2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 914 ათას ადამიანს შეადგენს. მათგან, სულ მცირე 93,4%, ანუ 3 მილიონ 657 ათასი, საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 6,6%-ს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის 99% (ანუ 3,677,833 ადამიანი) იყო საქართველოს მოქალაქე. 6,757 ადამიანს (0.2%) ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა, დანარჩენი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები (22,131 ადამიანი) და მოქალაქეობის არმქონე პირები იყვნენ.აღწერათაშორის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ჯამში 200 ათასზე მეტი ადამიანით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა მთლიანად უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ხარჯზეა, საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი კი შემცირდა.2014-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 20,833-ით შემცირდა. თუ ორმაგ მოქალაქეებსაც ჩავთვლით, მოქალაქეების საერთო რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 27,590-ით შემცირდა. რაც შეეხება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 2024 წლის აღწერის მიხედვით, მათი რაოდენობა დაახლოებით 257 ათასს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 10,6-ჯერ - თითქმის 235 ათასით გაიზარდა.მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების (ემიგრაცია, შობადობა, გარდაცვალება, მოქალაქეობის მინიჭება და შეწყვეტა) ანალიზის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული.ეს მონაცემები მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეთა წილი მთლიან მოსახლეობაში მცირდება და ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუ დემოგრაფიული პროცესები არ შეიცვლება.
ემიგრაცია
2015-2024 წლებში საქართველოს მიგრაციული სალდო - სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის, მთლიანობაში უარყოფითი იყო. უარყოფითი მიგრაციული სალდო განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში. აღნიშნულ პერიოდში ემიგრაციაში წავიდა 810,347 საქართველოს მოქალაქე, მაშინ, როცა იმავე პერიოდში ქვეყანაში დაბრუნდა 566,645 საქართველოს მოქალაქე. შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველო 243,702 მოქალაქით მეტმა დატოვა, ვიდრე დაბრუნდა. შესაბამისად, მხოლოდ მიგრაციის გამო საქართველოს მოქალაქე მოსახლეობა დაახლოებით 6.6%-ით შემცირდა.
გრაფიკი 1: 2013-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო
წყარო: საქსტატი (ეყრდნობა შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს)
ბუნებრივი მატება
2015-2024 წლებში საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება, ამ პერიოდში საქართველოში ჯამში 471,013 საქართველოს მოქალაქე დაიბადა, ხოლო ამავე პერიოდში 478,074 მოქალაქე გარდაიცვალა. შესაბამისად, აღწერათაშორის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების ბუნებრივი მატების მაჩვენებელი (შობადობასა და გარდაცვალებას შორის სხვაობა) უარყოფითი იყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში 7,061 მოქალაქით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
ეს სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ შობადობის ტემპი მოსახლეობის ბუნებრივ მატებას უკვე წლებია ვერ უზრუნველყოფს. მეტიც, 2015-2024 წლებში შობადობის მაჩვენებელი წლიდან წლამდე სტაბილურად იკლებდა, რაც უკვე ჩამოყალიბებული დემოგრაფიული ტენდენციაა და არა მოკლევადიანი მერყეობა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის ბუნებრივი კლება მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
გრაფიკი 2: 2015-2024 წლებში საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, მოქალაქეობის მიხედვით
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მოქალაქეობის მინიჭება-შეწყვეტა
გარდა ბუნებრივი მატებისა და ემიგრაციისა, აღწერათაშორის პერიოდში საქართველოს მოქალაქე მოსახლეობის რაოდენობაზე გავლენა ასევე შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭება/შეწყვეტას ჰქონოდა. 2015-2024 წლებში 36,728 ადამიანს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 27,318 ადამიანს მოქალაქეობა შეუწყდა. ჯამში, ამ პერიოდში 9,410-ით მეტ ადამიანს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ვიდრე შეუწყდა. ეს რაოდენობა არსებითად ვერ ახდენს იმიგრაციისა და შობადობის უარყოფით მაჩვენებელთა დაბალანსებას.
დასკვნა
ამრიგად, მოსახლეობის 2024 წლის აღწერის წინასწარი შედეგები ცხადად მიუთითებს, რომ 10-წლიან პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა, საერთო მოსახლეობის ზრდა კი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგია. დაბალი შობადობა და მაღალი ემიგრაცია — ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ქვეყნის დემოგრაფიულ სტრუქტურაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს და საქართველოს მოქალაქე მოსახლეობის კლებას განაპირობებს.
თუ მიმდინარე დემოგრაფიულ მონაცემებს კარგად ჩავუღრმავდებით, აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეების კლება აღწერის სტატისტიკურ შედეგებზე მეტად საგანგაშოა. აღწერათაშორის პერიოდში (2015-2024) 243,702 მოქალაქით მეტი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა. ამასთან ერთად, ბუნებრივი მატება ასევე უარყოფითი იყო — გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას 7,061-ით გადააჭარბა. მთლიანობაში, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის კლება უკვე არის ჩამოყალიბებული ტენდენცია. თუ ეს პროცესები გაგრძელდება, საქართველოს მოქალაქეების წილი საერთო მოსახლეობაში კიდევ უფრო შემცირდება, რაც სერიოზულ სოციალურ და პოლიტიკურ გამოწვევებს შექმნის მომდევნო წლებში.
ამრიგად, არსებული დემოგრაფიული მონაცემები (მიგრაცია; ბუნებრივი მატება) აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის რეალური კლება გაცილებით საგანგაშოა, ვიდრე აღწერით დაფიქსირებული მაჩვენებლები.