ევროკავშირს უკუსვლა აქვს, მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30%-დან 17.5%-მდე შემცირდა

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს უკუსვლა აქვს, მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30%-დან 17.5%-მდე შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

მიმდინარე ფასებში დათვლით, ევროკავშირის[1] წილი მსოფლიო ეკონომიკაში წლიდან წლამდე იცვლებოდა. მაქსიმალურ 29%-იან მაჩვენებელს მან სამჯერ - 1979, 1980 და 1992 წლებში მიაღწია, მინიმალურ 16.6%-იან მაჩვენებელს 2022 წელს, 2024 წლის მდგომარეობით კი ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 17.5%-ს შეადგენს.
70-იანი წლებიდან მოყოლებული ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მუდმივად მცირდება. ვარდნა მნიშვნელოვნად 90-იანი წლებიდან დაჩქარდა. თუ ევროკავშირის ეკონომიკას მუდმივ ფასებში დავთვლით, მრუდი ტეხილის ნაცვლად დახრილ ფორმას მიიღებს.
ცალკეული გამონაკლისების გარდა, საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის ეკონომიკა არ შემცირებულა და ბოლო 35 წელიწადში 72%-ით გაიზარდა, წილის შემცირება სხვა ქვეყნების, უმთავრესად კი ჩინეთის უფრო სწრაფი ტემპით ზრდამ გამოიწვია, რომელიც 90-იან და 2000-იან წლებში ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში ნამდვილად შემცირდა, მაგრამ კლება დაბალმა ზრდის ტემპმა გამოიწვია და არა ეკონომიკის მოცულობის შემცირებამ, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ეკონომიკის მოცულობაზეც გააკეთა განცხადება: „ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული17,5%-ამდე. წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი.“ ... „ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური პრობლემები, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომელიც შექმნილი აქვს დღეს ევროკავშირს, სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ, სუვერენიტეტის დაკარგვის გამო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება.“ „ფაქტ-მეტრმა“ ამ განცხადების ეკონომიკური ნაწილი გადაამოწმა.

ირაკლი კობახიძეს საწყისი თარიღი, თუ როდის იყო ევროკავშირის 30%-იანი წილი მსოფლიო ეკონომიკაში, არ დაუკონკრეტებია.

ევროკავშირის წევრთა რაოდენობა მისი დაარსების შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა (ბრექსიტის გამოკლებით მუდმივად ფართოვდებოდა) თუმცა მსოფლიო ბანკს დაანგარიშებისას წინა პერიოდებშიც დღეს არსებული 27 ქვეყანა აქვს ნაგულისხმევი.

ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ფასებში დათვლით პერიოდულად იცვლებოდა. 1960 წელს ის 21%-ს შეადგენდა, 1980 წელს - 29%-ს, ხოლო ამჟამად 17.5%-ია. ამ პერიოდის განმავლობაში მან მაქსიმალურ - 29%-იან მაჩვენებელს, სამჯერ - 1979, 1980 და 1992 წლებში მიაღწია, 2022 წელს კი მინიმალურ 16.6%-მდე იყო შემცირებული.

გრაფიკი 1: ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ფასებში დათვლით


წყარო: მსოფლიო ბანკი

განსხვავებულ სურათს მივიღებთ მაშინ, თუ მშპ-ს მუდმივ (2015 წლის) ფასებში დავითვლით. ასეთ შემთხვევაში 70-იანი წლებიდან მოყოლებული მრუდი მუდმივად კლებადი იქნება­. კლება უფრო თვალსაჩინო 90-იანი წლებიდან ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა. თუნდაც მუდმივ ფასებში დათვლით, 1990-2024 წლებში მისი მშპ-ის მოცულობა 8.8 ტრლნ-დან 15.7 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა. წილობრივი კლების მიზეზი კი სხვა ქვეყნების, უმთავრესად ჩინეთის უფრო სწრაფი ზრდა გახდა.

