გამოვიდა [ევროკავშირის] ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია

შალვა პაპუაშვილი: გამოვიდა [ევროკავშირის] ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებაში, თითქოს საქართველოს უვიზო რეჟიმი უკვე პირველი სექტემბრიდან შეუწყდება. პაპუაშვილმა ამის ალბათობა იქვე უარყო, ვინაიდან, მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საერთაშორისო სტრუქტურებში მსგავსი რაღაცები არ ხდება. 

„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.

2017 წლიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ევროკომისია აქვეყნებს ანგარიშს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. აღნიშნული ანგარიში გამომდინარეობს კომისიის ვალდებულებიდან, განახორციელოს მონიტორინგი მესამე ქვეყნების მიერ ვიზა-ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების უწყვეტ შესრულებაზე.

ევროკომისია ქვეყნების შეფასებას ოთხი ძირითადი მიმართულების (ბლოკის) მიხედვით ახდენს. ესენია:

დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიული პასპორტების ჩათვლით;

საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა;

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;

საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.

ევროკომისიის ბოლო, რიგით მეშვიდე ანგარიში, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით, 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა.

კომისიის შეფასება განსაკუთრებით კრიტიკული აღმოჩნდა საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმის მიმართ. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ „საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო კანონმდებლობა, რომლის გამოყენებაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს“. ანგარიშში მოყვანილია 2024 წლის მაისში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე 2024 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, და აღნიშნულია, რომ ეს კანონები „ძირს უთხრის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო ბაზას“ და „არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს“.

ამავე ანგარიშში მოცემულია რვა რეკომენდაცია, რომლებიც, მათ შორის, ზემოხსენებული კანონების გაუქმებასაც მოიცავს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ „საქართველომ უნდა მიიღოს მყისიერი ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება“.

2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა, სადაც ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია მოითხოვა. წერილში აღნიშნულია, რომ „მთავრობის მხრიდან უმოქმედობის საპასუხოდ, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა გადაწყვიტა ნაწილობრივ გაეწყვიტა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება ვიზა-ფასილიტაციის შესახებ და შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის. შესაბამისად, 12-მა წევრმა სახელმწიფომ უკვე შემოიღო სავიზო რეგულაციები საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის, რასაც სხვა ქვეყნებიც გააკეთებენ“.

ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას“ ასევე მოუწოდა, მიიღოს სათანადო ზომები გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, თუ ეს ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. წერილის თანახმად, კომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის კონტექსტში შეაფასებს და შეუსრულებლობის გაგრძელების შემთხვევაში, სავიზო რეგულაციების მე-8 მუხლის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება არ საჭიროებს ევროკავშირის სრული შემადგენლობის თანხმობას და ამისთვის მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის (ანუ 2/3-ის) მხარდაჭერაა საკმარისი.

წერილში ინფორმაციის მიწოდების ვადა განსაზღვრული არ არის, თუმცა ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიში შემოდგომაზე მზადდება, წერილში კი აღნიშნულია, რომ ვალდებულებების შესრულების პროცესის შესახებ სწორედ ამ ანგარიშის ფარგლებში იმსჯელებენ. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ ანგარიშის მომზადების დროს საქართველოს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაწყებული უნდა ჰქონდეს. დამატებით, 15 ივლისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ამისთვის „ქართულ ოცნებას“ დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს.

უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც გააკეთა, რომელიც ძირითადად „ქართული ოცნებისთვის“ გაგზავნილი წერილის შინაარს და კაია კალასის განცხადებას ეყრდნობა. კერძოდ, პაველ ჰერჩინსკიმ გაიმეორა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეაგირებისა და ზომების მისაღებად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს, და დააზუსტა, რომ ევროკომისიის მომდევნო ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომზადებისთვის ევროკომისიას გარკვეული დრო დასჭირდება. ელჩი არსად ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა შესაძლოა პირველივე სექტემბრიდან შეწყდეს, როგორც ამას შალვა პაპუაშვილი წარმოაჩენს. პირიქით, ჰერჩინსკის თქმით, „ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ზომების მიღება, მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შესახებ“. სწორედ ეს პოზიციაა ასახული ევროკომისიის წერილშიც.

შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ დამატებით დაუკავშირდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, რომელმაც დაადასტურა, რომ პაველ ჰერჩინსკის არსად უხსენებია, თითქოს 1 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუწყდებოდათ. აქედან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ელჩი ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე დეზინფორმაციას ავრცელებს, საფუძველს მოკლებულია და „ქართული ოცნების“ ანტი-დასავლური ნარატივის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.