პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პირველი წარდგენის შემდეგ შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 468 მლნ ლარით - 30.8 მლრდ-მდე, ხოლო გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 405 მლნ-ით - 30.9 მლრდ-მდე გაიზარდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა იზრდება თითქმის ყველა სამინისტროსა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსება. პრიორიტეტად კვლავ სოციალური მიმართულებები რჩება. საპენსიო უზრუნველყოფაზე 5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ბიუჯეტი მშპ-ს 5%-იან ზრდაზეა გათვლილი, ინფლაციის პროგნოზი 3.3%-ს შეადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი - 2.5%-ს და მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 33.5%-ს.
ხაზინის მთავარი შემავსებელი გადასახადებია. ამ ნაწილში მოსალოდნელი ზრდის ტემპი შედარებით დაბალია და 6%-ს შეადგენს. 2025 წლის ბიუჯეტში გადასახადების წილი 79.4%-ია, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი - 75.4%.
2025 წლის გეგმით, 3.4 მლრდ ლარის ვალის აღებაა გათვალისწინებული, 2026 წლის პროექტის მიხედვით კი 5.1 მლრდ-ის. 1.4-დან 2.9 მლრდ-მდე იზრდება ვალის დაფარვის მაჩვენებელიც. 5.1 მლრდ-დან 1.8 მლრდ საშინაო ვალია, 3.3 მლრდ - საგარეო ვალი. თავად საგარეო ვალში 1.9 მლრდ ჩვეულებრივი სესხია და 1.4 მლრდ ფასიანი ქაღალდები[1]. საშინაო ვალი მთლიანად ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იქნება აღებული.
ბიუჯეტის პირველ წარდგინებასთან შედარებით, საგარეო ვალის აღების გეგმა მცირედით შემცირებულია, ყველა სხვა ძირითად პუნქტში ზრდა ფიქსირდება.
ცხრილი 1: შემოსულობები და გადასახდელები სახელმწიფო ბიუჯეტში (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო ასაკრეფი გადასახადებისგან გეგმით 6%-ით მეტი თანხის მიღებას ელის. (პირველ წარდგინებასთან შედარებით გაზრდილია 170 მლნ ლარით).
ყველაზე მეტად - 11.6%-ით, საშემოსავლო გადასახადიდან ამოსაღები თანხის მოცულობა იზრდება, დღგ - 7.5%-ით. აქციზის შემთხვევაში დაგეგმილი ზრდის ტემპი ინფლაციის მოსალოდნელ ტემპზე ნაკლებია. იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მოცულობა უცვლელად ნარჩუნდება, თუმცა მისი წილი გადასახადების ნაწილში 1%-ზე ნაკლებია და მთლიან ბიუჯეტზე არსებით გავლენას ვერ ახდენს. სხვა გადასახადებიდან მისაღები თანხების მოცულობა მკვეთრად, სამჯერ მცირდება. აღნიშნული ცალკე დამოუკიდებელი გადასახადის კატეგორიას არ განეკუთვნება და მიღებული თანხები შემდეგ, როგორც წესი, დანარჩენ გადასახადებზე ნაწილდება ხოლმე.
ცხრილი 2: საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახადები (მლნ ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შემოსულობების მსგავსად, გადასახდელებშიც თითქმის ყველა მხარჯავი უწყების დაფინანსება იზრდება, როგორც 2025 წელთან, აგრეთვე 2026 წლის ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით.
ყველაზე დიდ მხარჯავ უწყებად კვლავ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვლის სამინისტრო რჩება. მისი ბიუჯეტი 9.6%-ით - 9.7 მლრდ ლარამდე იზრდება. აღნიშნული სამინისტროს დაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის 31%-ზე მეტია.
საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2025 წელთან შედარებით 517 მლნ-ით მეტი, 5 მლრდ ლარი დაიხარჯება. 70 წლამდე პირების პენსია 20 ლარით (370 ლარამდე), ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების პენსია 45 ლარით (495 ლარამდე) იზრდება.