1960-1990 წლებში მუდმივ ფასებში დათვლით, ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 27.8%-დან 25.3%-მდე შემცირდა, ჩინეთი 1.5%-დან 2.9%-მდე გაიზარდა. 1990-2024 წლებში ევროკავშირის წილი 25.3%-დან 16.2%-მდე შემცირდა, ხოლო ჩინეთის პირიქით 2.9%-დან 19.1%-მდე გაიზარდა. პროცენტთა ჯამი ასს ვერ გადააჭარბებს და როცა ეკონომიკის მოცულობის ზრდის პარალელურად მისი წილი მცირდება, ამის მიზეზი სხვა წევრების უფრო მაღალი ზრდაა.

გრაფიკი 2: ევროკავშირისა და ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2015 წლის მუდმივ ფასებში დათვლით


წყარო: მსოფლიო ბანკი

ჩინეთი ზესახელმწიფოა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე დავითვლით (მნიშვნელობა არ აქვს მიმდინარე ფასებში იქნება თუ მუდმივში, ნომინალურში თუ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), ჩინეთს ევროკავშირთან ჯერ კიდევ დიდი ჩამორჩენა აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოვრების დონე ევროკავშირში უკეთესია, ვიდრე ჩინეთში. მიმდინარე ფასებში დათვლით, ჩინეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13.3 ათას დოლარს შეადგენს, რაც ოთხი ათასი დოლარით ნაკლებია ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ბულგარეთთან შედარებით. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა PPP დათვლითაც, სადაც ჩინეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 27 ათასი დოლარია და ბულგარეთის 41 ათასი.

ბოლო 35 წელიწადში ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს სიმართლეა, თუმცა რიცხობრივი მონაცემების გარდა, მნიშვნელოვანია მიზეზების ცოდნაც. 1990-2024 წლებში მუდმივ ფასებში დათვლით, ევროკავშირის ეკონომიკა 72%-ით, ხოლო მსოფლიო ეკონომიკა 168%-ით გაიზარდა. (მიმდინარე ფასებში დათვლით ევროკავშირის 200%-ით და მსოფლიოსი 380%-ით)

ზრდის დაბალ ტემპს შეიძლება მრავალი ახსნა ჰქონდეს, საიდანაც ორია მთავარი: მდიდარი ქვეყნები, როგორც წესი, დაბალი ტემპით იზრდებიან, ბიუროკრატია და რეგულაციების სიმრავლე აფერხებს ზრდას.

ღარიბ ქვეყნებს ზრდის სწრაფი რესურსი გააჩნიათ. იგივე ჩინეთის მაგალითი რომ განვიხილოთ, 90-იან და 2000-იან წლებში ორნიშნა პროცენტული ტემპით იზრდებოდა, დღეს ეს ზრდა 5%-მდეა შემცირებული. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ეკონომიკა უფრო დიდია, ვიდრე ევროკავშირის, აშშ-ში მშპ-ის ზრდის ტემპი უფრო მაღალია. 2024 წელს აშშ-ის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა, ევროკავშირის - 1%-ით. პანდემიამდე ევროკავშირის ეკონომიკა წლიურად 2%-ის ფარგლებში იზრდებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებმა ეს ისედაც დაბალი ზრდის ტემპი კიდევ უფრო შეამცირა.

ვრცელ განცხადებაში ირაკლი კობახიძე ახსენებს „სუვერენიტეტის დაკარგვასა“ და „მუდმივ ­­უკუსვლას.“ აღნიშნული ტექსტი შეიძლება აღქმულ იქნას შემდეგნაირად - ევროკავშირმა სუვერენიტეტი დაკარგა, რამაც მისი ეკონომიკა შეამცირა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ევროპის ქვეყნებისთვის „სუვერენიტეტდაკარგულის“ წოდება ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ, მცდარია ისიც, რომ თითქოს ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა. ევროკავშირის ეკონომიკაც გაიზარდა, ოღონდ სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო დაბალი ტემპით, რამაც მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში შეამცირა.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში ნამდვილად შემცირდა, მაგრამ კლება დაბალმა ზრდის ტემპმა გამოიწვია და არა ეკონომიკის მოცულობის შემცირებამ, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


[1] თითოეულ შემთხვევაში ნაგულისხმევია ამჟამინდელ წევრთა რაოდენობა - 27 სახელმწიფო


პერსონები
ირაკლი კობახიძე

ყველა სიახლე