მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი შემცირდა, არ გაზრდილა ავარიული სახლების ბიუჯეტი, ისევ 1.70 თეთრია დღიური ულუფა უფასო სასადილოების

ირაკლი კუპრაძე: მიუსაფარი ცხოველების ბიუჯეტი შემცირდა, არ გაზრდილა ავარიული სახლების ბიუჯეტი, ისევ 1.70 თეთრია დღიური ულუფა უფასო სასადილოების

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კუპრაძის განცხადება არის სიმართლე.

2026 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცხოველთა მონიტორინგის პროგრამის ბიუჯეტი, რაც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას ითვალისწინებს, მიმდინარე წელთან შედარებით მართლაც 4.3 მლნ ლარით არის შემცირებული და 11. 4 მლნ ლარს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის აქტუალურობა ყოველდღიური დაკვირვებითაც ნათლად ჩანს, დედაქალაქის ყველა უბანში ათობით მიუსაფარი ძაღლი თუ კატა გადაადგილდება. ირაკლი კუპრაძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.
ასევე სიმართლე ისიც, რომ ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხაც 9.2 მლნ ლარით არის შემცირებული და 2026 წლისთვის ამ მიზნით 7 მლნ ლარია გათვალისწინებული. სიმართლეა ასევე ირაკლი კუპრაძის განცხადების კონტექსტი, რომ ავარიული სახლები დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
2026 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების ბენეფიციარების კვებაზე დღიურად კვლავ 1.7 ლარი დაიხარჯება. ეს იმ ფონზე, როცა ოქტომბრის თვეში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა, ხოლო იმ პროდუქტებზე ფასები, რითაც უფასო სასადილოების მენიუ არის განსაზღვრული (სურსათზე), წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 11.8%-ით არის გაზრდილი.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კუპრაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას თბილისის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა; „თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება მიმდინარეობს, მიუსაფარ ცხოველებზე ბიუჯეტი შემცირდა, ავარიული სახლების ბიუჯეტი საერთოდ არ გაზრდილა, ისევ 1.70 თეთრია დღიური ულუფა უფასო სასადილოების“.

როგორც ქალაქის მერმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გვაუწყა, „მზადაა, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უკვე საკრებულოში გადაიგზავნა“. კალაძისვე ინფორმაციით, 2026 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 2 მლრდ 82 მლნ 482 ათასი ლარია, რაც 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით 100 000 ლარით მეტია.

ჩვენ 2026 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს გავეცანით.

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ცხოველთა მონიტორინგის (კოდი 09.02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანი ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისთვის სათანადო პირობების (ვეტერინარული, სანიტარული, უსაფრთხოების, ტექნიკური) უზრუნველყოფა, მოსახლეობის დაცვა საშიში, აგრესიული ცხოველებისგან და მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვება ან იზოლაცია; ცხოველთა პოპულაციების მართვა და კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება; მოსახლეობის შეტყობინებაზე დროული და ეფექტური რეაგირება; ცხოველთა ტრანსპორტირება და მიღება-განთავსება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფარში და სხვა ღონისძიებების გატარებაა.

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცხოველთა მონიტორინგისთვის 11 355 400 ლარი არის გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ამავე მიზნით, ბიუჯეტის გეგმა 15 654 100 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ბიუჯეტის ფაქტი 7 500 300 ლარი იყო. როგორც ვხედავთ, 2026 წლისთვის აღნიშნული პროგრამის დაფინანსება მართლაც 4 298 700 ლარით არის შემცირებული, იმის ფონზე, როცა მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა თბილისში საკმაოდ მწვავედ დგას, რაც განსაკუთრებული კვლევის გარეშეც ცხადია, დედაქალაქის ქუჩები სავსეა მიუსაფარი ცხოველებით, განსაკუთრებით ძაღლების სიჭარბე იგრძნობა. მათი გარკვეული ნაწილი დაავადებულია და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთი წლის წინანდელი სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, დედაქალაქში დაახლოებით 30 000 მიუსაფარი ძაღლი იყო. 2024 წელს თავშესაფარში 10 998 ძაღლი და 2 631 კატა იქნა გადაყვანილი, ქირურგიული ოპერაცია სულ 9 033 ცხოველს ჩაუტარდა, აქედან 5377 სტერილიზაცია და 3 242 კასტრაცია, ევთანაზიის 217 შემთხვევა იყო და ბუნებრივი სიკვდილით 1759 ცხოველი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ირაკლი კუპრაძის მიერ დასახელებულ მეორე საკითხს - ავარიული სახლების გამაგრების ბიუჯეტს, ავარიული შენობების გამაგრების პროგრამა (კოდი 02.02) საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამისთვის თბილისში დაგეგმილია გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ავარიული შენობების დემონტაჟი, აღდგენა-რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში ავარიული საცხოვრებელი სახლების რაოდენობის შემცირებას და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად.

