2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი [ეუთო/ოდირმა] და ჩამოვიდნენ

შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი [ეუთო/ოდირმა] და ჩამოვიდნენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის არგამოგზავნის თაობაზე კომენტირებისას, შალვა პაპუაშვილმა მაგალითად მოიყვანა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც, მისი თქმით, ეუთო/ოდირს მოსაწვევი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაეგზავნა, თუმცა მათ მისიის გამოგზავნა მაინც შეძლეს. ამით შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირის გაცხადებული მიზეზი საქართველოში არჩამოსვლასთან დაკავშირებით და მას „თეთრი ძაფით ნაკერი საბაბი“ უწოდა.

„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, 2008 წელს, 5 იანვარს საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. 8 ნოემბერს, ვადამდელი არჩევნების გამოცხადებისას, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმთავითვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი. „ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები... მე მინდა ახლავე მოვუწოდო საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი“, - განაცხადა მან. ეს განცხადება მათ შორის ეუთო/ოდირისთვისაც ერთგვარი სიგნალი იყო, რათა ოფიციალურ მოწვევამდე შესაბამისი პროცედურები დაეწყო. შედარებისთვის, ჯერ კიდევ 2025 წლის 18 ივნისს ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ თვითმმართვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე ეუთო/ოდირის მოწვევა „ზედმეტი“ იქნება, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ აპირებდა. მოგვიანებით, 7 ივლისს, ეუთო/ოდირმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სინანული გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების „გაცხადებული განზრახვის“ გამო, არ მოიწვიოს სადამკვირვებლო მისია, თუმცა იქვე დაადასტურა საქართველოში არჩევნების დაკვირვებისთვის მზადყოფნა, თუ ხელისუფლება მას მოწვევის წერილით დროულად მიმართავს.

სააკაშვილის განცხადებიდან მალევე, 20-21 ნოემბერს საქართველოში ეუთო/ოდირის საჭიროებების შემფასებელი მისია (Needs Assessment Mission) განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის არჩევნებზე დაკვირვების სახელმძღვანელოს თანახმად, საჭიროებების შემფასებელი მისია ოფიციალურ მოწვევას არ საჭიროებს და ის შეიძლება მის მიღებამდეც ჩატარდეს, თუკი წინასწარი ინფორმაციით, ეუთო/ოდირი არჩევნებს უნდა დააკვირდეს. შემფასებელმა მისიამ საკუთარ ანგარიშშიც აღნიშნა, რომ მისი მივლენა საქართველოში წინსწრებით, ფორმალური მოწვევის მოლოდინში (with a view to a formal invitation) დაიგეგმა. ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროებების შემფასებელ მისიას აცნობა, რომ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, ხელისუფლება აპირებს, მოწვევის წერილით მიმართოს ეუთო/ოდირს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე ეროვნული პარლამენტებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოუწოდოს მათ, დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა გამოაგზავნონ.

ოფიციალური მოსაწვევი ეუთო/ოდირს 26 ნოემბერს, ანუ 40 დღით ადრე გაეგზავნა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სადამკვირვებლო მისიის მოწვევის თაობაზე საჯარო კომუნიცირება ვადამდელი არჩევნების გამოცხადებისთანავე მოხდა.

ამასთან, 2007 წლის 29-30 ნოემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ეუთო/ოდირს და წევრ-სახელმწიფოებს თხოვნით, საქართველოში „რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი“ გამოეგზავნათ.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მუშაობას 5 დეკემბერს, არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე შეუდგა, მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეუთო/ოდირს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფორმალური წერილით მხოლოდ 6 სექტემბერს მიმართა, ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე და მეტიც, მისიის მოწვევაზე საჯაროდ უარის თქმის პირობებში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის თაობაზე კომუნიკაცია არა 26 ნოემბრის ფორმალური წერილით, არამედ გაცილებით ადრე, არჩევნების გამოცხადებისთანავე დაიწყო, რასაც 20-21 ნოემბერს საჭიროებების შემფასებელი მისიის ვიზიტიც მოწმობს. შესაბამისად, ეუთო/ოდირს საკმარისი დრო ჰქონდა სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისა და სრულფასოვანი დაკვირვების უზრუნველყოფისთვის, როგორც ამას ორგანიზაციის რეგულაციები მოითხოვს. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების თაობაზე კი „ქართული ოცნება“ ეუთო/ოდირთან არავითარ წინასწარ კონსულტაციას არ აწარმოებდა. პირიქით, კეთდებოდა განცხადებები, რომ სადამკვირვებლო მისიის მოწვევა არჩევნებზე არ იგეგმებოდა. ამის გამო ეუთო/ოდირს სამზადისი არ დაუწყია, ხოლო ერთი თვით ადრე მისიის მოწვევა სრულფასოვანი დაკვირვებისთვის საკმარის დროს აღარ ტოვებდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.