რომან გოცირიძე: სურსათზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტემპი 70 წლამდე პირების პენსიის ზრდის ტემპს უსწრებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 5.7%-ით - 350-დან 370 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების პენსია 10%-ით - 450-დან 496 ლარამდე იზრდება. პენსიების ზრდის მინიმალურ ტემპს „საქართველოს კანონი პენსიების შესახებ“ არეგულირებს და დაგეგმილი ზრდის მოცულობა ამ კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
პენსიების ზრდის ტემპი ინფლაციის განაკვეთს უსწრებს, თუმცა მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში სამომხმარებლო ფასები სურსათსა და მედიკამენტებზე საშუალოზე მეტად გაიზარდა, კერძოდ, სურსათზე - 7.9%-ითა და ჯანდაცვაზე - 8.2%-ით. საანგარიშო პერიოდის ბოლო თვეს - სექტემბერში, სურსათზე - 11.9%-ითა და ჯანდაცვაზე - 9%-ით. დაბალშემოსავლიანი ადამიანი სურსათზე, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტზე, თავისი მცირე შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავს. პენსიონერისთვისაც, თუ პენსია მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, პერსონალური ინფლაცია საშუალო ინფლაციის განაკვეთზე მაღალი იქნება.
როგორც ზოგადი ინფლაცია, ასევე ინფლაცია სხვადასხვა ძირითადი კატეგორიების სასაქონლო ჯგუფებზე მზარდია. პირველ კვარტალში სამომხმარებლო ფასები 2.6%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში - 3.6%-ით და მესამეში - 4.6%-ით. სურსათიც, შესაბამისად პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 4.4%-ით გაძვირდა, მეორეში - 8.5%-ით და მესამე კვარტალში - 10.8%-ით.
პენსიებზე საუბრისას, დამატებით შეიძლება აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წლიდან წლამდე პენსიონერთა რაოდენობა და პენსიების გაცემაზე გამოყოფილი თანხების წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯვით ნაწილში იზრდება. საპენსიო ხარჯები, როგორც წესი, უფრო მეტად იზრდება, ვიდრე სხვა მხარჯავი დაწესებულების დაფინანსება. თუმცა ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ ინფლაციის ტემპი ზოგ შემთხვევაში პენსიების ზრდის ტემპს ასწრებს.
ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ ასაკობრივი პენსიის ზრდასა და ინფლაციაზე პოსტი გამოაქვეყნა: „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო პენსია (რომელსაც 70 წლამდე პენსიონერები იღებენ) მომავალ წელს მხოლოდ 20 ლარით იზრდება და 370 ლარი გახდება. ეს მატება იმაზე დაბალია, ვიდრე ფასების ზრდა საქონლის იმ სეგმენტში, რომლის შესაძენადაც პენსიონერები ხარჯავენ თავიანთი შემოსავლების 80 პროცენტზე მეტს. მიმდინარე წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, ფასები სურსათზე გაიზარდა 12 პროცენტით, ხოლო ჯანდაცვაზე - 9 პროცენტით. იზრდება ასევე სხვა სეგმენტშიც“.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, 70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 5.7%-ით - 350-დან 370 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების პენსია 10%-ით - 450-დან 495 ლარამდე იზრდება.
პენსიების ზრდას „საქართველოს კანონი პენსიების შესახებ“ არეგულირებს. რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია 2.6%-ს შეადგენს.
ბოლო 6 კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელმა 9.1% შეადგინა. ამ რიცხვის 80%-ისა და ბოლო 12 თვის ინფლაციის ჯამი 9.9%-ია (9.1*0.8+2.6=9.9).
კანონის თვალსაზრისით, არაფერი ირღვევა და პენსია დადგენილი მინიმალური ზღვრის ოდენობით იზრდება, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2025 წლის განმავლობაში ინფლაციის განაკვეთი თითქმის ყოველთვიურად იზრდებოდა და გარდა ამისა, ფასების ზრდის ტემპი საკვებსა და მედიკამენტებზე ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აჭარბებდა.
ბიუჯეტის პირველადი პროექტი პარლამენტს სექტემბერში წარედგინება, რა დროსაც ინფლაციაზე ბოლო ცნობა აგვისტოს მონაცემებით თარიღდება. 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით სამომხმარებლო ფასები ნამდვილად 2.6%-ით გაიზარდა, თუმცა 2025 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ზრდის ტემპმა 3.5%-ს, ხოლო იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 3.6%-ს მიაღწია. უშუალოდ სექტემბერში ინფლაცია 4.8%-ს გაუტოლდა, ცალკე აღებული სურსათის ფასები კი 11.9%-ით გაიზარდა.
