 წლის იანვარ-ივნისში შემოსულობების გეგმა 106.3%-ით შესრულდა, მათ შორის, გადასახადების გეგმა - 105.5%-ით. ჩაშლილად, გარდა იმპორტის გადასახადისა, რომლის წილიც ყველაზე მცირეა, ცალ-ცალკე თითოეული ძირითადი სახელმწიფოებრივი გადასახადიდან მიღებულმა თანხამ გეგმას გადააჭარბა. იმავე პერიოდში, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების გეგმამ 127% შეადგინა - 195 მლნ ლარი, 154 მლნ-ის ნაცვლად.

ცხრილი 2: სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობებისა და მისი კომპონენტების ზრდის ტემპი


წყარო: სახელმწიფო ხაზინა

2024 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსულობები 16%-ით და გადახდილი გადასახადები 23%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ ნახევარში შემოსულობების ზრდის ტემპი 7%-მდე, მათ შორის, გადახდილი გადასახადების ზრდის ტემპი 6%-მდე შემცირდა. ცალკეული გადასახადებიდან მიღებული თანხის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტადაა შემცირებული, მოგების გადასახადის შემთხვევაში, საერთოდ კლებაც კი ფიქსირდება, მაგრამ ეს შეიძლება სხვა გადასახადებიდან მიღებული თანხებით დაბალანსდეს.

დამატებით, შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია 1.1%-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში 3.1%-მდე გაიზარდა, რამაც რეალური ზრდის ტემპი კიდევ უფრო შეამცირა.

მთლიანობაში, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ იანვარ-ივნისში შემოსულობების გეგმა შესრულდა. თუმცა, მეორე მხრივ, ცალკეულ კომპონენტებში მნიშვნელოვანი ჩამორჩენა და აკრეფილ გადასახადებში ზრდის ტემპის შემცირება გარკვეულ პრობლემებზე მაინც მიუთითებს.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია

    თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა