მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლების და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი. კონკრეტულად, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა  419 მლნ ლარით

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლების და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი. კონკრეტულად, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მლნ ლარით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2025 წელს განათლების ბიუჯეტის პროექტი 3,085 მლრდ ლარია, წინა წელთან შედარებით ზრდა - 541 მლნ ლარი. სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტის გეგმამ 1, 903 მლრდ ლარი შეადგინა და არა 2, 462 მლრდ ლარი, როგორც კობახიძე აცხადებს. რაც შეეხება პროფესიული განათლების დაფინანსებას, 2025 წელს ამ მიმართულების დასაფინანსებლად 149 მლნ ლარია გათვალისწინებული და არ 175 მლნ, წინა წელთან შედარებით ზრდა 36 მლნ ლარია.
უმაღლესი განათლების ბიუჯეტმა 171 მლნ ლარი შეადგინა (კობახიძის მიერ დასახელებული 201 მლნ ლარის ნაცვლად), ამ შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით ზრდამ 5.1 მლნ ლარი შეადგინა, 7.8 მლნ-ით არის გაზრდილი მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ბიუჯეტი ( 78,2 მლნ ლარიდან 86 მლნ ლარამდე). ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის 13.8 მლნ-ია გათვალისწინებული, გასულ წელს 8.9 მილიონი იყო გამოყოფილი. ამ ორ მონაცემს კობახიძე ზუსტად ასახელებს.
როგორც ვხედავთ, განათლების ყველა მიმართულების ბიუჯეტი გაზრდილია, თუმცა კობახიძე მონაცემებს უზუსტოდ ასახელებს. თუ განათლების ბიუჯეტის მშპ-სთან ფარდობას განვიხილავთ, ბოლო ხუთი წლის საშუალო მონაცემი 2.7%-ს შეადგენს.
განათლების ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება განათლების ხარისხის ზრდა უნდა იყოს. საერთაშორისო კვლევები და ადგილობრივი შეფასების კრიტერიუმები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ: საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსწავლეები კითხვის და წაკითხულის გააზრების უნარებს ვერ აუმჯობესებენ, ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც ქართველი მოსწავლეების საშუალო მაჩვენებელი საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. ადგილობრივი შეფასების კრიტერიუმებიც ცხადყოფს, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლას მინიმალური საბაზო კომპეტენციით ასრულებს.
UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებისთვის გამოწვევად რჩება წიგნიერება, აზრის ფორმულირება და ნათლად გამოხატვა.
შესაბამისად, მონაცემების უზუსტოდ დასახელების და იმის გამო, რომ გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, განათლების ხარისხი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განათლების ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, ორ მილიარდ 43 მილიონი ლარიდან ორ მილიარდ 462 მილიონ ლარამდე. ეს ზრდა დიდწილად განაპირობა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდამ... 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება...

30 მილიონი ლარით, 145 მილიონიდან 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ასევე 30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე. მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79,6 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8,9 მილიონიდან 13,8 მილიონ ლარამდე“.

„ფაქტ-მეტრი“ განათლების ბიუჯეტით დაინტერესდა.

მიმდინარე წელს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა 3,085 მლრდ ლარია. სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტის გეგმამ 1, 903 მლრდ ლარი შეადგინა და არა 2, 462 მლრდ ლარი, როგორ კობახიძე აცხადებს. 2024 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი 1, 640 მლრდ ლარი იყო. შესაბამისად, მიმდინარე წელს დაწყებითი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი 263 მლნ ლარით არის გაზრდილი და არა 419 მლნ ლარით.

რაც შეეხება პროფესიული განათლების დაფინანსებას, 2025 წელს ამ მიმართულების დასაფინანსებლად 149 მლნ ლარია გათვალისწინებული, წინა წელთან შედარებით ზრდა 36 მლნ ლარია.

უმაღლესი განათლების ბიუჯეტმა 171 მლნ ლარი შეადგინა, ამ შემთხვევაში წინა წელთან შედარებით ზრდამ 5.1 მლნ ლარი შეადგინა, 7.8 მლნ-ით არის გაზრდილი მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ბიუჯეტი ( 78,2 მლნ ლარიდან 86 მლნ ლარამდე). ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის 13.8 მლნ-ია გათვალისწინებული, გასულ წელს 8.9 მილიონი იყო გამოყოფილი.

