რომან გოცირიძე: ექსპორტის 38% ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, იმპორტი ძირითადად ნახატებისა და ქანდაკებების ხარჯზე გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.
2025 წლის იანვარ-ივნისში, ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 400 მლნ დოლარით - 3.2 მლრდ-მდე გაიზარდა. მთლიანი ექსპორტის 37.6% - 1.2 მლრდ დოლარზე მეტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის და რომ არა მსუბუქი ავტომობილები ექსპორტი მხოლოდ 100 მლნ-ით გაიზრდებოდა. ავტოექსპორტში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს, მეორეს - ყაზახეთი და სამეულს აზერბაიჯანი ასრულებს. დანარჩენი ქვეყნების ერთობლივი წილი 9%-ზე ნაკლებია, მათ შორის უმნიშვნელოა რუსეთის წილი, სადაც წლის პირველ ნახევარში, პირდაპირი ექსპორტის გზით, მხოლოდ 4 ავტომობილი გაიყიდა.
იანვარ-ივნისში იმპორტი 1 მლრდ დოლარით - 8.7 მლრდ-მდე გაიზარდა. იანვარში ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტმა 514 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ცალსახად ერთჯერად ფაქტორებს უნდა მივაკუთვნოთ, რადგან იქამდე 2013-2023 წლებში ჯამურად იმავე პროდუქციის იმპორტმა 56-ჯერ ნაკლები - 9.2 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე კვარტალში იმპორტის ზრდის ტემპი 0.8%-მდე შემცირდა, რაც უმნიშვნელო ზრდად შეიძლება მივიჩნიოთ.
ფაქტობრივი სიზუსტისა და სწორად დასახელებული რიცხვების გათვალისწინებით „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნა აღწერით: „გამოქვეყნდა 6 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. ექსპორტის ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის რეექსპორტზე. მთელი ექსპორტის 38 პროცენტს შეადგენს უცხოეთიდან (ძირითადად ამერიკიდან) შემოტანილი და შემდეგ გატანილი ავტომობილები. იმპორტის ზრდის მთავარი მიზეზი არის წლების წინ საქართველოში ივანიშვილის მიერ შემოტანილი ხელოვნების საგნების განბაჟება-400 მილიონი დოლარის ნახატები და 80 მილიონი დოლარის ქანდაკებები“.
2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 13.7%-ით - 3.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მთლიანი ექსპორტის 37.6% - 1.2 მლრდ დოლარზე მეტი, მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. ექსპორტი ნახევარ წელიწადში სულ 400 მლნ დოლარით გაიზარდა, მათ შორის 300 მლნ-ით - მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე.
მსუბუქი ავტომობილები უკვე 20 წელია ექსპორტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, მაგრამ მას, რუსეთ-უკრაინის ომამდე ამ ზომის წილი არასდროს ჰქონია.
გრაფიკი 1: ექსპორტი იანვარ-ივნისი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკზე მკვეთრი ზრდა 2023 წლიდან შეინიშნება, თუმცა თუ მთლიანი წლის მაჩვენებელს განვიხილავთ, 2022-ში მსუბუქი ავტომობილების წილმა ექსპორტში 16.2%-ს მიაღწია, პირველ-მეორე კვარტალში - 10.5%-სა და მესამე-მეოთხე კვარტალში - 21.7%-ს.
ომამდე, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მთავარ ბაზარს აზერბაიჯანი და სომხეთი წარმოადგენდნენ. ავტომობილების შედარებით მცირე ნაწილი რუსეთშიც გადიოდა. ომის დაწყებიდან მალევე ექსპორტი ძირითადად ყირგიზეთსა და ყაზახეთში გადამისამართდა.
2025 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთში 628 მლნ დოლარის ავტომობილი გაიყიდა, რაც თანხობრივად ავტოექსპორტის ნახევარზე მეტია. მეორე ადგილი 353 მლნ დოლართ ყაზახეთმა დაიკავა, აზერბაიჯანი კი 129 მლნ-ით მესამე ადგილზე გავიდა. სხვა ქვეყნების წილი ჯამში 9%-ზე დაბალია.
თუ ექსპორტს ავტომობილების რაოდენობით დავითვლით, პირველ ადგილზე 20.2 ათასი ავტომობილით ყაზახეთი გავა და 19.7 ათასით მეორეზე ყირგიზეთი. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ეკონომიკის ზომითაც და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებითაც ყირგიზეთი საექსპორტო პარტნიორებში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, ამ სახელმწიფოში 1 ავტომობილის საექსპორტო ღირებულება მაინც 32 ათას დოლარს აღწევს.
