ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში

ირაკლი კობახიძე: ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

დიასპორის დაფინანსება წინა ხელისუფლების პირობებში - 2008 წლიდან დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის პერიოდში დიასპორის დაფინანსება 5 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და ამ მიზნით გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ 5 653 700 ლარი შეადგინა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში დიასპორული პოლიტიკისთვის ჯამურად 19 919 699 ლარი იყო გამოყოფილი. ამ ორი მონაცემის შედარება, დროის ხანგრძლივობის აცდენის გამო, არარელევანტურია. მაინც რომ შევადაროთ, 5-წლიანი და 14-წლიანი დროის მონაკვეთების დაფინანსების ჯამური ოდენობები, მოქმედი ხელისუფლების პირობებში დაფინანსება 3.5-ჯერ არის გაზრდილი და არა 10-ჯერ, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს. ცალკეული წლების დაფინანსებასაც თუ გადავხედავთ, განსაკუთრებული ზრდა არც ამ მიმართულებით შეინიშნება, თანხა ძირითადად 1.2 -1.9 მლნ ლარს შორის მერყეობს, გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დიასპორული პოლიტიკის ბიუჯეტი 2 მლნ ლარს გადასცდა და 2.5 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება დიასპორულ პროგრამებს, ბოლო წლებში რამდენიმე პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანი უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ახალგაზრდებისთვის სამშობლოს კულტურული ტრადიციების გაცნობაა. დანარჩენი მოქმედი პროგრამები ძირითადად დიასპორული ორგანიზაციების, უცხოეთში არსებული ქართული სკოლების, ფოლკლორული ანსამბლების დაფინანსებას და სხვა მსგავსი ღონისძიებების ფინანსურ უზრუნველყოფას მოიაზრებს.
ემიგრანტებზე განსაკუთრებული ზრუნვის განცხადება ირაკლი კობახიძემ იმ ფონზე გააკეთა, როცა მისმა ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომ არჩევნები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდება, ემიგრანტებს საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაუუქმა.
შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედში“ გადაცემა „იმედი ლაივში“ სტუმრობისას დიასპორის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი, რომ გადახედოთ პროგრამებს, მაგალითად სკოლები, რომელიც ემიგრანტ ბავშვებს ეთმობა, სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა და ა.შ. პროგრამების რაოდენობა და ხარისხი არის ათჯერ გაზრდილი, ათჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში“.

დიასპორის დაფინანსება წინა ხელისუფლების პირობებში 2008 წლიდან დაიწყო, ოღონდ მაშინ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (კოდი 21.00) ფინანსდებოდა, რაც შემდგომში („ქართული ოცნების“დროს) დიასპორული პოლიტიკის დაფინანსებით (კოდი 28 0104) შეიცვალა.

იმის საილუსტრაციოდ, გაზრდილია, თუ - არა პროგრამის დაფინანსება, ბიუჯეტის მონაცემებს 2008 წლიდან 2026 წლამდე განვიხილავთ.

ცხრილი 1: დიასპორული პოლიტიკის დაფინანსება


წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფნის პერიოდში დიასპორის დაფინანსება 5 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და ამ მიზნით გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ 5 653 700 ლარი შეადგინა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში დიასპორული პოლიტიკისთვის ჯამურად 19 919 699 ლარი იყო გამოყოფილი. ამ ორი მონაცემის შედარება, დროის ხანგრძლივობის აცდენის გამო, არარელევანტურია. მაინც რომ შევადაროთ, 5-წლიანი და 14-წლიანი დროის მონაკვეთების დაფინანსების ჯამური ოდენობები, მოქმედი ხელისუფლების პირობებში დაფინანსება 3.5-ჯერ არის გაზრდილი და არა 10-ჯერ, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს. თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ეს ორი მონაცემი ერთმანეთს არ დარდება. ცალკეული წლების დაფინანსებასაც თუ გადავხედავთ, განსაკუთრებული ზრდა არც ამ მიმართულებით ფიქსირდება, თანხა ძირითადად 1.2 -1.9 მლნ ლარს შორის მერყეობს, გამონაკლისი 2020 წელი იყო, როდესაც დიასპორული პოლიტიკის ბიუჯეტი 2 მლნ ლარს გადასცდა და 2.5 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება პროგრამებს, მათი მიზანი დიასპორის მიმართ ყურადღების და ხელშეწყობის გაძლიერება იყო. აღნიშნული პროგრამები საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ბავშვებისთვის სკოლების გახსნას, სკოლების ქართული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას, ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერას და სხვა მსგავს ღონისძიებებს მოიაზრებდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დიასპორის მიმართულებით ოთხი ახალი პროგრამა ამოქმედდა. როგორც ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაშია განმარტებული - „პროგრამა ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვას, საზღვარგარეთ დაბადებული წარმატებული ქართველი მოზარდებისთვის საკუთარი სამშობლოს კულტურის ტრადიციების გაცნობას, თანატოლებთან დაახლოებას და სამშობლოსთან შემდგომი მყარი კავშირისთვის საფუძვლის შექმნას“. „ქართული ოცნების“ დროს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა დიასპორული ვებპორტალი - GDA.GE - ქართული დიასპორა. ვებპორტალის სლოგანია - „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“. ვებგვერდი არის ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული დიასპორული პლატფორმა, სადაც თავმოყრილია მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული სიახლეებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციები. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვებგვერდზე განთავსებული ბოლო დიასპორული სიახლე 2025 წლის 14 აპრილით თარიღდება სიახლეები საქართველოდან კი 2025 წლის 14 ივლისით. ვებგვერდზე 34 ქვეყანაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია არის მითითებული.

მოქმედი ხელისუფლების ემიგრანტებზე „განსაკუთრებული ზრუნვის“ დასტურია, საარჩევნო კოდექსი შესული ცვლილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უფლება ტერიტორიული საფუძვლით შეიზღუდა. შეტანილი ცვლილებით, საზღვარგარეთ ემიგრანტები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ, არჩევნებში ხმის მისაცემად ისინი საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.