არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ - იცით, რომ ეუთო\ოდირის მისია გვყავდა მოწვეული - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, ხოლო „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა

კახა კალაძე: არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ - იცით, რომ ეუთო\ოდირის მისია გვყავდა მოწვეული - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, ხოლო „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებაზე საუბრისას, კახა კალაძემ „ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება“ უწოდა რეპორტაჟის ერთ-ერთ დასკვნას, რომლის თანახმად 2024 წელს 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბდა. კახა კალაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ - ეუთო/ოდირმა, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, ხოლო „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა. კალაძის თქმით, მისიის ანგარიშში „პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, საზოგადოებისთვის გაეცნოთ თავიანთი ხედვები, და რაც ყველაზე მთავარია – ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“.

„ფაქტ-მეტრმა“ კახა კალაძის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 2024 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.

როგორც წინასწარ, ისე საბოლოო ანგარიშში მისია ცალსახად აღნიშნავს, რომ მისი მანდატი არის იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. მეტიც, საბოლოო ანგარიშის თანმდევი პრეს-რელიზი ხაზს უსვამს, რომ „თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, არჩევნების ხარისხი თავად განსაჯონ“.

შესაბამისად, როგორც თავად მისიის ანგარიშისა და განცხადებიდან გამომდინარეობს, ეუთო/ოდირი არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარებას და არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ახდენს.

აქვე უნდა აღინიშნოს, 27 ოქტომბერს ეუთო/ოდირის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა, საარჩევნო პროცესის შეფასებისას, ფორმულირება „არჩეული ხელმძღვანელობა“ გამოიყენა: „მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას“. მმართველი პარტიის ლიდერები ხშირად იყენებენ ამ ფრაზას იმის სამტკიცებლად, რომ ეუთომ „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა“. თუმცა, მსგავსი ფორმულირებები ეუთო/ოდირის არც წინასწარ და არც საბოლოო ანგარიშში არ გვხვდება.

რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიის შეფასებას საარჩევნო პროცესის თაობაზე, პრეს-რელიზში მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“.

ანგარიშის მიხედვით, სერიოზული კითხვები არსებობს ამომრჩეველთა ხმის ფარულობის ხშირ კომპრომეტირებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების არეალში მოქცეული შემთხვევების 24 პროცენტში, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში შეცურების პროცესით, 12 პროცენტში – ბიულეტენების შევსების წესით, ხოლო 7 პროცენტში – საარჩევნო უბნების არასათანადო შიდა განლაგებით“. სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურთან დამატებითი კომუნიკაციიდან გამოვლინდა, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტების შესაბამისად, ხმის ფარულობის უზრუნველყოფა დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმაციისთვის განუყოფელი ნაწილია და სწორედ ის უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების თავისუფალ გამოხატვას და ადასტურებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების ლეგიტიმურობას.

მისიის ანგარიშის თანახმად, დამატებითი სერიოზული პროცედურული შეუსაბამობები მოიცავდა ამომრჩეველთა მარკირების პრაქტიკის არათანმიმდევრულ გამოყენებას; ის რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, დაკვირვების შემთხვევათა 7 და 4 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარკირებაა ერთ-ერთი მთავარი დაზღვევა, რომ ერთმა პირმა რამდენჯერმე არ მისცეს ხმა (ე.წ კარუსელით გაყალბების სქემა).

ეუთო/ოდირი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, დაკვირვების 10%-ში „საარჩევნო უბნების გარეთ, ხშირად აკრძალულ 100 მეტრამდე რადიუსში, უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ, 7%-ში კი საარჩევნო უბნების შიგნით - პარტიის წარმომადგენლები. მისიის შეფასებით, ამომრჩეველთა დაშინების ამგვარი ფართოდ გავრცელებული აღქმა ეწინააღმდეგება ეუთო-ს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.

წინასწარი ანგარიშისგან განსხვავებით, სადაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა“, საბოლოო ანგარიშში სიტყვა „კონკურენტული“ აღარ გვხვდება. ამის მაგივრად, მისია მხოლოდ აღნიშნავს, რომ „18 საარჩევნო სია ერთმანეთს კონკურენციას უწევდა ნაკლებად ინტენსიურ კამპანიაში“. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, „საარჩევნო სუბიექტებს, ზოგადად, შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია... თუმცა, ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ დაშინების, მოსყიდვისა და ზეწოლის ხშირი ცნობები ზრდიდა შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ამომრჩეველს შესაძლოა თავისუფლად ვერ გაეკეთებინა არჩევანი და ხმის მიცემისას შიშით ემოქმედა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“.

ანგარიშში ჩამოთვლილია მთავრობის ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც, ეუთო-ს შეფასებით, ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების ბერკეტს წარმოადგენდა. მათ შორის არის კურსდამთავრებულთათვის ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება, პენსიონერთათვის საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების პენსიების გაზრდა, გადასახადების გადამხდელებისთვის 2021 წლამდე გადაუხდელი დავალიანებების ჩამოწერა და კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება. ეუთო/ოდირის მიერვე მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.

სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც „[საქართველოს] კანონმდებლობა უზრუნველყოფს თანაბარ საარჩევნო პირობებს, მათ შორის მუნიციპალური სივრცეებსა და პლაკატების განთავსებაზე წვდომას, აღნიშნულმა პრაქტიკაში თანაბარი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო, რადგან ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიებისთვის შეზღუდული იყო წვდომა სააგიტაციო მასალის გასაკრავ ადგილებზე“.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც არის არათანაბარი ფინანსური რესურსები სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, კამპანიის ფარგლებში მომხდარი ძალადობის შემთხვევები, გამოყენებული ვიზუალური მასალა და რიტორიკა, მათ შორის, ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციური პარტიების გაუქმების თაობაზე, რამაც პოლიტიკური განხეთქილება მეტად გააღრმავა.

კახა კალაძე მანიპულაციურად აცხადებს, თითქოს ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, „ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“. სინამდვილეში, აღნიშნავს რა, რომ ზოგადად „საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა“, მისია მიუთითებს მთელ რიგ ფაქტორებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. მათ შორის იყო ამომრჩევლებზე გამოყენებული ზეწოლა და დაშინება, პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა, წამყვანი პოლიტიკური ფიგურებისა და ძირითადი ოპოზიციური პარტიების დებატებში მონაწილეობაზე უარი, ასევე პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია. ამავე კონტექსტში ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ „არჩევნები ჩატარდა დამკვიდრებული პოლარიზაციის ფონზე, გარემოში, რომელიც დამძიმებული იყო ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობით და მისი გავლენით ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის დეტალური ანალიზი, რომელიც „ფაქტ-მეტრმა“ მოამზადა, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

არჩევნების შედეგების შეფასებისას, კახა კალაძე ცდილობს, ეუთოს დასკვნიდან დადებითი ელემენტები გამოყოს და უგულებელყოფს მისიის მიერ იდენტიფიცირებულ არსებით დარღვევებსა და გამოწვევებს, რომლებიც მისიის შეფასებითვე, ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და რომლებმაც საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია. აღნიშნული კი მისიის ანგარიშს არასწორად წარმოაჩენს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მეტიც, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის მისიამ „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა, მაშინ როდესაც მისია პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნების შედეგების აღიარება ან განმტკიცება მის მანდატს სცდება და რომ არჩევნების ხარისხი თავად ამომრჩევლებმა უნდა განსაჯონ დაკვირვების შედეგების გათვალისწინებით.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ კახა კალაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.