სოზარ სუბარი: საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ნამდვილად დაცულია და ამ კანონში რეალური ცვლილება არ მომხდარა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2025 წლის 19 ოქტომბერს გადაცემა „იმედი LIVE-ში „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში 16 ოქტომბერს დამტკიცებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა - „საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ნამდვილად დაცულია და ამ კანონში რეალური ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება გულისხმობს გზის გადაკეტვის უფლებას თუკი ადამიანთა იმდენი რაოდენობაა, რომ არ შეიძლება დაეტიოს გზის ქვეითთა სავალ ნაწილზე და ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს გზის გადაკეტვა“.
„ფაქტ-მეტრმა“ სოზარ სუბარის განცხადება გადაამოწმა
მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძის მიერ გასული წლის ნოემბერში გაკეთებულ განცხადებას - 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების არგახსნის თაობაზე, საზოგადოების ნაწილის მასობრივი და უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, „ქართული ოცნება“ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს თანმიმდევრულად აუარესებს.
„ქართულმა ოცნებამ“ პროტესტის კრიმინალიზებისთვის რადიკალური ნაბიჯების გადადგმა სწორედ გასული წლის 13 დეკემბერს დაიწყო (იხ. კანონპროექტი), როდესაც კოდექსს ახალი სამართალდარღვევები დაემატა, არსებულ სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა და იმ საფუძველთა ჩამონათვალი გაიზარდა, რომლითაც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ასევე მისი ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
სწორედ ამ ცვლილებების ფარგლებში, სამართალდარღვევა გახდა - ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალებების ქონა, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა. გარდა ამისა, მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვასთან დაკავშირებული სანქციები მინიმუმ ათჯერ - 500-დან 5 000 ლარამდე, ხოლო ორგანიზატორისთვის - 5 000-დან 15 000 ლარამდე, ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ფონთან და სანქციის განსაზღვრის კონსტიტუციური სტანდარტთან შეუსაბამოდ გაიზარდა.
ცვლილების ანალიზი ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ცვლილები „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თებერვალში დაამტკიცა. განხორციელებული ცვლილებებით, 4-ჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა - 60 დღემდე. პარალელურად, გამკაცრდა სანქციები იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია საპროტესტო გამოხატვასთან. ამასთან, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების მომწესრიგებელი მუხლი — ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლი (სამართალდარღვევათა ნაწილი) — შინაგან საქმეთა სამინისტროს განსჯადობაში გადავიდა, ცვლილებებით ასევე გაუარესდა პირადი გასინჯვის წესი და გაფართოვდა პოლიციის დისკრეციული უფლებამოსილება მოქალაქეთა მიმართ[1](წყარო საია ).
13 ოქტომბერს ინიციირებულმა საკანონმდებლო პაკეტმა არსებული რეპრესიული სამართლებრივი რეჟიმი კიდევ უფრო დაამძიმა. არაერთ სამართალდარღვევაზე ალტერნატიული სასჯელის, კერძოდ, ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა გაუქმდა და ერთადერთ სანქციად პატიმრობა დარჩა. ხოლო, რიგი სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში იგივე ან მსგავსი სამართალდარღვევის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მოწესრიგების საგანიც გახდა.
ცვლილებების ანალიზი ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
განცხადების ავტორი, იმის ხაზგასასმელად, რომ კანონში რეალური ცვლილება არ მომხდარა, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის კანონიერებაზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ „ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანთა რაოდენობა ქვეითთა სავალ ნაწილზე არ ეტევა“. რეალურად, განცხადების ეს პათოსი გულისხმობს, რომ „თუ მოქალაქეები კანონს არ დაარღვევენ, არც რეპრესიული კანონების მსხვერპლნი არ გახდებიან“, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციების ფუნდამენტური უფლების არსს, რადგან რეალურად, გამკაცრებულ სანქციებს არსებითი გავლენა აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია, თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან.[2]
ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მშვიდობიანი შეკრების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ შეკრების კონტექსტში ჩადენილ ქმედებებზე სანქციები უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რათა „მსუსხავმა ეფექტმა“ პირს არ უბიძგოს პროტესტის გამოხატვის შეკავებისკენ. გაიდლაინის მიხედვით, ისეთი სამართალდარღვევები, როგორიცაა შეკრების წინასწარ შეუტყობინებლობა ან შეკრებაზე მარშრუტის, დროისა და ადგილის შეზღუდვების შეუსრულებლობა, არ უნდა დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით ან გადაჭარბებული ჯარიმებით.
მაშასადამე, სწორედ არაპროპორციული სანქციებია ის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზებას და მოქალაქეთა შესაძლებლობას, პროტესტის ფორმით საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი მოსაზრება.
ეს მკაფიოდ აღინიშნა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშებში, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში განხორციელებული ცვლილებებია შეფასებული.
შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილ ადმინისტრაციულ ჯარიმებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია პირდაპირ აღნიშნავს, რომ ზოგადად, არაპროპორციულ ჯარიმებს აქვს „მსუსხავი ეფექტი“, რაც შეკრების თავისუფლების არაპირდაპირ დარღვევას წარმოადგენს (პარ. 46). კომისიის შეფასებით, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 60 დღემდე გაზრდა, ისევე ფინანსური სანქციების მნიშვნელოვანი ზრდა იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობაზე(პარ. 47-49) [3].
ამ წლის ოქტომბრის, ანუ ბოლო ცვლილებებით, ეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რიგი სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში იგივე ან მსგავსი სამართალდარღვევის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მოწესრიგების საგანიც გახდა.
ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი შეფასებებში გაკრიტიკებულია, სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც, მათ შორის, კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების მიმდინარეობა, განსაკუთრებით, კანონშემოქმედებითი პროცესის დაჩქარებული წესით, საზოგადოების ჩართულობის გარეშე წარმართვა; სახის დაფარვასთან დაკავშირებული აკრძალვები, რომლებიც ბლანკეტურია და პრობლემურია კანონის განჭვრეტადობის და პროპორციულობის თვალსაზრისით (პარ. 33); ასევე, ოდირის დამოუკიდებელ შეფასებაში გაკრიტიკებულია შეზღუდვები აქციის ჩატარების ლოკაციასთან თუ კონსტრუქციების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, სოზარ სუბარის განცხადება, რომლის მიხედვითაც „საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ნამდვილად დაცულია და ამ კანონში რეალური ცვლილება არ მომხდარა“, არ შეესაბამება იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ რეალობას, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა. თუ კანონმდებელს, 2024 წლის 13 დეკემბრამდე, შეკრება/მანიფესტაციებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე 500-ლარიანი ჯარიმა სახდელის ადეკვატურ ზომად მიაჩნდა, შემდგომი ცვლილებების ფარგლებში, ჯერ აღნიშნული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა, შემდეგ ალტერნატიულ სახდელად პატიმრობა განისაზღვრა, ბოლოს კი, ერთადერთ სანქციად პატიმრობა დარჩა და ჯარიმის შეფარდების შესაძლებლობა გაუქმდა. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სახდელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში პირი ქმედებას გაიმეორებს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება. 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე მიღებული ცვლილებები არა მხოლოდ აძლიერებს სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმებს მოქალაქეთა მშვიდობიან პროტესტზე, არამედ არსებითად ზღუდავს ამ თავისუფლების განხორციელების სივრცეს. აქედან გამომდინარე „ფაქტ-მეტრი“ სოზარ სუბარის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.