ცხრილი 1:განათლების ბიუჯეტი (მლნ ლარი)


როგორც ვხედავთ, განათლების ყველა მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია, თუმცა ირაკლი კობახიძე მონაცემებს არაზუსტად ასახელებს.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, როგორ იზრდებოდა განათლებს ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.

2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი (წინასწარი მონაცემით) მიმდინარე ფასებში 91.9 მლრდ ლარი იყო, განათლების ბიუჯეტი - 2,5 მლრდ ლარი, რაც მშპ-ს 2.7%-ია. 2023 წელს მშპ მიმდინარე ფასებში 80.9 მლრდ ლარი იყო, განათლების ბიუჯეტმა მშპ-ს 2.6% - 2,077 მლრდ ლარი შეადგინა. 2022 წელს განათლების ბიუჯეტი 1.7 მლრდ ლარი იყო, მშპ მიმდინარე ფასებში 72.8 მილიარდი ლარი, შესაბამისად განათლების ბიუჯეტი მშპ-ს 2.3% იყო, 2021 წელს განათლების ბიუჯეტი 1,8 მლრდ - მშპს-ს (60.7) – 2.9%, 2020 წელს განათლების ბიუჯეტმა 1.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს (49.7) 3.5% იყო. როგორც ვხედავთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, განათლების ბიუჯეტი საშუალოდ მშპ-ს 2.7%-ს შეადგენდა. განათლების 2022-2030 წლის სტრატეგიის მიხედვით, საბოლოო მიზანი განათლების დაფინანსების მშპ-ს 6%-მდე გაზრდაა.

განცხადებაში ირაკლი კობახიძე მასწავლებელთა ხელფასის ზრდასაც უსვამს ხაზს. მართლაც, 2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ხელფასის მატების განმსაზღვრელი მასწავლებლის დატვირთვა გახდა და არა კომპეტენცია. ახალი მექანიზმის მიხედვით, ყველაზე მეტად ხელფასი უფროსს (დაახლოებით 500-800 ლარამდე) მასწავლებლებს გაეზარდათ, რომელთა რაოდენობა სკოლებში ყველაზე მეტია (დაახლოებით 41 000), სულ საჯარო სკოლაში 2023-2024 წელს 56 703 მასწავლებელი იყო დასაქმებული (დაწვრილებით იხ. სტატია).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების დაფინანსების ნომინალური ზრდის მიუხედავად (პროცენტული მაჩვენებელი საშუალოდ მშპ-ს 2.7%-ია), ზოგადი განათლების ხარისხი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება, მეტიც, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსწავლეები კითხვის და წაკითხულის გააზრების უნარებს ვერ აუმჯობესებენ, ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც ქართველი მოსწავლეების საშუალო მაჩვენებელი საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება.

ადგილობრივი შეფასების კრიტერიუმებიც ცხადყოფს, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლას მინიმალური საბაზო კომპეტენციით ასრულებს (იხ. სტატია) .

უკეთესი მდგომარეობა არც უმაღლესი განათლების მიმართულებით არის. სულ ცოტა ხნის წინ UNICEF-მა საქართველოში ახალგაზრდების უნარებისა და საკვანძო კომპეტენციების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით აზრების ფორმულირებასა და ნათლად გამოხატვაში.

ირაკლი კობახიძე განათლების დაფინანსების ზრდაზე დარგის წარმატებულობის საჩვენებლად აპელირებს. დაფინანსების ზრდის მთავარი მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესება უნდა იყო. რეალურად კი, მიუხედავად წლების განმავლობაში გაზრდილი დაფინანსებისა, როგორც კვლევები ცხადყოფს, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხი დღემდე არადამაკმაყოფილებელია და გაუმჯობესებას საჭიროებს.

ამ ფაქტორის გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარეც, რომ მონაცემებს არაზუსტად ასახელებს, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები
ირაკლი კობახიძე

ყველა სიახლე