2024 წელს ინფლაციის განაკვეთი ყველაზე დაბალი იყო 2013 წლის შემდეგ და მან 1.1% შეადგინა, მათ შორის სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში საერთოდ ნულოვანი ინფლაცია დაფიქსირდა, ჯანდაცვის ხარჯები კი მხოლოდ 0.7%-ით გაიზარდა. თუმცა წლის ბოლოდან ფასების ზრდის ტემპის დაჩქარება საყურადღებო გახდა.
გრაფიკი 1: ინფლაციის განაკვეთი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატი ზოგად ინფლაციას 12 ჯგუფში გადანაწილებულ 305 დასახელების პროდუქტისა და მომსახურების ფასის ცვლილების მიხედვით ითვლის. მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი - 32.2%-იანი, წონა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს ენიჭება. პირობითად, პურის 10%-იანი გაძვირება მთლიან ინფლაციაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე სანოტარო გადასახდელის 50%-ით ზრდა. თუ ინფლაციას სასაქონლო ჯგუფების მიხედვით კვარტალურად დავითვლით, ზრდის ტემპი ამ შემთხვევაშიც თვალსაჩინო აღმოჩნდება.
გრაფიკი 2: ინფლაციის განაკვეთი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2025 წელი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
სტატისტიკური გათვლები ერთგვარ გასაშუალოებულ მონაცემებს ეყრდნობა. დაბალშემოსავლიანია ადამიანი საკვებში თავისი მცირე შემოსავლის დიდ წილს ხარჯავს. პენსიონერი დაბალშემოსავლიან ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისად მისთვის, თუ პენსია შემოსავლის ერთადერთი წყაროა, პერსონალური ინფლაცია უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე საშუალო ინფლაცია.
პენსიონერისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. სამედიცინო მომსახურების ნაწილს დაზღვევა აფინანსებს, მაგრამ სახელმწიფო დაზღვევა მედიკამენტებზე არ ვრცელდება. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 11%-ით და ტკივილგამაყუჩებლები 21%-ით გაძვირდა. საკვები პროდუქტებიდან 9 თვეში ზეთი 22%-ით, კარტოფილი 14%-ითა და პური 10%-ითაა გაძვირებული.
2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ასაკობრივ პენსიას სულ 882 ათასი ადამიანი იღებდა, მათგან 47% - 350 ლარს და 53% - 450 ლარს. მაღალმთიან რეგიონში 20%-იანი დანამატი მოქმედებს. დანამატის მიმღებთა რაოდენობა კი 85 ათასს შეადგენს.
ნომინალური პენსიის გარდა, მზარდია პენსიონერთა რაოდენობაც. 2012 წლის დეკემბერში ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობა 663 ათასს შეადგენდა, 2019 წლის დეკემბერში 763 ათასს და 2025 წლის სექტემბერში 882 ათასს. საპენსიო ხარჯი წლიდან წლამდე უფრო მეტად იზრდება, ვიდრე თავად ნომინალური პენსიის ოდენობა. მზარდია საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხის წილიც ბიუჯეტის მთლიან ხარჯვით ნაწილში. მხოლოდ პენსიების გაცემაზე 2026 წელს იმაზე მეტი დაიხარჯება, ვიდრე თავდაცვისა და განათლების სამინისტროზე ერთად. 2012 წლის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ნომინალურად 145%-ით და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა 370%-ით გაიზარდა. ის ფაქტი, რომ საპენსიო ხარჯები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი, არ ცვლის იმ გარემოებას, რომლის მიხედვითაც, ინფლაცია, ზოგ შემთხვევაში, მაინც უსწრებს პენსიების ზრდის ტემპს.
გრაფიკი 3: საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სურსათსა და ჯანდაცვაზე ფასების ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე 70 წლამდე პირების პენსიის ზრდის ტემპი. მედიკამენტებზე და ზოგიერთი დასახელების სასურსათო პროდუქტზეც ფასები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე 70 წელს გადაცილებული პირების პენსია. პენსიონერი ხარჯების დიდი ნაწილი საკვებზე და მედიკამენტებზე მოდის, ერთზეც და მეორეზეც ფასები საშუალო ინფლაციის განაკვეთზე მეტად გაიზარდა. ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.