• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გაორმაგდა თუ არა მშპ-ს ზრდის ტემპი

გაორმაგდა თუ არა მშპ-ს ზრდის ტემპი

პანდემიის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა

02/02/2026
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

პანდემიის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ. ოპოზიციურ სპექტრში კი ქაღალდზე დაწერილ ზრდაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს ზრდაც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენითაა მიღწეული. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი სანქციების შესაძლო დარღვევებზეც მიანიშნებს. ეკონომიკური ზრდის ტემპი შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც 22 იანვარს „იმედი LIVE-ის“ ეთერში განაცხადა: (35:33-დან) „პირველ ადგილზე ვართ ევროპაში 5-წლიანი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, 5 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%“.

„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, პანდემიამდე - 2013-2019 წლებში, ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.7%-ით იზრდებოდა, ყველაზე დაბალი 3.4%-იანი ზრდა 2015-2016 წლებში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი - 6.1%-იანი ზრდა, 2018 წელს.

2020 წელს საქართველოში ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, მომდევნო 2021 წელს კი 10.6%-ით გაიზარდა. დაახლოებით იგივე განმეორდა სხვა სახელმწიფოთა უმრავლესობაშიც. ცალკეულ შემთხვევებში ჯერ ვარდნამ და შემდეგ ზრდამ ათწლეულების რეკორდი მოხსნა. 2020-ის რეცესია კლასიკური ეკონომიკური კრიზისის შედეგი არ ყოფილა, უბრალოდ, რეგულაციების ძალით ბიზნესები დაიხურა. ანალოგიურად, 2021-ის ზრდაც საბაზო ეფექტით იყო გამოწვეული და არა ეკონომიკური რეფორმებით.

გარკვეული პერიოდის საშუალო მაჩვენებლის დაანგარიშებისას, ცალ-ცალკე 2020-ის ან 2021-ის გათვალისწინება უზუსტობის მომტანი იქნება. თუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს ვაფასებთ, ის შეიძლება მთლიანად დაანგარიშდეს 2013-2025 წლებში. ცალ-ცალკე დაანგარიშებისას კი უმჯობესი იქნება, თუ 2013-2019 წლებსა და 2022-2025 წლებს გამოვიყენებთ, რადგან თუ რაიმე წლებთან მხოლოდ 2020 წელს ვიანგარიშებთ, ზრდის ტემპი ხელოვნურად შემცირებული გამოვა, მხოლოდ 2021-ის შემთხვევაში კი - ხელოვნურად გაზრდილი.

ვითარება 2022 წლიდან იცვლება. საბაზო ეფექტის თითქმის ამოწურვის პირობებშიც კი, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი 11%-მდე დაჩქარდა. 2022 წელს საქართველომ მშპ-ის ზრდის ტემპით მსოფლიოში მე-16 ადგილი და ევროპაში მე-3 ადგილი დაიკავა. საინტერესოა იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალიც, რომელიც საქართველოს უსწრებდა. ფიჯის, მალდივების, სომხეთისა და პანამის გარდა მასში შედიოდნენ ჯუჯა სახელმწიფო მონაკო, ნავთობის საბადოების აღმოჩენით სწრაფად გამდიდრებული გაიანა, ასევე: სენტ-ლუსია, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, ტერქსისა და კაიკორქსის კუნძულები და სენტ მარტინი. გარდა იმისა, რომ ამ ბოლო ოთხიდან ყველა დამოუკიდებელიც არაა, მათი ჯამური ფართობი 2100 კვადრატული კილომეტრია (საქართველოს ფართობის 3%), ხოლო მოსახლეობა - 360 ათასი.

გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წელს ზრდის ტემპი 7.8%-მდე შემცირდა, 2024 წელს კი ისევ 9.7%-მდე გაიზარდა და მსოფლიოში მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველზე ისევ გაიანა გავიდა. 2024 წელს ევროპაში 8.5%-იანი ზრდით საქართველოსთან ყველაზე ახლოს მონაკო აღმოჩნდა, 5.9%-იანი ზრდით კი მას ბევრად ჩამორჩებოდა სომხეთი.

წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის 11 თვეში ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა. საერთო ჯამში, 2021-2025 წლებში საშუალო წლიური ზრდის ტემპი 9.3%-ს, ხოლო 2022-2025 წლებში 9%-ს შეადგენდა, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ჯამში, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს მშპ 41%-ითა და 2019 წელთან შედარებით 45%-ითაა გაზრდილი. იქამდე, 2013-2019 წლებში ჯამურმა ეკონომიკურმა ზრდამ 38% შეადგინა.

მშრალი სტატისტიკის მიღმა, მნიშვნელოვანია კიდევ ორ კითხვაზე პასუხის გაცემა: რამ გამოიწვია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის თითქმის გაორმაგება და აისახა, თუ - არა ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

გაინასგან განსხვავებით, საქართველოში ნავთობის საბადოები არ აღმოუჩენიათ და ირლანდიისგან განსხვავებით, ტრანსნაციონალურ კომპანიებს დატა ცენტრები ან რეგიონული ოფისები არ გაუხსნიათ. არც არსებითი ეკონომიკური რეფორმები გატარებულა.

