2025 წლის იანვარ-სექტემბერში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.7%-ით - 2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. პირველ ადგილზე ისევ ყირგიზეთია, მეორეზე ყაზახეთი, მესამეზე აზერბაიჯანი და მეოთხეზე ტაჯიკეთი. 550%-იანი და 1830%-იანი ზრდა შეინიშნება უზბეკეთიდან და თურქმენეთიდანაც. საერთო ჯამში, 9 თვეში, შუა აზიის ქვეყნების წილი ავტოექსპორტში 80%-დან 88%-მდე გაიზარდა.
მსუბუქ ავტომობილებს ექსპორტში ბოლო 16 წელია მნიშვნელოვანი წილი უკავიათ და რუსეთ უკრაინის ომის დაწყებამდეც პერიოდულად პირველ ადგილსაც იკავებდნენ. ომის დაწყების შემდეგ, ისედაც მაღალი წილი კიდევ უფრო გაიზარდა. 2010-2021 წლებში მსუბუქი ავტომობილების წილი ექსპორტში საშუალოდ 15.1%-ს შეადგენდა, 2022 წლიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით კი 31.8%-მდე გაიზარდა. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში ექსპორტიდან მიღებული ყოველი 5 დოლარიდან თითქმის 2 დოლარი მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა.
გრაფიკი 1: ავტოექსპორტი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თანხობრივი და წილობრივი ზრდის გარდა შეიცვალა საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სტრუქტურაც. ომამდე ძირითად ბაზარს აზერბაიჯანი წარმოადგენდა, სომხეთი კი ხშირ შემთხვევაში მეორე ადგილს იკავებდა. 2013 წელს აზერბაიჯანისა და სომხეთის წილმა ავტოექსპორტში 74% შეადგინა (704 მლნ-დან 401 მლნ აზერბაიჯანში, 121 მლნ - სომხეთში), 2019 წელს 67% (733 მლნ-დან 259 მლნ აზერბაიჯანში, 235 მლნ - სომხეთში). 2021 წელს 248 მლნ-ით პირველ ადგილს ისევ აზერბაიჯანი იკავებდა, თუმცა სომხეთი 6 მლნ-ით მეათე ადგილზე იყო გადასული, მეორე ადგილზე 88 მლნ-ით უკრაინა იმყოფებოდა.
2022 წლიდან შუა აზიის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა იწყება, 2023 წლიდან კი რეგიონი ავტოექსპორტში დომინანტი ხდება. 2021 წელს ყირგიზეთისა და ყაზახეთის წილი ავტოექსპორტში 9%-ს შეადგენდა, 2024 წელს კი უკვე 80%-ს.
გრაფიკი 2: ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2025 წლიდან შუ აზიის კიდევ სამი სახელმწიფოს გააქტიურება იწყება. ტაჯიკეთში უზბეკეთსა და თურქმენეთში 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.9-ჯერ - 27-დან 159 მლნ დოლარამდე გაიზარდა. თუ ამ სამი სახელმწიფოს წილი ავტოექსპორტში გასული წლის იანვარ-სექტემბერში 1.5%-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 7.9%-ს გაუტოლდა. ახალ ბაზრებზე ზრდა ძირითადად მესამე კვარტალზე მოდის. მხოლოდ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ავტოექსპორტი ჯამში 690%-ით - 13-დან 105 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
გრაფიკი 3: ავტოექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
იანვარ-სექტემბერში ავტოექსპორტი ყირგიზეთში კიდევ 21%-ით გაიზარდა, მცირე 3%-იანი ზრდა აჩვენა ყაზახეთმაც. ტრადიციულ ბაზრებზე კი ვარდნაა. 9 თვეში აზერბაიჯანში ავტოექსპორტი 24%-ით - 223-დან 170 მლნ დოლარამდე შემცირდა. ხოლო სომხეთში განახევრდა და 42 მლნ დოლარს გაუტოლდა. საერთო ჯამში, 9 თვეში შუა აზიის ხუთივე ქვეყნის ჯამური წილი ავტოექსპორტში 80%-დან 88%-მდე გაიზარდა.
„ფაქტ-მეტრი“ მტკიცებით ფორმატში არ აცხადებს, თუმცა ავტოექსპორტის მოცულობა შუა აზიის ქვეყნებში, ზრდის ტემპი და ერთეულის ღირებულება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია. იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოდან ნაყიდი ავტომობილები მართლა გადადის რუსეთში, საქართველო სანქციების დამრღვევი ქვეყანა მაინც არ გამოდის, რადგან ექსპორტი რუსეთშია აკრძალული და არა ყირგიზეთში ან ტაჯიკეთში.
სანქციების გამკაცრების შემდეგ, რუსეთში პირდაპირი ავტოექსპორტი პრაქტიკულად განულდა. 2024 წელს რუსეთში სულ 158 ათასი დოლარის ღირებულების 8 ავტომობილი გაიყიდა, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 138 ათასი დოლარის ღირებულების 7 ავტომობილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთი ავტოექსპორტში ლიდერი არც სხვა დროს ყოფილა, მაქსიმალურ 76 მლნ დოლარიან მაჩვენებელს მან 2022 წელს მიაღწია, რითაც მან მეხუთე ადგილის დაკავება შეძლო. 2021 წელს რუსეთი 17 მლნ-ით მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა, 2019 წელს 8 მლნ დოლარით მეშვიდე ადგილზე.
ძირითადად ავტოექსპორტის ხარჯზე, მესამე წელია, რაც რეექსპორტი ადგილობრივ ექსპორტს აჭარბებს. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, ადგილობრივი ექსპორტის წილი 45.6%-ია, ხოლო რეექსპორტი, შესაბამისად - 54.4%.