პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% რეინვესტირებაა

რომან გოცირიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86% რეინვესტირებაა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კორექტირების შემდეგ, 2024 წლის ინვესტიციების მოცულობა, პირველად მონაცემებთან შედარებით 18%-ით - 1.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა აღნიშნულიც 2023 წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან მიმართებით 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით - 4.6%-მდე შემცირდა, რაც თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2020 წელს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
კომპონენტების მიხედვით, ინვესტიციები სამი ნაწილისგან შედგება: სააქციო კაპიტალი, რეინვესტირება და სავალო ვალდებულებები. რეინვესტირების მაჩვენებელი 2020 წლიდან მკვეთრად გაიზარდა და ბოლო 5 წელიწადში სამჯერ 80%-იან ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო მაქსიმუმს - 86%-ს, 2024 წელს მიაღწია.
2024 წელს ინვესტიციები თანხობრივადაც შემცირდა და მშპ-სთან მიმართებითაც. სტრუქტურულად ინვესტიციებში ახალი ინვესტიციების წილი შემცირებულია. მდგომარეობის გაუარესება 2023 წლიდან იწყება და 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით გრძელდება (აგვისტოს მდგომარეობით, 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის). ფაქტობრივი სიზუსტისა და მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი:

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ ინვესტიციების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს გარედან კაპიტალი ფაქტობრივად არ შემოსულა. ინვესტიციების 86 პროცენტი რეინვესტირება იყო, ანუ ადგილობრივი კომპანიების მიერ მოგების უკან ჩაბრუნება. მთლიანი ინვესტიციების მოცულობა 2023 წელთან შედარებით 18 პროცენტით შემცირდა“.

საქსტატის განახლებული მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოში 1.6 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც მარტში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემთან შედარებით 18%-ით მეტია, თუმცა 2023 წელთან შედარებით ასევე 18%-ით ნაკლებია. უწყებამ პირველად და დაზუსტებულ მონაცემებს შორის 235 მლნ დოლარიანი სხვაობა საწარმოთა მიერ რეინვესტირებისა და სესხის მოცულობათა დაზუსტებით ახსნა. მცირედით ( 1.3%-2.2%-ის ფარგლებში ) ჩასწორდა 2020-2023 წლების მონაცემებიც.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელი (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასევე ჩასწორდა ოთხივე კვარტლის მონაცემი. ყველაზე ნაკლები 9% მეოთხე კვარტალს და ყველაზე მეტი 33% მესამე კვარტალს დაემატა. დაკორექტირებისას მკვეთრი ზრდის მიუხედავად, 2024 წლის ინვესტიციების მოცულობა თანხობრივად ჩამოუვარდება როგორც 2022-2023 წლების, აგრეთე 2014-2017 წლების მაჩვენებლებს. უფრო მეტიც, თუ ინვესტიციებს მშპ-სთან ფარდობაში განვიხილავთ, 2024 წლის მონაცემი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ( პანდემიური 2020 წლის გამოკლებით) ყველაზე დაბალი იქნება.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კომპონენტების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამ ნაწილად იყოფა: სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები. 2017 წელს საქართველო მოგების გადასახადის დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადავიდა, რაც რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. 2017-2019 წლებში რეინვესტირების წილმა საშუალოდ 37% შეადგინა - 2013-2016 წლებთან შედარებით, ორჯერ მეტი. 2020 წლიდან რეინვესტირების მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მკვეთრად გაიზარდა და ბოლო 5 წელიწადში 3-ჯერ 80%-ს და უშუალოდ 2024 წელს 85%-საც გადააჭარბა.

გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ აშშ დოლარი) კომპონენტების მიხედვით


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ის ფაქტი, რომ ინვესტორი მოგებას კომპანიაში ტოვებს (რეინვესტირება), მისასალმებელია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციებია. 2023-2024 წლებში ახალი ინვესტიციები სავალო ვალდებულებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა, რის შემდეგაც ახალი ინვესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჯერ 17%-მდე და შემდეგ 14%-მდე შემცირდა. უკეთესი ვითარება არც 2025 წლის პირველ კვარტალშია. იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 25%-ით (245-დან 184 მლნ დოლარამდე) შემცირდა და მასში რეინვესტირების წილი 84%-ია.

„ფაქტ-მეტრი“ ვარდნის მიზეზებზე მტკიცებით ფორმაში ვერ ისაუბრებს. როგორც წარსული პერიოდი აჩვენებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ხშირად ცალკეულ პროექტების აქტიური ინვესტირების ფაზის დასრულებას უკავშირდებოდა ხოლმე, ისეთებს როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთის იგივე შაჰ-დენიზის გაზსადენი და შემდგომში ამ გაზსადენის გაფართოება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ვარდნა, ფაქტია, რომ 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები როგორც თანხობრივად, ასევე მშპ-სთან მიმართებით, შემცირდა. კიდევ უფრო მეტად შემცირდა მთლიან ინვესტიციებში ახალი ინვესტიციების წილი. ინვესტიციებმა კლება 2023 წლიდან დაიწყო და მდგომარეობა უკეთესობისკენ არც 2025 წლის პირველ კვარტალში შეცვლილა. ფაქტობრივი სიზუსტისა და მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.


პერსონები
რომან გოცირიძე

ყველა სიახლე