პენსიების ზრდას „საქართველოს კანონი პენსიების შესახებ“ არეგულირებს. რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით.
ნომინალური პენსიის თანხობრივი ზრდის გარდა, მთლიან საპენსიო ხარჯზე გავლენას პენსიონერთა რაოდენობის ზრდაც ახდენს. 2012 წლის დეკემბერში პენსიონერთა რაოდენობა 683 ათას შეადგენდა, 2024 წლის დეკემბერში 864 ათასს და 2025 წლის ნოემბერში 887 ათასს. მხოლოდ პენსიებიც გაცემაზე, 2026 წელს დაიხარჯება იმაზე მეტი თანხა, ვიდრე განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებზე ერთად.
მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი სახსრები 1.6 მლრდ-ზე ნარჩუნდება. პენსიის ზრდასთან ერთად ავტომატურად გაიზრდება 20%-იანი საპენსიო დანამატები მაღალმთიან რეგიონებში, იზრდება აგრეთვე შშმ პირების სოციალური გასაცემელები, პარალელურად, დაგეგმილია სოცდახმარებების პროგრამის გადახედვაც. სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აპრილში სრულდება და ის აღარ გაგრძელდება.
მეორე ყველაზე დიდი მხარჯავი უწყება 3.1 მლრდ-ით ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება, საიდანაც 1.5 მლრდ ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, მათ შორის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას - 755 მლნ ლარი. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 238 მლნ ლარი, წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 305 მლნ ლარი.
მესამე ადგილზე 2.7 მლრდ ლარიანი დაფინანსებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა. მისთვის გამოყოფილი ასიგნებები 2025 წელთან შედარებით 383 მლნ ლარითაა შემცირებული. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება 1.6-დან 1.7 მლრდ ლარამდე იზრდება. საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის დაფინანსება, რომელზეც 2025 წელს 70 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, უქმდება. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა მკვეთრად, 538-დან 90 მლნ ლარამდე მცირდება.
160 მლნ ლარით - 1.9 მლრდ-მდე იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც. გაზრდილი ხარჯები ძირითადად ხელფასებსა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. თუ 2025 წელს შრომის ანაზღაურებაზე 832 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2026 წელს 920 მლმ ლარი დაიხარჯება, თავდაცვის შესაძლებლობის განვითარებისთვის კი დაფინანსება მხოლოდ 5 მლნ ლარით - 330-დან 335 მლნ ლარამდე გაიზრდება. საქართველო რეგიონში თავდაცვაზე ყველაზე ნაკლებს ხარჯავს, როგორც თანხობრივად, ასევე მშპ-სთან მიმართებით.
10.9%-იანი ზრდის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბებს, საიდანაც თითქმის 1.1 მლრდ შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.
ცხრილი 3: სამინისტროებისთვის გამოყოფილი ასიგნებები (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ყველა სამინისტროზე ერთად 22.3 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც 2025 წელთან შედარებით 978 მლნ ლარით, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტი პირვანდელ ვარიანტთან შედარებით 160 მლნ-ით მეტია.
სხვა მხარჯავი უწყებებიდან დაფინანსება 51%-ით - 252-დან 380 მლნ-მდე გაეზარდა სუს-ს. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პირველ წარდგენაში სუს-ის დაფინანსება 265 მლნ ლარით იყო განსაზღვრული. მსხვილი მხარჯავი ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტად ცესკო-ს დაფინანსება მცირდება, რაც არასაარჩევნო წლით აიხსნება.
ცხრილი 4: სხვა მხარჯავი უწყებებისთვის და პროგრამებისთვის გამოყოფილი ასიგნებები (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა კანონმდებლობა მასში კორექტივების შეტანის შესაძლებლობას იძლევა. თუ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდება, ბიუჯეტი, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუ უფრო დაბალი - შემცირდება. დასაშვებია ცალკეული უწყებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ცვლილებაც.