2026 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ავარიული სახლების რეაბილიტაციისთვის 7 მლნ ლარია გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 16 195 100 ლარია, გასულ წელს კი ამავე მიზნით 7 260 000 ლარი დაიხარჯა. როგორც მონაცემები ადასტურებს, ამ შემთხვევაშიც ავარიული შენობების ბიუჯეტი 9.2 მლნ ლარით არის შემცირებული. ირაკლი კუპრაძე, ამ შემთხვევაშიც მართალია.

ირაკლი კუპრაძე უფასო სასადილოების ბიუჯეტსაც შეეხო.

დედაქალაქში 64 მუნიციპალური სასადილო მოქმედებს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა ბოლო რამდენიმე წელია 40 000 ადამიანს აჭარბებს.

უფასო სასადილოების ბენეფიციართა სიაში შეყვანას მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი პირები ექვემდებარებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბენეფიციართა სიაში შეყვანა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც ხდება.

რაც შეეხება სიაში განმცხადებლების შეყვანის რიგითობას, ის განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება. უპირატესობა ენიჭება იმ განმცხადებელს, რომლის განცხადებაც გამგეობაში უფრო ადრე დარეგისტრირდა. თავდაპირველად, პირი დამატებით სიაში ხვდება, ხოლო ძირითადი სიის შევსება დამატებითი სიიდან ხორციელდება. დამატებითი სიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 5%-ს.

2026 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის (კოდი 06 02 14) 26 277 800 ლარია გათვალისწინებული. ამავე მიზნით, მიმდინარე წელს 26 401 900 ლარი არის გამოყოფილი, გასულ წელს კი უფასო სასადილოების მომსახურებისთვის 26 151 900 ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოს ერთი ბენეფიციარის დღიური მომსახურება კვლავ 1,7 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობა და კალორაჟი წინასწარ არის განსაზღვრული. უფასო სასადილოს ბენეფიციარს დღეში ერთხელ ცხელი სადილი ეძლევა, რაც სხვადასხვა წვნიანის, ბურღულის ფაფის, კომპოტის და პურისგან შედგება.

ბოლო ოთხი წელია, უფასო სასადილოს ბენეფიციარის დღიური მომსახურება 1.7 ლარი ჯდება. ეს იმ ფონზე, როცა საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია - 9.6%, 2022 წელს - 11.9%, 2023 წელს - 2.5%, 2024 წელს კი 1.1% იყო. მიმდინარე წლის 10 თვეში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა. სურსათზე ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.8 %-ით არის გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2 %), თევზეული (16.9 %), ზეთი და ცხიმი (13.9 %), პური და პურპროდუქტები (12.4 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 %), ყავა, ჩაი და კაკაო (10.2 %), რძე, ყველი და კვერცხი (8.1 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9 %).

როგორც ვხედავთ, წინა წელთან შედარებით, სურსათზე ფასები 11.8%-ით არის გაზრდილი, ამის მიუხედავად, უფასო სასადილოების ბენეფიციართა დღიური მომსახურებისთვის მომავალ 2026 წელსაც 1.7 ლარი არის გათვალისწინებული.

განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კუპრაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები
ირაკლი კუპრაძე

ყველა სიახლე