საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ მაღალია

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ მაღალია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვახტანგ ცინცაძის განცხადება არის სიმართლე.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანეს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი იმავე წლის ივნისში მიიღეს, ხოლო საქართველომ აღნიშნული სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მოიპოვა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს გარდა, კიდევ 8 ქვეყანას: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, სერბეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და თურქეთს აქვს. 2022 წლიდან მოყოლებული (იმ პერიოდიდან, როცა საქართველომ წევრობაზე განაცხადი შეიტანა), ყოველ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანაში. უფრო მეტიც, 2022-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკა, ჯამურად, 31%-ით გაიზარდა, სხვა კანდიდატი ქვეყნების სშუალო ზრდამ, უკრაინის გამოკლებით, 10% შეადგინა. პროგნოზის მიხედვით, საქართველო მშპ-ის ზრდის ტემპით სხვა კანდიდატ ქვეყნებს 2026-2030 წლებშიც უსწრებს.
რამ გამოიწვია მაღალი ეკონომიკური ზრდა და რამდენად ინკლუზიურია ის, ამ საკითხზე კამათი შეიძლება, მაგრამ ის, რომ ბოლო წლებში საქართველოში მშპ-ის ზრდის ტემპი არათუ ევროპის, მსოფლიო მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ფაქტობრივი მოცემულობაა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადება შეაფასა, როგორც სიმართლე.

ანალიზი:

ვახტანგ ცინცაძემ ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება - 7 თვის მონაცემებით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპის, აზიისა და რეგიონის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. აქვე გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორჯერ უფრო მაღალია.“

საქართველოს გარდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი კიდევ 8 სახელმწიფოა: უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი და თურქეთი. თურქეთთან მოლაპარაკებები გაყინულია, მაგრამ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ოფიციალურად მაინც ინარჩუნებს.

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა, რაც არა მხოლოდ ევროპის, მსოფლიო მასშტაბითაც კი ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ ნავთობით მდიდარ გაიანასა და გაეროს არაწევრ ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე, რომლის მოსახლეობაც 56 ათასს შეადგენს.

სხვა კანდიდატებიდან, ყველაზე მაღალი - 4%-იანი ზრდა ალბანეთში აღინიშნა, ყველაზე დაბალი - 0.1%-იანი - მოლდოვაში.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი 2024 წელს


წყარო: მსოფლიო ბანკი

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წელს შეიტანეს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღეს, საქართველომ - 2023 წელს. მთელი ამ 3.5 წლის განმავლობაში, საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა როგორც მოლდოვასა და უკრაინის, ისე ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანას შორის. 2022 წელს, რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის ეკონომიკა 29%-ით შემცირდა და ეს მომენტი შესადარებლად ვერ გამოდგება, თუმცა ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის სხვაობა დანარჩენ 7 ქვეყანასთანაც თვალშისაცემია.

ცხრილი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი


წყარო: მსოფლიო ბანკი და მოცემული ქვეყნების სტატისტიკური სამსახურები

2025 წლის მონაცემები დასაზუსტებელია, მაგრამ დაკორექტირება არსებით ცვლილებას ვერ გამოიწვევს. წინა სამი წლის ანალიზით კი ირკვევა, რომ თითოეულ შემთხვევაში, საქართველო ლიდერის პოზიციას იკავებდა. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა %-ით გაიზარდა, სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო ზრდა, უკრაინის გამოკლებით, 3.1%-ს შეადგენდა, 2023 წელს სხვა კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპმა მიაღწია 3.7%-ს, რაც 2024 წელს 2.8%-მდე შემცირდა.

2022-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკა, ჯამურად, 31%-ით გაიზარდა, მეორე ადგილზე მყოფ მონტენეგროსი კი - 16%-ით. მოლდოვის ეკონომიკა 3%-ით შემცირდა, 2022-ის ვარდნის გამო, უკრაინის ეკონომიკა 23%-ითაა შემცირებული. სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო ჯამური ზრდის ტემპი, უკრაინის გამოკლებით, საქართველოზე სამჯერ ნაკლებს - 10%-ს შეადგენს.

გრაფიკი 2: მშპ-ის ჯამური ზრდის ტემპი 2022-2024 წლებში


წყარო: მსოფლიო ბანკი

სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2026-2030 წლებში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 5%-ით უნდა გაიზარდოს, რაც ასევე აღემატება სხვა კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებლებს, თუმცა სხვაობა შემცირებულია.

