ანა წითლიძე: წალენჯიხაში მოსახლეობის 40% სოციალურად დაუცველია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა წითლიძის განცხადება არის სიმართლე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2024 წელს ჩატარებული აღწერის წინასწარი მონაცემები. წალენჯიხის მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია და ამ დროისთვის 20 200 ადამიანს შეადგენს. პარალელურად კი, იმავე საანგარიშო პერიოდში (პირობითად ავიღეთ 2019-2025 წლები), იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, ფულად შემწეობას იღებს 8 635 პირი, რაც მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 42.7%-ია. ეს მეტია იმ მაჩვენებელზე, რომელსაც პოლიტიკოსი ასახელებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებდა და რეალობა დასახელებულზე მძიმე აღმოჩნდა, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ანა წითლიძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი:
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ანა წითლიძემ განაცხადა: „წალენჯიხაში მოსახლეობის 40% სოციალურად დაუცველია.“
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მათ შორის, წალენჯიხაში, მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირებულია. პირობითად, თუ საანგარიშო პერიოდად 2019-2025 წლებს ავიღებთ, მდგომარეობა ასე გამოიყურება:
ცხრილი 1. წალენჯიხის მოსახლეობის რაოდენობა, 2019-2025 წლების 1 იანვრის მდგომარეობით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, მაგრამ ამ ზრდაზე გავლენა იქონია უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. მოსახლეობა იკლებს თითქმის ყველა ქალაქსა და რეგიონში (გამონაკლისია თბილისი, ბათუმი და კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტი, სადაც უმნიშვნელო მატება დაფიქსირდა). რაც შეეხება ბუნებრივ მატებას (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის), მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია და აღნიშნული თითქმის ყველა მუნიციპალიტეტზე ვრცელდება. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. კონკრეტულად წალენჯიხაში ახლა 4 100 ადამიანით ნაკლები ცხოვრობს, ვიდრე 2019 წელს ცხოვრობდა.
მოსახლეობის რიცხოვნობის კლების მიუხედავად, იმავე საანგარიშო პერიოდში, იზრდება მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულთა და საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა. ვინაიდან ეს მაჩვენებლები მუდმივად იცვლება, შესადარებლად ყოველი წლის აგვისტოს მონაცემებს გამოვიყენებთ (ბოლო მონაცემი გვაქვს 2025 წლის აგვისტოს მიხედვით). აქვე გეტყვით, რომ 2023 წლიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოიცავს იმ ოჯახებს/პირებს, რომლებიც ჩართული არიან საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში და ოთხი წლის განმავლობაში, უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
ცხრილი 2. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მიმღები მოსახლეობის წილი მუნიციპალიტეტის მთელ მოსახლეობასთან მიმართებით, 2019-2025 წლების აგვისტოს მიხედვით
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
შენიშვნა: საანგარიშო პერიოდი აღებულია პირობითად, პანდემიამდელი და პანდემიის შემდგომი მონაცემების შედარების მიზნით.
როგორც ცხრილი 2 აჩვენებს, 2019 წლის შემდეგ, ბაზაში რეგისტრირებულებისა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების/პირების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. ერთადერთი გამონაკლისია მიმდინარე წლის აგვისტო, როცა მიმღებ პირთა რიცხოვნობა 18 ადამიანით შემცირდა. თუმცა მუნიციპალიტეტის მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით, წილი საგრძნობლად გაზრდილია და 42.7%-ს შეადგენ.
ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა წითლიძის განცხადება არის სიმართლე.