„ფაქტ-მეტრი“ მტკიცებით ფორმაში ვერ ისაუბრებს, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებია.

2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რუსეთის წილმა ფულად გზავნილებში 47%-ს მიაღწია, ეს მაშინაც, როცა 2013-2021 წლებში 54%-დან 18%-მდე შემცირდა. პიკური მაჩვენებელი 5 კვარტალი გაგრძელდა და 2023 წლის მეორე ნახევრიდან კლება დაიწყო. უკვე 2024 წელს რუსეთმა აშშ-ისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა, კლება 2025 წელსაც გაგრძელდა და რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13%-მდე შემცირდა.

2023 წლიდან ავტოექსპორტი აქტიურდება და უკვე 2024 წელს ყირგიზეთი #1 საექსპორტო პარტნიორი ხდება, რომელიც პირველობას 2025 წელსაც ინარჩუნებს. საგულისხმოა, რომ ყირგიზეთი რუსეთ-უკრაინის ომამდე საექსპორტო პარტნიორებში ათეულშიც კი ვერასდროს ხვდებოდა.

როგორც ავტოექსპორტში, ასევე მთლიან ექსპორტში ყაზახეთი მეორე ადგილს იკავებს. 2025 წლიდან ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ბაზრებიც გააქტიურდა.

მიუხედავად იმისა, რომ შუა აზიის ქვეყნებში გატანილი ავტომობილების ნაწილის საბოლოო დანიშნულების ადგილი, მაღალი ალბათობით რუსეთია, საქართველო სანქციების დამრღვევ ქვეყნად მაინც არ ითვლება, რადგან ექსპორტი რუსეთშია აკრძალული და არა მაგალითად ყირგიზეთში. იმ შემთხვევაში, თუ ყირგიზეთიდან გადის ავტომობილები რუსეთში, რასაც „ფაქტ-მეტრი“ მტკიცებით ფორმაში ასევე ვერ იტყვის, მაშინ სანქციების დამრღვევი ყირგიზეთი გამოდის და არა საქართველო.

საქართველოს გარდა, 2022-2025 წლებში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, შესამჩნევად მაღალი ზრდა დაფიქსირდა სომხეთსა და ყირგიზეთში, მცირე ზრდა შეინიშნებოდა აგრეთვე ტაჯიკეთსა და უზბეკეთშიც. ის ფაქტი, რომ მშპ-ის ზრდის ტემპი დსთ-ის წევრ ზოგიერთ ქვეყანაშიც დაჩქარდა, კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებმა საქართველოში ეკონომიკური ზრდა დააჩქარა, თუმცა უცნობია ზუსტად რა მასშტაბით.

ერთმნიშვნელოვანი პასუხი მეორე კითხვაზე, აისახა, თუ - არა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, უფრო რთულია. 2021 წელს საშუალო დასაბეგრი ხელფასი 1305 ლარს შეადგენდა, 2024 წელს 51%-ით მეტს - 1970 ლარს. ინფლაციის კორექტირებით, 2021 წლის ფასებში დათვლით, 1630 ლარს ანუ 25%-ით მეტს. მეოთხე კვარტალი არ გამოქვეყნებულა, თუმცა ინფლაციაზე მაღალი ზრდა 2025 წლის პირველ სამ კვარტალშიც გაგრძელდა.

ასაკობრივი პენსია 2021 წელს 240-275 ლარს შეადგენდა, 2025 წელს 350-450 ლარს, რაც ნომინალურად 45%-იანი და 64%-იანი ზრდაა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით 21%-იანი და 35%-იანი ზრდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასისა და პენსიების რეალური ზრდის მიუხედავად, მათი ზრდის ტემპი მშპ-ის ზრდის ტემპს ჩამორჩა.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბ წევრ ბულგარეთში, რაც ზრდის ეფექტის აღქმას ართულებს.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ 2022-2025 წლებში საქართველოში მშპ ნამდვილად საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა და სიმართლესთან ახლოსაა ისიც, რომ ზრდის ტემპი გაორმაგებულია. ამ ზრდაში გარკვეული როლი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებსაც მიუძღვის. ამასთან, იმის თქმა, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება, გაზვიადებული შეფასებაა. ფაქტია, რომ ეს ზრდა შეიძლება თანაბრად არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მოქალაქეების შემოსავალზე მაინც აისახა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13%-მდე შემცირდა

    რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13%-მდე შ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ქობულეთის სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის მგფ ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში  2 მლნ ლარზე მეტს გადაიხდის

    ქობულეთის სპორტკომპლექსის მშენებლობისთვი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ავტოექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა

    ავტოექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2026 | პერსონალური მონაცემების დაცვა