როგორც წესი, ღარიბ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მეტი პოტენციალი აქვს. კანდიდატი სახელმწიფოებიდან, თურქეთში, სერბეთსა და მონტენეგროში მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს აღემატება, მაგრამ სხვაობა განსაკუთრებულად დიდი არაა. თურქეთის შემთხვევაში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, PPP დათვლით, ევროკავშირის მხოლოდ ორ სახელმწიფოს - ლატვიასა და ბულგარეთს აჭარბებს. სერბეთსა და მონტენეგროში კი ის ბულგარეთზე ნაკლებია. ამიტომ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და სხვებთან შედარებით, ზრდის მეტი პოტენციალი აქვს, არ გამოდგება იმის ასახსნელად, თუ რატომაა საქართველოში ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი.

რუსეთ-უკრაინის ომამდე, ქართული ოცნების მმართველობისას, ეკონომიკური ზრდის ტემპი წლიურად 6.1%-ს არ ასცილებია (2021 გამონაკლისს წარმოადგენდა, როდესაც მაღალი ზრდა, წინა წლის ვარდნის ფონზე, საბაზო პერიოდის გათვალისწინებით დაფიქსირდა). თუ 2013-2019 წლებში ეკონომიკის ზრდის ტემპმა, საშუალოდ, 4.7% შეადგინა, 2022-2024 წლებში ის გაორმაგდა და 9.4%-ს გაუტოლდა, რაც, ნაწილობრივ, მაინც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებით აიხსნება. რუსეთ-უკრაინი ომის დაწყების შემდეგ (დროებით - 2022 წელს და ნაწილობრივ - 2023 წელს), მკვეთრად გაიზარდა როგორც ფულადი გზავნილები რუსეთიდან, ისე - საქართველოში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების რაოდენობა და ასევე, მკვეთრად გაიზარდა რეექსპორტი შუა აზიის ქვეყნებში. ყირგიზეთსა და ყაზახეთში რეექსპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილის დანიშნულების საბოლოო ადგილი, სავარაუდოდ, რუსეთია.

2024 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთს სანქციები დაუწესდა და ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები სახიფათო გახდა. „ფაქტ-მეტრი“ ცდილობს მხოლოდ მიზეზების ახნას და არ ამტკიცებს, რომ საქართველო სანქციებს არღვევს. რუსული კომპანიის დარეგისტრირება, რუსეთიდან ფულადი გზავნილის მიღება ან ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი, რომლებიც შესაძლოა შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდეს, სანქციების დარღვევის ფაქტს არ წარმოადგენს.

ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა ხშირად აჩენს კითხვას — აისახა, თუ - არა ეს რეალურად მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ეკონომიკური ზრდა, თავისთავად, არ გულისხმობს კეთილდღეობის უნივერსალურ გაუმჯობესებას. მისი სარგებელი ხშირად არათანაბრად ნაწილდება და მეტწილად, იმ ჯგუფებს ეხება, ვინც უკვე ჩართულია ფორმალურ ეკონომიკაში. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდას, ზოგადად, პოზიტიური გავლენა აქვს ცხოვრების დონეზე, კონკრეტულ პერიოდში ან კონკრეტულ პირობებში ის შეიძლება მხოლოდ მცირე სეგმენტზე გავრცელდეს. რა მიზეზებითაც უნდა იყოს განპირობებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და რამდენად დაბალინკლუზიურიც უნდა იყოს ეს ზრდა, ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მაღალია და ის მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნის ზრდის ტემპს.

„რადგან ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველო როგორც მიმდინარე წელს, ისე გასულ წლებში, მკვეთრად უსწრებს ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელს, უპირატესობას, ამ ქვეყნებთან მიმართებით, მომდევნო წლების პროგნოზითაც ინარჩუნებს. ამდენად, „ფაქტ-მეტრმა“ ვახტანგ ცინცაძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით: სიმართლე.“


შენიშვნა: „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა მხოლოდ ეკონომიკური მონაცემები. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს და იმას, თუ რატომ გაუარესდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და რატომ არ გაიხსნა მოლაპარაკებები, ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატიების ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე ( ბმული 1, ბმული 2)