გარკვეული მოცულობით ამა თუ იმ სახელმწიფოსთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა ან კლება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ზოგჯერ ზრდის/კლების ტემპი არაბუნებრივად გამოიყურება, რასაც როგორც წესი თავისი კონკრეტული მიზეზები გააჩნია. 1995-2021 წლებში ყაზახეთში ექსპორტზე სულ 225 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, ცალკე აღებულ 2025 წლის პირველ კვარტალში 299 მლნ-ს და ცალკე აღებულ მეორე კვარტალში 383 მლნ დოლარს მიაღწია.
„ფაქტ-მეტრი“ ვერ იტყვის მტკიცებით ფორმაში გადის, თუ - არა ავტომობილები ყირგიზეთიდან რუსეთში. რაოდენობა და ერთეულის ღირებულება ამ მოსაზრებას ამყარებს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მართლაც ასეა, საქართველო სანქციების დამრღვევი მაინც არ გამოდის, რადგან ყირგიზეთში ექსპორტი აკრძალული არ არის. ბოლო 1.5 წლის განმავლობაში რუსეთში სულ 250 ათასი დოლარის ღირებულები 12 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე.
საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს. მთლიანმა ავტოექსპორტმა 6 თვეში 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც 49 ათასი ერთეული რეექსპორტს წარმოადგენს. გაზრდილმა ავტოექსპორტმა მთლიან ექსპორტში რეექსპორტის წილი 54.4%-მდე გაზარდა.
საქართველოს ავტომობილები ძირითადად შეერთებული შტატებიდან შემოჰყავს და იანვარ-ივნისში ავტოიმპორტმა აშშ-დან 957 მლნ დოლარს მიაღწია, მეორე ადგილს 262 მლნ დოლარით გერმანია იკავებს და სამეულს 175 მლნ დოლარით იაპონია ასრულებს.
იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით - 7.7-დან 8.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა იმპორტიც. დაახლოებით ერთმილიარდიანი ზრდიდან ნახევარზე მეტი ერთჯერად ფაქტორებს, კერძოდ - ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტს უკავშირდება.
2013-2024 წლებში ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტმა ჯამში 9.2 მლნ დოლარი შეადგინა (7.8 მლნ-ის ნახატები და 1.4 მლნ-ის ქანდაკებები), 2025 წლის იანვარში, მხოლოდ 1 თვეში მათმა იმპორტმა 56-ჯერ მეტს - 514 მლნ დოლარს მიაღწია - 481 მლნ-ის ნახატები და 33 მლნ-ის ქანდაკებები.
რომან გოცირიძე მცირედით განსხვავებულ რიცხვებს ასახელებს, ნახატებს 400 მლნ და ქანდაკებებს 80 მლნ-ად აფასებს, რაც რეალობას არსებითად არ ცვლის - მის მიერ დასახელებული რიცხვებითაც და საქსტატის მონაცემებითაც ერთჯერადი ფაქტორები ჯამში 500 მლნ დოლარის ფარგლებშია. რომან გოცირიძე ასევე აცხადებს, რომ ექსპონატები ბიძინა ივანიშვილმა წლების წინ შემოიტანა და მხოლოდ ახლა განაბაჟა. „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ამ ნაწილის განხილვაში ვერ შევა და შესაბამისად, ამ ფაქტს ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.
იანვრის გარდა, იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ მარტში ფიქსირდება და ისიც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე (228-დან 316 მლნ-მდე) გაიზარდა.
პირველ კვარტალში იმპორტი 26.3%-ით გაიზარდა, ნახატებისა და ქანდაკებების გარეშე - 11.7%-ით, მეორე კვარტალში კი ზრდის ტემპი 0.8%-მდე შემცირდა, რაც უმნიშვნელო ზრდად, ან სულაც ზრდის ტემპის ფაქტობრივ განულებად შეიძლება შეფასდეს.
გრაფიკი 2: იმპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გავრცელებული მცდარი მოსაზრების საწინააღმდეგოდ, იმპორტის ზრდა ნეგატიურ მოვლენას არ წარმოადგენს და ხშირ შემთხვევაში, ის მოხმარების ზრდას ნიშნავს. მეტიც, საყურადღებო მომენტია, როცა იმპორტი არ იზრდება ან პირიქით მცირდება კიდეც. იმპორტის კლება, თუ ის იმპორტირებული პროდუქციის ფასის კლებით ან იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებით არაა გამოწვეული, შესაძლოა, მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის კლებით იყოს გამოწვეული.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ წლის პირველ ნახევარში ექსპორტი 400 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ამ 400 მლნ-დან 300 მლნ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდიოდა და მისმა წილმა მთლიან ექსპორტში 37.6%-ს მიაღწია. რაც შეეხება იმპორტს, მისი ზრდა დიდწილად ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული და მეორე კვარტალში მისი ზრდის ტემპი უმნიშვნელო დონემდე - 0.8%-მდე შემცირდა. ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.